(რეზონანსი) თელავის მუნიციპალიტეტში ნაპოვნი დაზიანებული შვლის მდგომარეობა ისევ კრიტიკულად მძიმეა.ვეტერინარების ინფორმაციით, ცხოველს მოტეხილ კიდურებზე განგრენა განუვითარდა. შველი ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ, სოფელ მაღრაანში რჩება და ყველა საჭირო პროცედურა ადგილზე უტარდება. ამ ეტაპზე მისი გადაყვანა არ იგეგმება, რადგან ტრანსპორტირებამ შესაძლოა ცხოველის დაღუპვა გამოიწვიოს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი კახეთში, თელავის სოფელ ლალისყურთან ნაპოვნ დაზიანებულ შველთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
„შველს აღენიშნებოდა სამი კიდურის ღია მოტეხილობა, რომელიც, სავარაუდოდ, ავტო-საგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო.ვეტერინართა კონსულტაციით, გადაწყდა, რომ შველი დროებით, დარჩეს ადგილზე, ტრანსპორტირებით გამოწვეული შესაძლო გართულებების გამო. ამ დროისთვის, ცხოველი იმყოფება ვეტერინარების მეთვალყურეობის ქვეშ. მისი მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა" , - ნათქვამია განცხადებაში.
ავტოსაგზაო შემთხვევის, ასევე გარეული ცხოველის დაზიანების ფაქტზე, საქმის შესწავლა მიმდინარეობს.