გვანცა ღვედაშვილი
16.08.2017

  

25 სექტემბერს, ქუთაისში კინოთეატრ "საქართველოს" გახსნაა დაგეგმილი. კინოთეატრის გახსნის ცერემონალიაში მონაწილეობა კი, შესაძლოა, რუსეთში მოღვაწე ქართველმა ბიზნესმენებმა, ასევე მომღერალმა თამარ გვერდწითელმა და რუსეთში მოღვაწე ეროვნებით ქართველმა მომღერალმა გრიგოლ ლეპსმა მიიღონ. აღნიშნულ ინფორმაციას ინტერნეტგამოცემა "ნიუპრესი" ავრცელებს. აქვე სააგენტო აღნიშნავს, რომ კინოთეატრ “საქართველოს” მფლობელი ბიზნესმენი თენგიზ აბესაძეა.

გრიგოლ ლეპსისა და გვერდწითელის კინოთეატრის გახსნის ცერემონიაში მონაწილეობა გააპროტესტეს არასამთავრობო ორგანიზაცია "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმომადგენლებმა. მათი თქმით, მიუღებელია საქართველოში იმ მომღერლების ჩამოყვანა, რომლებასაც რუსული ჰიმნი აქვთ შესრულებული. 

"ჩვენთვის მიუღებელია იმ მომღერლების აქ ჩამოსვლა, რომლებიც რუსულ ჰიმნს ასრულებენ და პუტინს უმღერიან. არსებობს ვიდეო კადრები, სადაც თამარ გვედწითელი და გრიგოლ ლეპსი ასრულებენ რუსეთის ჰიმნს. სანამ ტერიტორიული მთლიანობა არ არის აღდგენილი და რუსეთი ყოველდღიურად ახორციელებს მცოცავ ოკუპაციას, დაუშვებელია ასეთი ღონისძიების გამართვა, მით უფრო 25 სექტემბერს, როდესაც 27 სექტემბერს სოხუმის დაცემის დღეა"- აცხადებს "ევროპა ჩვენი სახლიას" წარმოამდგენელი გია გოქაძე.

არასამთავრობო ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლების მხარდაჭერის გარეშე მსგავსი ტიპის ღონისძიება ვერ დაიგეგმებოდა. გია გოქაძის თქმით, საქმის კურსში არიან როგორც ქალაქის მერი შოთა მურღულია, ასევე მხარის გუბერნატორი გივი ჭიჭინაძე. მისივე თქმით, ქუთაისი "რუსული კულტურის შემოტევის" სამიზნე მას შემდეგ გახდა, რაც ბოლო კვლევამ აჩვენა, რომ ქალაქში, ნატოსა და ევროკავშირში გაწევრიანების მომხრეთა ყველაზე დიდი მაჩვენებელი დაფიქსირდა.

არასამთავრობო ორგანიზაციის პროტესტს კინოთეატრ "საქართველოს" აღმასრულებელი დირექტორი ზვიად ნიშნიანიძე პასუხობს. ის ორგანიზაციას მოუწოდებს, ლეპსის კონცერტი ჯერ "ბლექ სი არენასთან" გააპროტესტოს. ნიშნიანიძე არ ადასტურებს, რომ კონოთეატრის გახსნაზე ლეპსი იმღერებს:

“ჩვენ არ ვადასტურებთ, რომ "კინო საქართველოს" გახსნაზე ნამდვილად იქნებიან ეს მომღერლები, ამ ეტაპზე არ არის გარკვეული, გახსნის ცერემონიალი გაიმართება თუ არა, ან ვინ მიიღებს მასში მონაწილეობას, მიმდინარეობს მოლაპარაკებები... მივმართავთ "ევროპა ჩვენი სახლიას", რადგან მათ იკისრეს ცენზორის ფუნქცია, მოგვაწოდონ იმ არტისტების სია, რომელთა ჩამოყვანა შეგვიძლია. გასულ წლებში "მეტალიკა" და "რამშტეინი" რასიზმში დაადანაშაულეს და მათთან რომ მოლაპარაკების წარმოება დავიწყოთ, ჩამოყვანის დროს პრობლემები ხომ არ შეგვექმნება?” - აცხადებს ნიშნიანიძე.

აღნიშნულ საკითხზე კომენტარი გააკეთა იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა გივი ჭიჭინაძემ, რომლის განცხადებითაც. ის ამ საკითხში ჩართული არ არის, თუმცა ამბობს, რომ რუს მოღვაწეებთან ყველას აქვს ურთიერთობა და ამ საკითხის პოლიტიზირება სწორი არ არის.

"მე საერთოდ არ ვიცი, ვინ ჩამოდის, ეს არის კერძო ბიზნესი და ამას უფრო ქალაქის ხელმძღვანელობასთან აქვს ურთიერთობა, მე, საერთოდ, არ ვარ ჩართული ამ საკითხებში. რუსეთთან და რუს მოღვაწეებთან ყველას აქვს ურთიერთობა, ეს ხელოვნება და არა მგონია, სწორი იყოს ამის პოლიტიზირება. აგერ, ანიტა რაჭველიშვილმა პარიზში იმღერა გერგიევის დირიჟორობით, რომელიც პუტინის მეგობარია და ცხინვალში აქვს გამართული კონცერი, (თუმცა, ხატია ბუნიათიშვილმა არ დაუკრა გერგიევის დირიჟორობით) რაც თამარ გვერდწითელს ღვაწლი აქვს, ერთი ხელის მოსმით ხომ არ შეიძლება დავივიწყოთ, უხერხულია. პაატა ბურჭულაძეს, რაც მოსკოვში უმღერია და რუსულ ბანად არის აღიარებული, ბუბა კიკაბიძეს, ან უამრავ სხვა ქართველს შეიძლება ხაზი გადავუსვათ?" - აცხადებს იმერეთის გუბერნატორი.

 

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×