ქვემო ფონიჭალაში კიდევ ერთი სპეცოპერაცია ჩატარდა. შსს-ს განცხადებით, დაკავებულია ნარკორეალიზატორი.
დაკავებული ფაილ ჰუსეინოვი სახლიდან შეძახილებით: „ნარკოტიკები ჩამიდეს" გამოიყვანეს. იგი დროებითი მოთავსების იზოლატორშია გადაყვანილი.
პოლიციის მხრიდან ნარკოტიკის ჩადებაზე საუბრობს ფაილ ჰუსეინოვის მეუღლეც, რომელიც ჩხრეკისას სახლში იმყოფებოდა.
ჰუსეინოვის მეუღლის ინფორმაციით, მან დაინახა, როგორ ჩაუდეს მის მეუღლეს ნარკოტიკი. მისივე თქმით, პოლიციამ სახლში ყოფნისას ყველაფერი გაჩხრიკა და როდესაც ვერაფერი იპოვეს, მერე ჩაუდეს ნარკოტიკი.
შეგახსენებთ, რომ ფონიჭალაში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ჩატარებული სპეცოპერაციების შედეგად, პოლიციამ ნარკორეალიზაციის ბრალდებით სულ 5 ადამიანი დააკავა. სამართალდამცველებმა ასევე ერთი სპეცოპერაცია თბილისის გასასვლელში ჩაატარეს, რომლის დროსაც ნარკოტიკების რეალიზაციის ბრალდებით ერთი პირი აიყვანეს.