პეკინის ქუჩის გაცალმხრივებას დედაქალაქის მოსახლეობის უმრავლესობა მხარს უჭერს, - ამის შესახებ თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსმა განაცხადა.
გივი კუბლაშვილის ინფორმაციით, თბილისის მერიამ ამ საკითხზე მოქალაქეების გამოკითხვა დაასრულა და კონკრეტული შედეგები უახლოეს მომავალში გახდება ცნობილი.
მისივე თქმით, საბოლოო ჯამში, ქუჩის გაცალმხრივების თაობაზე შესაბამისი სამსახურები გადაწყვეტილებას ერთობლივად მიიღებენ.
’’მოქალაქეების გამოკითხვა, სურთ თუ არა მათ პეკინის ქუჩის გაცალმხრივება, დასრულდა. შედეგებს კი მალე წარმოგიდგენთ. ჩემი ინფორმაციით, თბილისის მოსახლეობის უმეტესობას სურს, რომ პეკინის ქუჩაზე მოძრაობა ცალმხრივი იყოს. თუმცა საბოლოოდ, გადაწყვეტილებას, გაცალმხრივდება თუ არა პეკინის ქუჩა, ერთიანად მივიღებთ მერია, საპატრულო პოლიცია, ტრანსპორტის სამსახური“, - განაცხადა გივი კუბლაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ პეკინის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის 16 ივნისს დაიწყო და თბილისის მერიის ინფორმაციით, სექტემბერში დასრულდება. ამ პერიოდში პეკინის ქუჩაზე და მის მიმდებარედ, საცობების რაოდენობა და ინტენსივობა მნიშვნელოვნად შემცირდა.