"ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძის გათავისუფლებასთან დაკავშირებით გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, მით უმეტეს, აბსურდულია გიორგი ჩოგოვაძის ჯემ-ფესტის მიმდინარეობისას გამოვლენილ ხარვეზებთან დაკავშირება," - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
შეგახსენებთ, რომ ანაკლიაში ჩატარებული ჯემ-ფესტი ერთი თვის განმავლობაში გრძელდებოდა, სადაც არაერთი ინციდენტი მოხდა, რომლებიც ძირითადად ნარკოტიკებს ეხებოდა. ფესტივალის დროს დაიღუპა 22 წლის გოგონა, გარდაცვალების მიზეზი კი ინტოქსიკაციაა, რაც, სავარაუდოდ, გაურკვეველი სახეობის ნარკოტიკს უნდა გამოეწვია. მსგავსი მიზეზით ფესტივალიდან საავადმყოფოში 15-ზე მეტი ახალგაზრდა მოხვდა. ამის შემდეგაც ფესტივალზე კონტროლი გამკაცრდა და სამართალდამცავებმა ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაახლოებით 6 ადამიანი დააკავეს.
აღნიშნულ მოვლენებზე პასუხს საზოგადოება როგორც ჯემ-ფესტის ორგანიზატორს, ისე ხელისუფლებას სთხოვდა. ფესტივალის ორგანიზატორი გიორგი სიგუა პასუხისმგებლობას არ იღებდა და აცხადებდა, რომ ამაზე სწორედ ის პირები არიან პასუხისმგებელნი, ვისაც ნარკოტიკი შემოაქვს და იღებს.
სწორედ ჯემ-ფესტზე განვითარებულ მოვლენებს უკავშირებდა მედია გავრცელებულ ინფორმაციას, რომ შესაძლოა, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელ გიორგი ჩოგოვაძეს თანამდებობა დაეტოვებინა, რაც შემდგომ ეკონომიკის სამინისტრომ უარყო.
როგორც სამინისტროს განცხადებაშია აღნიშნული, ფესტივალს ჰყავს თავისი პასუხისმგებელი პირები და მათ შორის გიორგი ჩოგოვაძე ნამდვილად არ არის.
არის თუ არა მთავრობა პასუხისმგებელი ჯემ-ფესტის მოვლენებზე? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების ცნობილ წარმომადგენლებს მიმართა.
ამირან სალუქვაძე(ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში): მთავრობა ყველაფერზეა პასუხისმგებელი, რაც ქვეყანაში ხდება. თუმცა თუ არ მივეჩვიეთ კონკრეტული პასუხისმგებელი პირების და მიზეზების გამოკვეთას, სისტემურად ვერაფერს მოვაგვარებთ. ფესტივალზე პასუხისმგებლობა რომელ ორგანიზაციებს, სტრუქტურებს თუ პირებს ეკისრებათ, შესაბამისად, ბრალეულობაც ამის მიხედვით უნდა გამოიკვეთოს.
ირმა სოხაძე (მომღერალი): რამდენადაც საქმის კურსში ვარ, რასაკვირველია, როცა ბიუჯეტიდან მილიონ ცხრაასი ათასით ფინანსდება ღონისძიება, იქ ალბათ რაღაც პასუხისმგებლობა დგება. არ ვიცი, კონკრეტულად ვისი, თუმცა ალბათ უფრო მეტი ყურადღება უნდა იყოს კულტურის პოლიტიკის დაფინანსებაზე - ძალიან კარგ პროექტებზე, რასაც ძალიან მცირე თანხა სჭირდება. არაფერს აფინანსებენ ქართულს. ვგულისხმობ ესტრადას, თორემ იციან, რომ ფოლკლორი კარგია და უნდა დაფინანსდეს.
უცებ ამხელა თანხის გაცემა ისეთ ღონისძიებაზე, რომელმაც თავისი ხარჯებიც ვერ ამოიღო... არ ვიცი, ფული ვის მისცეს, ვის არ მისცეს, ეს ჩემი საქმე არ არის, მაგრამ ძალიან მწყდება გული, რომ არ ფინანსდება ბევრი მნიშვნელოვანი ღონისძიება და ფინანსდება ის, რაც ფინანსდება.
გივი სიხარულიძე (პოეტი, მსახიობი): რა თქმა უნდა, არის და გეტყვით, რატომაც. შენს ქვეყანაში უნდა იცოდე, რა ხდება. ყველამ იცოდა, რომ ეს იყო მორფინისტების ბუდე, ყველამ იცოდა, რომ ეს უმსგავსობის ბუდე იყო, ამიტომ ან ძალიან ბევრი სახელმწიფო თანამშრომელი უნდა ყოფილიყო ან უნდა აღეკვეთათ ეს ყველაფერი.
ნუცა ჯანელიძე (მუსიკოსი): ნაწილობრივ, მგონი, არის - დამფინანსებლის მაინც. თუმცა თავად ფესტივალის ორგანიზატორების წილი უფრო მაღალია. ნარკოტიკების ამბებმა ცოტა გამაღიზიანა, ამდენი თავისუფლებით შეიძლება დაიხრჩოს ადამიანი.
თედო დონდუა (ისტორიკოსი)
გარკვეულწილად ალბათ არის, აბა, საიდან გაჩნდა ეს ნარკოტიკები?! ხომ არსებობს საბაჟო, პოლიცია?! რა თქმა უნდა, პასუხისმგებელია, თუმცა რომ არა ის ადამიანები, რომლებიც რბილი ნარკოტიკების ლეგალიზაციას მოითხოვენ, ამბობენ, რომ იყოს ასეთი ნარკოტიკი ოფიციალურად გასაყიდად, მსგავსი ნაგავი აღარ შემოვიდოდა. მაგრამ ეს კიდევ სხვა საკითხია. როცა ასეთი რაღაც შემოდის, არსებობს საბაჟო და პოლიცია და ხომ უნდა ამოიღონ, არა?! აბა, საიდან გაჩნდა ეს ყველაფერი ფესტივალზე?!
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე