რეზონანსი
17.08.2017

 (რეზონანსი) სამოქალაქო აქტივისტი თამარ მეარაყიშვილი ე.წ. სამხრეთ ოსეთის პროკურატურამ რამდენიმე საათიანი დაკითხვის შემდეგ გაათავისუფლა.მეარაყიშვილი ხვალ, 9:30 საათზე ცხინვალის პროკურატურაში დაკითხვაზე უნდა გამოცხადდეს. დე ფაქტო ხელისუფლების ე.წ. ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა აქტივისტის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს. მეარაყიშვილის ნათესავების განცხადებით, ძალოვნები „ექსტრემისტულ ლიტერატურას" ეძებდნენ.

ახალგორის რაიონში მცხოვრები სამოქალაქო აქტივისტი და „ნეტგაზეთის" უშტატო ჟურნალისტი თამარ მეარაყიშვილი, ახალგორიდან სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის სამართალდამცველებმა 16 აგვისტოს დააკავეს.

მეარაყიშვილი სპარტაკ დრიაევის საქმესთან დაკავშირებით დაკითხეს. დრიაევი დე ფაქტო პრეზიდენტის, ბიბილოვის პარტიის წევრია და ახლახან სატყეო სამმართველოს უფროსის პოსტზე დაინიშნა. სპარტაკ დრიაევი 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ, ქართული მხარის მიერ მძიმე ბრალდებით იყო დაკავებული. 2011 წელს კი თბილისსა და დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის ე.წ. ხელისუფლებას შორის მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, 7-7 პატიმრის გათავისუფლების დროს ცხინვალს გადასცეს.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატში აცხადებენ, რომ თამარ მეარაყიშვილის უკანონო დაკავების შესახებ ინფორმირებული არიან ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და სხვა პარტნიორები.

ახალგორში თამარ მეარაყიშვილის დაკავების ფაქტს განცხადებით გამოეხმაურა სახალხო დამცველი. უჩა ნანუაშვილის შეფასებით, ეს არის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთა, ადგილობრივ სამოქალაქო აქტივისტზე ზეწოლა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა. სახალხო დამცველის აზრით, დაკავება ასევე უნდა შეფასდეს, როგორც მისი იძულება სამუდამოდ დატოვოს ახალგორი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×