რეზონანსი
17.08.2017

 (რეზონანსი) საქართველოს მესამე პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი, პოლონეთიდან უკრაინაში ჩასვლას 10 სექტემბერს გეგმავს. ამის შესახებ სააკაშვილმა სოციალურ ქსელში განაცხადა. უკრაინაში დაბრუნების შემდეგ ის მოქალაქეობის უფლების დაცვას სასამართლოს გზით აპირებს.

„მე არ ვარ პოროშენკო და არ ვარღვევ კონსტიტუციას. ახლა პოლონეთში ვარ და შეხედეთ სად არის ახლა პოლონეთი და სად უკრაინა. ეს კი მხოლოდ იმიტომ, რომ ორი დიდი განსხვავებაა - არ არის კორუფცია და არ არის ოლიგარქია. ისე, რომ მე ჩამოვალ პოლონეთიდან და ჩამოგიტანთ პოლონეთის გამოცდილებას. ჩვენ არ გვექნება კორუფცია და გვექნება წესრიგი.მოდით შევხვდეთ 10 სექტემბერს გამშვებ პუნქტ კრაკოვეცთან" , -განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ოდესის ყოფილი გუბერნატორი კიევში ჩასვლის თარიღს ასახელებს. გასულ თვეში სააკაშვილი ჯერ აცხადებდა, რომ ამერიკიდან კიევში 28 ივლისს დაბრუნდებოდა, თუმცა იმავე დღეს გადაიფიქრა და განაცხადა, რომ ამას პირველი შესაძლებლობისთანავე გააკეთებდა.

27 ივლისს უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა ვლადიმირ არიევმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სააკაშვილის განცხადების ფოტო, სადაც საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამბობს,რომ უცხო ქვეყნის ტერიტორიაზე მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღძრული არ არის და გამოძიება არ მიმდინარეობს.

ერთი დღით ადრე უკრაინის პრეზიდენტმა სააკაშვილისთვის მოქალაქეობის ჩამორთმევის შესახებ განკარგულება გამოსცა და ამის მიზეზად ოფიციალურ დოკუმენტებში ყალბი ინფორმაციის მიწოდება დასახელდა.

მიხეილ სააკაშვილმა უკრაინის მოქალაქეობა 2015 წლის 29 მაისს, უკრაინის პრეზიდენტის ბრძანების შემდეგ მიიღო, რის გამოც რამდენიმე თვეში დაკარგა საქართველოს მოქალაქეობა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×