(რეზონანსი) „რუსეთს შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნების დროს, „დემოკრატიული პარტიის" კიბერთავდასხმასთან კავშირი არ აქვს", - ამის შესახებ „ვიკილიქსის" დამფუძნებელმა ჯულიან ასანჟმა ამერიკელ კონგრესმენს, დანა რორაბაჰერს განუცხადა.
კონგრესმენის თქმით, შეხვედრაზე, რომელიც ასანჟთან ეკვადორის საელჩოში შედგა, მრავალი საკითხი განიხილეს, მათ შორის ჰაკერული თავდასხმის შემთხვევაც.
კონგრესმენი აღნიშნავს, რომ ჯულიან ასანჟი მზადყოფნას გამოთქვამს დიალოგისთვის, რათა უფრო ვრცლად ისაუბროს ამ საკითხზე.
„ვიკილიქსის" დამფუძნებელი უკვე 5 წელზე მეტია ლონდონში ეკვადორის საელჩოს აფარებს თავს. მას შეერთებული შტატების ხელისუფლება საიდუმლო დოკუმენტაციის გასაჯაროების ბრალდებით დევნის.