(რეზონანსი) თბილისის რიგით 23-ე მეტროსადგური „უნივერსიტეტი" სატესტო რეჟიმში მუშაობს. მუნიციპალური განვითარების ფონდში აცხადებენ,რომ ახალ სადგურში სატესტო რეჟიმი ივლისის ბოლოდან დაიწყო და სექტემბრის დასაწყისამდე გაგრძელდება.
მუნიციპალური განვითარების ფონდის ინფორმაციით, ჯერჯერობით არანაირი დარღვევა არ დაფიქსირებულა და თუ პროცესი გეგმის მიხედვით წავიდა, ახალი მეტროსადგური 15 სექტემბერს გაიხსნება. საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდმა, მეტროსადგურ „უნივერსიტეტის" მშენებლობა, აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, 2015 წლის მაისში დაიწყო.
პროექტის ღირებულება 83 000670 ლარია და იგი არსებული, დაკონსერვებული გვირაბების სრულ რეაბილიტაციას ითვალისწინებს. თბილისის მეტროპოლიტენის 23-ე მეტროსადგურის მშენებლობა 20 წელი დაკონსერვებული იყო.
„ახალი მეტროსადგური განტვირთავს მიწისზედა სატრანსპორტო ნაკადებს და მაქსიმალურად შეამცირებს არსებულ საცობებს საბურთალოს რაიონში, სადაც ყოველდღიურად, საშუალოდ 220 000 ადამიანი სარგებლობს მუნიციპალური ტრანსპორტით" , - აცხადებენ მუნიციპალური განვითარების ფონდში.