ელექტროენერგიის ტარიფი, შესაძლოა, გაიზარდოს. მიუხედავად იმისა, რომ სემეკმა ტარიფი სულ ახლახან დააკორექტირა და რამდენიმე პუნქტით გადასახადი გაძვირდა, ეს საკითხი დღის წესრიგში მაინც დგას. ენერგეტიკოსების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ საფუძველი არ არსებობს, ელექტროენერგიის გაძვირებას არ გამორიცხავს. ზოგიერთი ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს. სხვები კი აცხადებს, რომ დღესდღეობით ტარიფის გაძვირებაზე საუბარი რეალობას მოკლებულია.
როგორც გუშინ გახდა ცნობილი, ენერგეტიკის მინისტრი ილია ელოშვილი ელექტროენერგიის ტარიფის მატებას არ გამორიცხავს. მინისტრის განცხადებით, საკითხს საბოლოოდ სემეკი გადაწყვეტს, თუმცა ტარიფის ცვლილება დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე - მათ შორის, ლარის კურსზე და განხორციელებულ ინვესტიციებზე.
"მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტს და დაადგენს მეთოდოლოგიის მიხედვით საბოლოო ტარიფს. როცა ხდება გადახედვა, შესაძლებელია, შემცირდეს, შესაძლებელია, გაიზარდოს. ეს არის ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული - მათ შორის, განხორციელებულ ინვესტიციებზე, ლარის კურსზე და სხვადასხვა ფაქტორზე, რომელიც არის დასათვლელი და შესაფასებელი", - განაცხადა ილია ელოშვილმა.
აშკარაა, რომ ელექტროენერგიის გაძვირების საკითხს მთავრობა პრინციპულად არ ეშვება.
ცნობილია, რომ "თელასმა" ელექტროენერგიის განაწილების, გატარების და მოხმარების ტარიფების დადგენის მიზნით სემეკს გეგმური სატარიფო განაცხადით მიმართა. კომპანია "თელასის" სატარიფო განაცხადზე საჯარო ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია 18 აგვისტოს დაგეგმილ სხდომაზე იმსჯელებს. გარდა "თელასისა", კომისიას ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით - შპს "გარდაბნის თბოსადგურმა", ელექტროენერგიის გადაცემის და დისპეტჩერიზაციის ტარიფების დადგენის მიზნით - "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემამ", ელექტროენერგიის გადაცემის ტარიფის დადგენის მიზნით - "საქრუსენერგომ" და ელექტროენერგიის წარმოების ტარიფის დადგენის მიზნით "ვარდნილჰესების კასკადმა" მიმართეს.
როგორც სემეკში განმარტავენ, საუბარია ტარიფების ყოველწლიურ გეგმურ გადახედვაზე.
"მას შემდეგ, რაც გაიზარდა გაზის გადასახადი, მოსალოდნელია ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდა", - აცხადებს ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე. მისი თქმით, ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს, დიდი ხანია, გადაწყვეტილი აქვს. იმ დროს, როდესაც ტარიფის გაძვირების არავითარი საფუძველი არ არსებობს, მათი გადაწყვეტილება პოლიტიკურ სარჩულს ატარებს და ამაში სემეკი ყველაზე ნაკლებად მონაწილეობს.
"ენერგეტიკის მინისტრს ვერ დავეთანხმები. მისი გამოსვლა ყოველთვის იწყება იმით, რომ მოსალოდნელია ტარიფის გაზრდა, რაც ნიშნავს, რომ აუცილებლად გაიზრდება. დიდი ხანია, ამ პროგნოზს გამოვთქვამ, ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა გონივრული ეჭვი, როდესაც გაიზარდა გაზის ტარიფი. ეს არის გადაწყვეტილება, რომელიც ენერგეტიკის სამინისტროს, დიდი ხანია, გადაწყვეტილი აქვს. ეს არ არის სემეკის პრეროგატივა, ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ამ გადაწყვეტილების სარჩული პოლიტიკურია. თუ გადავავლებთ თვალს მინისტრის გამოსვლებს, ხდება ტარიფის გაზრდის ლობირება მაშინ, როდესაც ამის არავითარი საფუძველი არ არსებობს", - განუცხადა "რეზონანსს" ჭიჭინაძემ.
ელექტროენერგიის გაძვირების საფუძველს ვერ ხედავს ენერგეტიკოსი გია არაბიძე. ის ტარიფის გაძვირებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ელექტროენერგიის გაძვირების მიზეზად ლარის კურსის დასახელება საკმაოდ სუსტი არგუმენტია.
"დღეს ისეთ მიზეზს ვერ ვხედავ, რომ ელექტროენერგიის ტარიფის მომატებაზე საუბარიც კი მივიჩნიოთ გამართლებულად. ყოველ შემთხვევაში, ზედაპირულად ეს არ ჩანს, როგორც გაზის შემთხვევაში იყო. ელექტროენერგიის გაძვირების ერთ-ერთ წინაპირობად ლარის კურსი სახელდება, რაც ჩემთვის წარმოუდგენელია. იმ დროს, როდესაც ლარი მეტ-ნაკლებად სტაბილურდება, არ შეიძლება, ეს პროცესი დენის ტარიფის ზრდას დავუკავშიროთ. რაც შეეხება განხორციელებულ ინვესტიციებს, აქ შეიძლება დაფიქრება. "ენერგო პრო ჯორჯიას" შემთხვევაში მან კახეთის ენერგოკომპანია შეიერთა და შეიძლება ეს ინვესტიცია გამოიყენოს მაგალითად. თუმცა "თელასის" შემთხვევაში მე არ მაქვს ინფორმაცია, რა ინვესტიციები ჩადო ისეთი, რომ ტარიფის გაზრდა გარდაუვალი გახდეს", - განუცხადა "რეზონანსს" არაბიძემ.