საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნებას აპირებს. ამასთან დაკავშირებით მან თავის ოფიციალურ "ფეისბუქ" გვერდზე ვიდეომიმართვაც გამოაქვეყნა, სადაც აღნიშნავს, რომ იგი თავისი პასპორტის დაბრუნებას მხოლოდ ლეგალური, სასამართლოს გზით აპირებს. მიხეილ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ მას გვერდით უკრაინის მოქალაქეები დაუდგებიან.
"მოდით, 10 სექტემბერს უკრაინის გამშვებ პუნქტზე შევხვდეთ. ვემზადები, ძალით ვარ აღვსილი და ვიცი, რასაც ვიზამ დაბრუნებისას. ზუსტად ვიცი, როგორ ვიმოქმედო სწრაფად, ზუსტად. ვიცი, როგორ შევცვალო სწრაფად სიტუაცია, მაგრამ უკრაინის მიწაზე ფეხის დადგმის პირველივე წუთიდან თქვენი დახმარება დამჭირდება, ძალიან მიყვარხართ, ძალიან მენატრებით და დიდი იმედი მაქვს, რომ ყველაფერი გამოგვივა", - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.
ამის პარალელურად, როგორც საქართველოს გენერალურ პროკურატურაში აცხადებენ, უკრაინულ მხარეს სააკაშვილის ექსტრადირების მოთხოვნა უკვე გაეგზავნა. მათივე განმარტებით, აღნიშნულ საკითხზე უწყება სხვა ქვეყნის ძალოვან უწყებებთანაც თანამშრომლობს.
თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ, იურისტების შეფასებით, სააკაშვილის ექსტრადირება უპერსპექტივოა, რადგან მას წინ მრავალი სამართლებრივი პროცედურა უძღვის.
რამდენად რეალურად მიგაჩნიათ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): "დარწმუნებული ვარ, რომ ამას არ გააკეთებს უკრაინის მთავრობა, რადგან მან საქართველოს ერთხელ უკვე უთხრა უარი სააკაშვილის ექსტრადირებაზე. ვფიქრობ, ახლაც იგივე მოხდება და მსგავს მოთხოვნაზე საქართველოს მთავრობა არა მარტო უკრაინიდან, არამედ ნებისმიერი ცივილიზებული ქვეყნიდან მიიღებს უარს."
თემურ ნანეიშვილი (ფიზიოლოგი): "არ მგონია, რომ ეს რეალური იყოს, მაგრამ სააკაშვილის ექსტრადირების ვერავითარ საჭიროებას მე ვერ ვხედავ. იმიტომ, რომ ეს საქართველოს არეულობის მეტს არაფერს მოუტანს. ეს კაცი გაბონებული პოლიტიკოსია უკვე და საკმარისია, რაც საკუთარ თავს დამართა. ახლა არანაირი არეულობა არ სჭირდება ჩვენს სახელმწიფოს."
ნუცა ჯანელიძე (მუსიკათმცოდნე): "თუ კანონი იკანონებს, ალბათ მოხდება ეს ამბავი. ჯერ ჩაბრძანდეს უკრაინაში, როგორც ამას თავად ამბობს და მერე იქ უკვე უკრაინა გადაწყვეტს, როგორ მოიქცეს."
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): "არ მგონია, რომ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდეს. იმიტომ, რომ, ჩემი აზრით, საქართველოს ხელისუფლებისთვის უფრო დიდი თავის ტკივილი იქნება მისი ექსტრადირება, ვიდრე მისი სხვა ქვეყანაში ყოფნა. მისი დაპატიმრება და გასამართლება შეიძლება საზოგადოების გარკვეულ ნაწილს სურდეს, მაგრამ ეს გამოიწვევს ძალიან სერიოზულ მღელვარებას არა მარტო ჩვენთან, არამედ საზღვარგარეთაც.
"მესმის საზოგადოების იმ ნაწილის, ვისაც მიაჩნია, რომ სააკაშვილი საკუთარი შეცდომების გამო უნდა დაისაჯოს, მაგრამ ეს სხვა თემაა. ახლა ჩვენს ქვეყანას არაფერში სჭირდება მისი ექსტრადირება."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე