ხელისუფლება ოპოზიციის პირისპირ - ვინ რა დათმობაზე წავა
თიკო ოსმანოვა
19.08.2017

 საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის პირველი რაუნდი რაიმე კონკრეტული შედეგის გარეშე დასრულდა. მთავარი კითხვა, რა კომპრომისისთვის არიან მზად მოლაპარაკების მხარეები, პასუხგაუცემელია. ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ერთიანია და პრინციპულ პოზიციას მაჟორიტარული სისტემის გაუქმებასთან დაკავშირებით არ შეიცვლიან. ხელისუფლება კი კვლავინდებურად დუმს, უმცირესობას ელოდება და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ გუნდში კომპრომისთან დაკავშირებით.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებსა და უმრავლესობას შორის დიალოგი გუშინ დაიწყო და მომავალ კვირას გაგრძელდება. საპარლამენტო და არასაპარლამენტო ოპოზიციური პარტიების წარმომადგენელთა ინფორმაციით, გუშინ მმართველ გუნდთან გამართული შეხვედრა კონკრეტული შეთანხმების გარეშე დასრულდა.

კერძოდ, როგორც ოპოზიციის ლიდერები განმარტავენ, უმრავლესობის წარმომადგენლებმა მოისმინეს ოპოზიციის მოსაზრება და მოთხოვნები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით, მათი მხრიდან კი აღინიშნა, რომ ოპოზიციის წინადადებებზე უმრავლესობაში გაიმართება კონსულტაციები და მომდევნო შეხვედრაზე მმართველი გუნდის პოზიცია და გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი.

"მნიშვნელოვანია, რომ ყველა ოპოზიციური პარტიის პოზიცია იყო ერთიანი და ერთსულოვანი, რომ 2020 წლისთვის მოხდეს სრულ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. ასევე აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანია ბარიერის დაწევის საკითხი და საარჩევნო ბლოკების თემა", - აცხადებენ ოპოზიციის წარმომადგენლები.

"დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველოს" წევრ გიორგი ახვლედიანის თქმით, ოპოზიცია ერთიანია და მათი პრინციპული პოზიცია პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით არ შეიცვლება. შესაბამისად, მოხდება თუ არა კონსენსუსი, ეს ხელისუფლებაზეა დამოკიდებული.

"როგორც ჩანს, ხელისუფლებას ძალიან მოვენატრეთ და ჩვენი ნახვა უნდოდა. ჩვენი პოზიცია არაერთხელ გვაქვს გამოთქმული და მიწერილიც გვაქვს არაერთი წერილი, რას ვფიქრობთ საარჩევნო სისტემაზე და როგორი უნდა იყოს. მაგრამ, ეტყობა, უნდოდათ, მაინც ჩვენთვის მოესმინათ.

"ამ შეხვედრაზე ხელისუფლებამ თავისი პოზიცია დაგვიმალა და გვითხრა, რომ მომავალი კვირის განმავლობაში შეაჯერებენ უმრავლესობაში და მერე გვეტყვიან.

"ამ შეხვედრაზე მთავარი იყო ის, რომ გამოვლინდა ოპოზიციის სრული თანხვედრა. ყველა ოპოზიციური პარტია ჩამოყალიბებულია ერთ პოზიციაზე ძალიან მკაფიოდ - შეთანხმების უმთავრესი საკითხია საარჩევნო სისტემა და მასზე შეთანხმების შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ყველა სხვა დეტალზე, როგორიც არის ბლოკები, ბარიერი, გადაუნაწილებელი მანდატები და სხვა.

"აი, ამ ერთიანობის ჩვენება ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან ბოლო პერიოდში ხელისუფლება ცდილობდა ოპოზიციაში განხეთქილების შეტანას.

"თუ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ხელისუფლება თანხმობას განაცხადებს, დაიწყება დიალოგი, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, რომ სისტემა იყოს მაქსიმალურად სამართლიანი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ახვლედიანი.

"მოლაპარაკება რომ დავიწყოთ, "ქართულმა ოცნებამ" უნდა თქვას, რომ 2020 წელს გვექნება პროპორციული საარჩევნო სისტემა", - ამის შესახებ კი ჟურნალისტებს პოლიტიკური პლატფორმა "ახალი საქართველოს" ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განუცხადა.

მისი თქმით, საარჩევნო სისტემის ცვლილებასთან დაკავშირებით სამოქალაქო სექტორს და პოლიტიკურ პარტიებს აქვთ ერთიანი შეხედულება, რაც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოს ხელისუფლებამ. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, საკითხზე მსჯელობა სხვა ფორმატში, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გაგრძელდება.

"საკითხი, ერთი მხრივ, რთული და, მეორე მხრივ, მარტივია. სამოქალაქო სექტორმაც გაავრცელა საკუთარი პოზიცია და ამ პოზიციაზე დგას მთელი ოპოზიციური სპექტრი. მოლაპარაკება რომ დავიწყოთ, "ქართულმა ოცნებამ" უნდა თქვას, რომ 2020 წელს ქვეყანა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადადის. მხოლოდ ამის შემდეგ გაგრძელდება სხვა მუხლებზე და საკითხებზე საუბარი.

"თუ "ქართული ოცნება" იტყვის, რომ ამ საკითხებზე არ ვსაუბრობთ, სრულიად ოპოზიციურმა სპექტრმა და სამოქალაქო სექტორმა უკვე თქვეს, რომ მოლაპარაკებას აზრი არ აქვს.მაშინ გამოდის, რომ "ოცნება" არ ფიქრობს არანაირ შეთანხმებაზე და აგრძელებს დესტრუქციულ პოლიტიკას. ამ შემთხვევაში შევხვდებით ვენეციის კომისიის ფორმატში საქართველოს ფარგლებს გარეთ და იქ გავაგრძელებთ ამასთან დაკავშირებით საუბარს", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წავა თუ არა ამ კომპრომისზე "ოცნება", მომავალ კვირას გახდება ცნობილი. როგორც "რეზონანსს" უმრავლესობაში განუცხადეს, გადაწყვეტილება მიღებული არ აქვთ და ამ საკითხზე გუნდში მომავალ კვირას იმსჯელებენ.

"რეზონანსის" კითხვაზე, თუ რა კომპრომისზე შეიძლება წავიდეს ხელისუფლება ოპოზიციასთან, "ქართული ოცნების" ერთ-ერთი ლიდერი არჩილ თალაკვაძე გვპასუხობს: "ამას გუნდში კონსულტაციების შემდეგ გეტყვით, ამ ეტაპზე ვერ გამოვთქვამ წინასწარ კომენტარს".

"მწვანეთა" ლიდერ გია გაჩეჩილაძის განცხადებით კი, ოპოზიცია ერთიანი არ არის. ამიტომ დაელოდებიან მათ პოზიციას და შესაბამის საკითხებზე მერე შეჯერდებიან.

"შეხვედრამ ჩაიარა ძალიან კარგად, კონსტრუქციულ პირობებში. იყო სხვადასხვა პოზიცია და იმედი მაქვს, რომ მომავალი შეხვედრა იქნება ნაყოფიერი.

"ვერ ვიტყვი, რომ ოპოზიციას ერთიანი პოზიცია აქვს. სხვადასხვა პოზიციაც გამოითქვა. ჩვენ ვთხოვეთ, რომ ყველა პარტიამ წარმოადგინოს თავისი შეხედულებები, რას დაუჭერენ მხარს და რას - არა. მომავალი შეხვედრისათვის მივიღებთ ოფიციალურად მათ პასუხებს და მერე გაგრძელდება დიალოგი", - გვითხრა გაჩეჩილაძემ.

"რეზონანსის" კითხვაზე, გარდა მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისა, კონკრეტულად კიდევ რა მოთხოვნა ჰქონდა ოპოზიციის ნაწილს, იგი გვპასუხობს:

"სხვადასხვა პოზიცია იყო. ზოგი ამბობდა, რომ მხოლოდ პროპორციული უნდა დარჩეს, ზოგი კი ამბობდა, რომ ეს ყველაფერი ერთ პაკეტში უნდა იყოს განხილული. ერთი ნაწილი ამბობდა, რომ პროცესი მოსწონთ, კარგია, რომ დიალოგი მიმდინარეობს და მიესალმებიან დიალოგის გაგრძელებას.

"შესაბამისად, როცა თავიანთ პოზიციას ოფიციალურად გამოხატავენ, მერე გუნდში იქნება განხილული. მოგეხსენებათ, უმრავლესობა არ შედგება ერთი პარტიისგან, ეს არის 5 პარტიის შემადგენლობა", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

კითხვაზე, მაგალითად, იმ შემთხვევაში, თუ ოპოზიციის ერთმა ნაწილმა მოითხოვა ბლოკების აკრძალვის გაუქმება, ამ დათმობაზე წავა თუ არა ხელისუფლება, იგი გვპასუხობს:

"ვერაფერს გეტყვით. მე წარმოვადგენ უმრავლესობის გარკვეულ ნაწილს. ჩემ გარდა მაჟორიტარების მთელი გუნდი და რამდენიმე პოლიტიკური პარტიაა. ჩვენ ველოდებით მხოლოდ და მხოლოდ ოპოზიციისგან შემოთავაზებას, თუ რა კომპრომისზე არიან წამსვლელები, რომ დავსხდეთ და ერთად განვიხილოთ, რაზე ვთანხმდებით და რაზე - ვერა.

"ეს არის შეთანხმების პროცესი როგორც გუნდის შიგნით, ისე ოპოზიციასთან. პროცესი გაგრძელდება, იქნება შეხვედრები და მერე გახდება ყველაფერი ცნობილი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გაჩეჩილაძე.

შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით კონსენსუსის მიღწევა ვენეციის კომისიის პრეზიდენტის ერთ-ერთი რეკომენდაციაა.

"ახალი კონსტიტუცია მხოლოდ ერთმა პარტიამ არ უნდა მიიღოს და საჭიროა, გაგრძელდეს კონსულტაციები იმისთვის, რომ ფართო კონსენსუსის მისაღწევად საერთო ენა გამოინახოს", - განაცხადა ორი თვის წინ საქართველოში ვიზიტისას ბუკიკიომ, რომელმაც იმედგაცრუებულმა დატოვა ქვეყანა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×