2012 წლიდან დღემდე საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით რუსეთის 177-მა მოქალაქემ მიმართა და მათგან თანხმობა 35-მა მიიღო. როგორც სამხედრო ექსპერტი და ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, მისი ვარაუდით, საქართველოში თავშესაფარს ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ითხოვენ. ამის მიზეზი, მისი თქმით, ჩეჩნეთის პრეზიდენტ რამზან კადიროვის წინააღმდეგ გამომსვლელთა რეპრესიები, ჩრდილო კავკასიის რეგიონებიდან ადამიანების გატაცება-გაუჩინარება და კადიროველების მიერ ელგებეტე თემის წარმომადგენელთა მასობრივი დევნაა.
აღსანიშნავია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ გავრცელებული სტატისტიკის მიხედვით, 2012 წლიდან დღემდე საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით 5885-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა. აქედან ლტოლვილისა და ჰუმანიტარული თავშესაფრის სტატუსი 1462 მოქალაქეს დაუკმაყოფილა, ხოლო უარი 1346-ს ეთქვა. 2743 შემთხვევაში განაცხადის განხილვა ამა თუ იმ მიზეზის გამო შეწყდა, დანარჩენ შემთხვევებზე კი ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არ არის.2017 წლის 6 თვის მონაცემებით, საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით 379-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მიმართა, საიდანაც ლტოლვილთა სამინისტრომ 46 მოთხოვნა დააკმაყოფილა. აღსანიშნავია, რომ თავშესაფრის მთხოვნელთა შორის 22 რუსეთის მოქალაქე იყო, რომელთაგან ლტოლვილის სტატუსი 4-მა მიიღო.
ერთი წლის განმავლობაში თავშესაფრის მომთხოვნთა ყველაზე მაღალი მაჩვენებლები 2014-2015 წლებში იყო. 2014 წელს საქართველოში თავშესაფარი 1792-მა უცხო ქვეყნის მოქალაქემ მოითხოვა, 2015 წელს კი - 1449-მ.
2012 წლის დასაწყისიდან 2017 წლის 6 თვის ჩათვლით, წლის განმავლობაში ლტოლვილთა სამინისტრომ ყველაზე მეტი თანხმობა 2015-2016 წლებში გასცა: 945 თანხმობა 2015 წელს და 252 - 2016 წელს.
რაც შეეხება უშუალოდ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში თავშესაფრის მოთხოვნას წლების მიხედვით, სტატისტიკური მონაცემები შემდეგია:
2012 წელს თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს რუსეთის 36-მა მოქალაქემ მიმართა, რომელთაგან სამინისტრომ თანხმობა 10-ს მისცა;
2013 წელს 28 შემთხვევიდან თანხმობა რუსეთის 12-მა მოქალაქემ მიიღო.
2014 წელს 30-დან ყველას უარი ეთქვა თავშესაფარზე;
2015 წელს რუსეთის 27 მოქალაქიდან თავშესაფარი 5-მა მიიღო;
2016 წელს 34 მოთხოვნიდან სამინისტრომ 4 მოქალაქე დააკმაყოფილა;
2017 წლის პირველი 6 თვის სტატისტიკით კი, საქართველოს თავშესაფრის მოთხოვნით უკვე 22-მა რუსეთის მოქალაქემ მიმართა, რომელთაგან თანხმობა 4-მა მიიღო.
როგორც სამხედრო უსაფრთხოების საკითხებში ანალიტიკოსი ვახტანგ მაისაია "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, მისი ვარაუდით, საქართველოში თავშესაფარს ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები ითხოვენ, ამის მიზეზი კი ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული ძალზე რთული ვითარებაა.
"ძალიან საინტერესო სტატისტიკაა. ეს უკავშირდება რუსეთში შექმნილ საკმაოდ რთულ ვითარებას. დღეს რუსეთში ავტორიტარული რეჟიმი ძლიერდება და რაც ყველაზე საინტერესოა, რეგიონებში კიდევ უფრო ძლიერდება ავტოკრატიული მმართველობა, ახორციელებენ სადამსჯელო ღონისძიებებს საკუთარი რესპუბლიკის ტერიტორიის ფარგლებში. მხედველობაში მაქვს ჩრდილოეთ კავკასია.
"მე დიდი ეჭვი მაქვს, რომ ამ სტატისტიკურ მონაცემებს სწორედ ჩრდილოეთ კავკასიაში მცხოვრები რუსეთის მოქალაქეები განსაზღვრავენ. სწორედ აღნიშნულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოქალაქეებისგან გამომდინარეობს ეს სტატისტიკა. დაზუსტებით, რა თქმა უნდა, არ ვიცი, მაგრამ, ჩემი ვარაუდით, სწორედ ასეა, რადგან ჩრდილოეთ კავკასიაში კიდევ უფრო რთულდება სიტუაცია.
"კადიროვის მმართველობა იწვევს საკმაოდ მძიმე შედეგებს. კადიროველებმა დაიწყეს მასობრივი დევნა არატრადიციული ელგებეტე ჯგუფების წინააღმდეგ. ასევე, ხორციელდება კადიროვის წინააღმდეგ გამომსვლელთა რეპრესიები. ხდება ჩეჩნეთში, დაღესტანში და ჩრდილო კავკასიის სხვა რეგიონებში ადამიანების გატაცება და გაუჩინარება. ამას აკეთებენ იქ მოქმედი ე.წ. სიკვდილის ესკადრონები. ამით ხდება მოსახლეობის იმ ნაწილის ტერორიზება, ვინც უკმაყოფილებას გამოხატავს ადგილობრივი მმართველების მიმართ.
"მე ვიტყოდი, რომ კადიროვი არის ერთპიროვნული მმართველი თავის რესპუბლიკაში და ასევე ერევა სხვა რესპუბლიკების მმართველობაშიც, მათ შორის დაღესტანში, ინგუშეთსა და მიმდებარე ტერიტორიებზე.
"ზოგადად, ფონი ქვეყანაში არის არცთუ სახარბიელო ადამიანის უფლებათა დაცვის თვალსაზრისით. თუკი ავიღებთ პოლიტიკურ მკვლელობებს, ვთქვათ, რუსი ოპოზიციონერის - ბორის ნემცოვის მკვლელობას, რაც კრემლიდან სულ რაღაც 200 მეტრის დაშორებით მოხდა, მართალია, მკვლელები დააკავეს, მაგრამ გამოძიება არ გასულა შემკვეთამდე, რაც, ბუნებრივია, ყველაზე მთავარი იყო. ამით დაიხურა საქმე და უკვე გასაგებია ყველაფერი.
"ამასთან, იყო ადამიანების შევიწროების, განსახლების ფაქტები და ა.შ. ეს ყველაფერი მთლიანობაში ქმნის სურათს, რომ რუსეთის მოსახლეობის ეს შევიწროებული ფენა გადმოდის ახლოს მდებარე ტერიტორიებზე და შედარებით დემოკრატიული სახელმწიფოებისგან ითხოვენ თავშესაფრის მიცემას, რათა მათ მიმართ მოხდეს დევნისა და შევიწროების შეწყვეტა", - განაცხადა ვახტანგ მაისაიამ.
როგორც განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენელი "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს, იმის დეტალიზება, თუ რა მიზეზით უფრო ხშირად მიმართავენ თავშესაფრის მოთხოვნით საქართველოს, ინფორმაციის კონფიდენციალობიდან გამომდინარე, დაუშვებელია და არც შესაბამისი სტატისტიკა არსებობს.
"ყველა ადამიანს განსხვავებული მიზეზი აქვს: ზოგს - პოლიტიკური, ზოგს - ეთნიკური წარმომავლობა. ამაზე ასე პირდაპირ ვერ ვილაპარაკებთ, ეს კონფიდენციალური ინფორმაციაა.
"არ გვაქვს სტატისტიკა, რომელი მიზეზით უფრო ხშირად მოგვმართავენ. ამის გაკეთება დაუშვებელია, რადგან ასეთ შემთხვევაში გვეცოდინება, რამდენმა მოგვმართა პოლიტიკური მიზეზით, რამდენმა სოციალურით და ა.შ. არ შეიძლება ამ ინფორმაციის გამჟღავნება", - აცხადებენ სამინისტროში და აქვე აღნიშნავენ, რომ ვერც იმ მიზეზებზე ისაუბრებენ, თუ რატომ ეუბნებიან ზოგს უარს თავშესაფრის მოთხოვნაზე და ზოგს - თანხმობას.
"რაც შეეხება სამინისტროს მიერ თავშესაფრის მიღებაზე მოქალაქისთვის უარის თქმას, ამაზე მით უმეტეს აკრძალვა გვაქვს. უარის მიღების შემთხვევაში მიზეზის გამჟღავნების უფლება მხოლოდ ბენეფიციარის თანხმობით აქვს დაცვის მხარეს და არა ჩვენს მხარეს. ჩვენ ამაზე არ ვსაუბრობთ", - გვითხრეს ლტოლვილთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში.