(რეზონანსი) ისნის ბაზრობაზე ხანძრის შედეგად დაზარალებულებსა და ისნის ბაზრობის მფლობელ „ტრანსსერვისის" იურისტ ავთანდილ კახნიაშვილს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა. ამის მიზეზი იურისტის განცხადება გახდა, რომ საქონლის დაზღვევა მათ კომპეტენციაში არ შედის.
„თუ მათ ქონება დაზღვეული აქვთ, ბუნებრივია, სადაზღვევო კომპანიები აუნაზღაურებენ. ადმინისტრაცია მაქსიმალურად შეეცდება დაეხმაროს. მათ აქვთ დაქირავებული ფართები და თვითონ არიან პასუხისმგებელნი თავიანთ საქმიანობაზე. ჯიხურები მათი საკუთრებაა" , - განაცხადა ისნის ბაზრობის იურისტმა.
დაზარალებულების განცხადებით კი, ბაზრობის დაცვის სამსახურმა ვერ შეამოწმა და ვერ გააკონტროლა ელექტროობა.
ბაზრობის ტერიტორიის ყველა შესასვლელი საპატრულო პოლიციას აქვს გადაკეტილი. დაზარალებულებს ტერიტორიაზე შესვლის და თავიანთი მაღაზიების დათვალიერების საშუალება არ აქვთ.
ისნის ბაზრობაზე ხანძარი გამთენიისას გაჩნდა. ცეცხლი ე.წ.დაშლილების ტერიტორიაზე გავრცელდა. ისნის ბაზრობაზე ხანძარი მთლიანად ლიკვიდირებულია. სახანძრო მანქანებმა ტერიტორია უკვე დატოვეს. დამწვარია 15-მდე მაღაზია.
„ხანძარი ბაზრობის შუაგულში გაჩნდა, რომლის ჩაქრობაც გარკვეულ სირთულეებთან იყო დაკავშირებული. დამწვარია 1200 კვადრატული მეტრი ფართი. ადგილზე 20 მანქანა მუშაობდა, ხანძარი ლიკვიდირებულია. დამწვარია პირველი, მეორე და მესამე რიგები. იყო მცირე აფეთქებები, საბედნიეროდ დაშავებულები არ არიან" , - განაცხადა საგანგებო სიტუაციების თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილემ, დავით გელაშვილმა.