(რეზონანსი) ისნის ავტობაზრობაზე გაჩენილი ხანძრის შედეგად დაზარალებულები საკუთარ ჯიხურებთან მისვლას ისევ ვერ ახერხებენ. დამწვარი ტერიტორია პოლიციას აქვს შემოსაზღვრული.შემთხვევის ადგილზე გამომძიებლები მუშაობენ.
ისნის ბაზრობაზე ხანძარი 19 აგვისტოს გამთენიისას გაჩნდა. ადგილზე 20 სახანძრო ბრიგადა და 100-მდე მეხანძრე მუშაობდა. დამწვარია 15-მდე მაღაზია.
ისნის ბაზრობის მფლობელი კომპანიის დირექტორი ამბობს, რომ ხანძრის შედეგად დაზარალებულებს შესაძლებლობის ფარგლებში დაეხმარებიან.
„კომპანიას რისი ფინანსური საშუალებაც ექნება, იმის მიხედვით გავუწევთ დახმარებას. რამდენიმე ადამიანი ახსენებს, თითქოს კომპანია დახმარებაზე უარს ამბობს. 2015 წელს ჩვენ აბსოლუტურად ყველა დაზარალებულს კომპენსაცია გავუწიეთ. კომპანიას დიდი კრედიტი აქვს აღებული და რისი საშუალებაც იქნება, აუცილებლად დავეხმარებით" , - განაცხადა ბაზრობის მფლობელმა.
კომპანიის დირექტორი მეორადი ავტონაწილებით მოვაჭრეებს ხვალ შეხვდება.