ია აბულაშვილი
21.08.2017

1991 წლის 19-20 აგვისტოს მოსკოვში განვითარებული მოვლენიდან, რომელიც "აგვისტოს პუტჩის" სახელით შევიდა უახლოეს ისტორიაში, 26 წელი გავიდა. როგორც ამ ამბების მომსწრე ისტორიკოსები და პოლიტოლოგები წერენ, 20 აგვისტოს იგეგმებოდა საბჭოთა კავშირის რესპუბლიკების მიერ ახალი სამოკავშირეო ხელშეკრულების ხელმოწერა. ამ ხელშეკრულებით თანამდებობას ტოვებდა საბჭოთა კავშირის პრემიერ-მინისტრი პავლოვი, რომელსაც ცვლიდა ყაზახეთის პრეზიდენტი ნაზარბაევი. ხდებოდა ძველი ნომენკლატურის ჩანაცვლება ახლით, რასაც კომუნისტური პარტიის წევრები ადვილად არ შეეგუებოდნენ.

 1991 წლის 19 აგვისტოს მოსკოვში გადაყენებულად გამოაცხადეს ყირიმში დასასვენებლად მყოფი მიხაილ გორბაჩოვი. სახელმწიფოს მმართველ ორგანოდ გამოაცხადეს ე.წ. საგანგებო მდგომარეობის სახელმწიფო კომიტეტი ("გეკაჩეპე"), რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ სსრკ-ის ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები იაზოვი, კრუჩკოვი, პუგო და ხვები, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად მაშინდელი ვიცე-პრეზიდენტი გენადი იანაევი გამოაცხადეს.

1991 წლის 19 აგვისტოს დილით, 6 საათზე, საკავშირო რადიომ საბჭოთა კავშირს გამაოგნებელი ამბავი ამცნო: "მიხაილ გორბაჩოვის ინიციატივით დაწყებულმა გარდაქმნამ ნაცვლად იმისა, რომ რეალურად გამოეწვია რეფორმები, საფრთხე შეუქმნა ქვეყნის არსებობას".

მთელი ძალაუფლება გადადიოდა ვიცე-პრეზიდენტ გენადი იანაევის ხელში; პრესკონფერენციაზე იანაევმა განაცხადა, რომ კომიტეტის მიზანია, გადაარჩინოს ქვეყანა და სახელმწიფოს მთლიანობა შეუნარჩუნოს.

აყველამ იცის, თუ როგორი კრახით დასრულდა პუტჩისტების მცდელობა.

როგორც ქართველი ისტორიკოსები ამბობენ, ამ ორდღიანმა მოვლენებმა დიდი როლი ითამაშა საქართველოს ისტორიაშიც.

მაინც რა ხდეობოდა იმ დღეებში საქართველოში, ამის შესახებ რამდენიმე ინფორმაციას მივაწვდით მკითხველს, რომელიც საქართველოს დედაქალაქში იმ დღეებში ვრცელდებოდა.

19 აგვისტოს, დილის 10 საათისთვის, საქართველოში უკვე ყველამ იცოდა, რომ გორბაჩოვი დაიჭირეს, მაგრამ დიდი რეაქცია ამ ამბავს საქართველოს მოსახლეობის მხრიდან არ მოჰყოლია, თუმცა ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიებისათვის გასაგები იყო, რომ "დიდი ამბები" იწყებოდა.

აყველა ელოდა ზვიად გამსახურდიას გამოსვლას ტელევიზიით, მაგრამ პრეზიდენტის გამოსვლა იგვიანებდა. ბოლოს გამსახურდია გამოვიდა ტელევიზიით და ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდა.

პარალელურად ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საქართველოში ჩამოვიდა საბჭოთა კავშირის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ჟურავლიოვი, რომელიც მოითხოვს "გეკაჩეპეს" დადგენილების შესრულებას. მას მხარს უჭერს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სარდალი ვალერიან პატრიკეევი, რომელიც ულტიმატუმს უყუნებს პრეზიდენტ გამსახურდიას.

რუსმა გენერალმა ზვიად გამსახურდიას ეროვნული გვარდიის დაშლა უბრძანა, წინააღმდეგ შემთხვევაში, იმუქრებოდა, რომ თბილისში ტანკები შემოვიდოდა. იმასაც ამბობდნენ, რომ ამ მოლაპარაკებაში აქტიურად მონაწილეობდა აჭარის მაშინდელი ხელმძღვანელი ასლან აბაშიძე.

19 აგვისტოს საქართველოს პრეზიდენტმა გამოსცა ბრძანებულება, რომლის თანახმადაც, ეროვნულ გვარდიას შინაგანი ჯარის სტატუსი ოფიციალურად მიენიჭა და შინაგან საქმეთა სამინისტროს უშუალოდ დაექვემდებარა. ოპოზიციისა და საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან გამსახურდიას ეს გადაწყვეტილება შეფასდა, როგორც კომპრომისი და უკან დახევა.

ეროვნული გვარდია კი არ დაემორჩილა გამსახურდიას ბრძანებას და უკვე 20 აგვისტოს თენგიზ კიტოვანის მეთაურობით რკონის ტყეში გავიდა. კიტოვანმა განაცხადა, რომ გამსახურდიამ ერთი ხელის მოსმით დაშალა გვარდია და იგი მოსკოვის მორჩილებაში დაადანაშაულა.

იმასაც ამბობდნენ, რომ საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი ვლადისლავ არძინბა გენადი იანაევის კაბინეტის მოსაცდელიდან ფეხს არ იცვლიდა და ცდილობდა, ახალი ხელისუფლებისთვის ერთგულება დაედასტურებინა.

როგორ აფასებენ 26 წლის თავზე მოსკოვის პუტჩის შემდეგ თბილისში განვითარებულ მოვლენებს, ამის თაობაზე "მთელი კვირა" ქართველ პოლიტოლოგებს გაესაუბრა.

პეტრე მამრაძე: "რაც ხდებოდა რუსეთში, მოსკოვსა და პეტერბურგში, ეს კარგად არის ცნობილი. იმ დღეების სიმბოლო გახდა ელცინის ასვლა ტანკზე და იქიდან ხალხისთვის მიმართვა. აღსანიშნავია, რომ ედუარდ შევარდნაძე მაშინვე შეუერთდა დემოკრატების ჯგუფს, მიუხედავად იმისა, რომ იცოდა, დასახვრეტთა სიაში რომ იყო ჩაწერილი პუტჩისტების მიერ.

"შემდეგ იმასაც კი იხსენებდა, რომ მისი მოსკოვური ბინა იანაევს უნდა წაეღო. აი, როგორ დეტალებზე ფიქრობდნენ ეს უდღეურებიო, - იტყოდა ხოლმე ირონიულად.

"ამასობაში გორბაჩოვი ფრიად საეჭვო პატიმრობაში იმყოფებოდა ფოროსზე (ყირიმში), მაგრამ ჩვენთვის საინტერესო ისაა, რაც ხდებოდა საქართველოში. საქართველოში კი მოხდა ის, რამაც რადიკალურად შეცვალა შიდა პოლიტიკური ვითარება და საფუძველი ჩაუყარა 1991 წლის დეკემბრის თბილისის ომს.

"ფაქტობრივად, თბილისის ომი დაიწყო პუტჩიდან სულ 4 თვის შემდეგ. საქმე ისაა, რომ მაშინ გამსახურდიამ გამოსცა ბრძანებულება ქართული ეროვნული გვარდიის დაშლის თაობაზე. ამან აღაშფოთა არა მარტო ეროვნული მოძრაობის წევრები, არამედ ყველა პატრიოტი. პრაქტიკულად, უმრავლესობამ არ დაიჯერა, რომ რადიკალიზმით ცნობილი გამსახურდია ამ ნაბიჯს დგამდა იმიტომ, რომ საქართველოსთვის კონფლიქტი აერიდებინა. თითქმის ყველამ მაშინვე გაიხსენა, როგორ საჯაროდ გასცა გამსახურდიამ თავისი მეგობარი დისიდენტები, მისი ცნობილი მონანიება; გაიხსენა, რომ მას კარგა ხანი ჰქონდა თბილისში "კაგებეს" ინფორმატორის სახელი და გვარდიის დაშლითს ბრძანება იმის დასტურად მიიჩნიეს, რომ "კაგებე" ინარჩუნებდა თავის გავლენას გამსახურდიაზე.

"თბილისში ვრცელდებოდა ასეთი ინფორმაციაც, რომ პუტჩისტებმა საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკის ხელისუფლებას წაუყენეს ასეთი მოთხოვნა, მაგრამ მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტმა გამსახურდიამ მორჩილად შეასრულა ეს მოთხოვნა, რასაც არავინ დათანხმდა, არც ერთი რესპუბლიკა. ოპოზიციაც და საზოგადოების გარკვეული ნაწილი, ვინც ფანატიკურად არ უჭერდა მხარს ზვიად გამსახურდიას, ამბობდა, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ "სირცხვილი გვაჭამა მთელ მსოფლიოში".

"მერე მოხდა ის, რომ წამოვიდა დიდი მღელვარება და გაღიზიანება. ეროვნული გვარდია არ დაემორჩილა გამსახურდიას ამ ბრძანებას, გავიდნენ თბილისიდან და დაბანაკდნენ კასპთან ახლოს, რკონის ხეობაში. ერის სიმპათია იყო გვარდიის მიმართ. გვარდიას შეუერთდა თიქმის ყველა შენაერთი, როგორც ამბობდნენ, გარდა ლოთი ქობალიას ნაწილისა. ასე დაიწყო ის დაპირისპირება, რომელმაც 4 თვეში საქმე მიიყვანა თბილისის ომამდე, რის შედეგადაც 1992 წლის 6 იანვარს გამსახურდია მცირე ჯგუფთან ერთად გაიქცა საქართველოდან.

"ამგვარად, პუტჩმა, რომლის ორგანიზატორებიც მიზნად ისახავდნენ საბჭოთა კავშირის შენარჩუნებას, მხოლოდ დააჩქარა საბჭოთა კავშირის დაშლა, ხოლო საქართველოში დააჩქარა გამსახურდიას რეჟიმის დასასრული", - განაცხადა "მთელ კვირასთან" პეტრე მამრაძემ.

ისტორიულ მეცნიერებათა დოქტორ იგორ კვესელავას თქმით, გამსახურდიამ სწორი გადაწყვეტილება მიიღო, საფრთხე ააცილა ქვეყანას და მიუხედავად "გეკაჩეპეს" მოთხოვნისა, რომ დაეშალა გვარდია, საჯარისო შენაერთი არ გააუქმა. როცა პუტჩი განეიტრალებული იყო და საფრთხე აღარავის ელოდა, ეროვნულ გვარდიას სტატუსი კვლავ აღუდგინა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში შეიყვანა.

"მოსკოვში ეს ამბავი რომ მოხდა, მაშინ გამსახურდია თბილისში არ იმყოფებოდა. იგი, თუ არ ვცდები, ყაზბეგში იყო. ეს ამბავი გაიგო ასლან აბაშიძისგან. გამსახურდია ჩამოვიდა თბილისში. თბილისში ჩამოსული იყო საბჭოთა კავშირის თადაცვის მინისტრის მოადგილე ჟურავლიოვი, რომელმაც მოითხოვა "გეკაჩეპეს" დადგენილების შესრულება. ულტიმატუმს უყენებდა - ან გვარდიის დაშლა ან განადგურებაო.

"გამსახურდიამ მაშინ სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო, ქვეყანას საფრთხე ააცილა, არც საჯარისო შენაერთები გააუქმა, ხოლო როდესაც პუტჩი დამარცხდა, გვარდიას სტატუსი კვლავ აღუდგა და ისევ თავდაცვის სამინისტროს დაუქვემდებარა.

"რაც შეეხება ოპოზიციის ბრალდებას, რომ ამგვარი მოთხოვნა "გეკაჩეპეს" სხვა რესპუბლიკებსაც წაუყენა და ისინი არ დათანხმდენ, მხოლოდ გამსახურდია დაემორჩილაო... მაშინ საბჭოთა კავშირი დაშლილი არ იყო, მხოლოდ საქართველოს ჰქონდა დამოუკიდებლობა გამოცხადებული, მას ჰყავდა ეროვნული გვარდია, თუმცა კრემლი ამას არ ცნობდა. სხვა რესპუბლიკებში არც გვარდია იყო და ისინი ისევ საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდნენ.

"პრეზიდენტ გამსახურდიასა და ეროვნულ გვარდიას შორის დაპირისპირებაში არაფერ შუაშია გამსახურდიას ბრძანება გვარდიის დაშლის თაობაზე. 1991 წლის ივლისში თანამდებობა დატოვა პრემიერ-მინისტრმა სიგუამ და პრეზიდენტის წინააღმდეგ მოვლენები ამ პერიოდიდან დაიწყო. ანუ, შეთქმულება გამსახურდიას წინააღმდეგ ოპოზიციური ძალების მხრიდან უფრო ადრე დაიწყო, ვიდრე მოსკოვის პუტჩი.

"რატომ არასდროს ისმება კითხვა - პუტჩს რომ გაემარჯვა, იქნებოდა კი საქართველო დამოუკიდებელი იმ ფონზე, როცა მოსკოვის პუტჩს მხარს უჭერდა პარლამენტში შესული კომუნისტური ფრთის დიდი ნაწილი (სულ 60 კაცი იყო)? როგორც გავრცელდა ცნობა მოსკოვის მოვლენებთან დაკავშირებით, მათ საგანგებო განცხადებით მხარი დაუჭირეს საბჭოთა კავშირის აღდგენას", - განაცხადა "მთელ კვირასთან" იგორ კვესელავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×