"სიტყვა "კოაბიტაცია" "ქართულმა ოცნებამ" ჭაში ჩააგდო, რადგან მიხვდა, რომ გარდა "ნაციონალების" ლანძღვა-გინებისა, საკუთარი ამომრჩევლების თვალის ასახვევად სხვა არაფერი გააჩნია", - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცისკარიშვილი "მთელ კვირასთან" საუბრისას.
მისი შეფასებით, ხელისუფლების სურვილი, რომ საარჩევნო ბარიერი 1%-მდე დაწიოს, ორი კურდღლის ერთდროულად დაჭერაა, რადგან ქვეყანაში, სადაც 240 პარტიაა დარეგისტრირებული, მინიმუმ, 100-ს მაინც დაითანხმებს ნულოვანი ბარიერის სანაცვლოდ მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნებაზე. მეორე მხრივ, ამ ნაბიჯით გამოააშკარავებს ოპოზიციურ ძალებში არსებულ შეუთანხმებლობას და ახალ დაპირისპირებასაც გამოიწვევს.
სოსო ცისკარიშვილი: თავად პარლამენტის თავმჯდომარე გახლავთ ყველაზე მძიმე მდგომარეობაში. იმიტომ, რომ იგი ის კონსტიტუციონალისტია, ვისთვისაც მიუღებელია მაჟორიტარული სისტემა, მაგრამ მას მხოლოდ სავარძელი აქვს და არა რაიმე უფლებამოსლება. ერთი შეღრენა რომელიმე მილიონერი მაჟორიტარისგან საკმარისია იმისთვის, რომ მან უკან გადადგას ნაბიჯი.
შემთხვევითი არ იყო, რომ ოპოზიციასთან შეხვედრებს პარლამენტის თავმჯდომარე არ თავკაცობდა, რადგან მას საკუთარი პროფესიული ცნობიერებით ნამდვილად არ სურს, რომ თარიღი გადაიტანონ უფრო ღრმა მომავალში. ფაქტი ერთია, რომ ეს სკითხი გადაჭრილი იქნება არა პარლამენტში, ან "ქართული ოცნების" სივრცეში, არამედ შავი ზღვის პირას დაგუბებულ "ბიძინალოგიის აკადემიაში".
"მთელი კვირა": ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადებით, მთავარია არა კონსენსუსი, არამედ ხარისხიანი კონსტიტუციაა. მეორე მხრივ, მმართველი გუნდი ოპოზიციას ისევ მოლაპარაკებისკენ მოუწოდებს. რა მიზანი აქვს ხელისუფლებას?
ს.ც.: მაქვს გონივრული ეჭვი, რომ "მეოცნებეთა" მმართველ სივრცეში ელოდებიან საბოლოო გადაწყვეტილებას. მათ არ იციან, რა ქნან, რა თქვან და რა მოიტყუონ. ისინი ელოდებიან მხოლოდ ბიძინალოგიისა და "აკადემიკოსის" ნაკარნახევს.
"მ.კ.": ამგვარ მოლაპარაკებას რა დასასრული ექნება?
ს.ც.: ზოგი ჭირი მარგებელიაო. თუ "ქართულმა ოცნებამ" უკან არ დაიხია, ეს გადაარჩენს ჩვენს ოპოზიციონერებს, რომ არ გამოჩნდეს მათ შორის არსებული შეუთანხმებლობა. იქ არ არის ისეთი ერთსულოვნება, რომელზეც შეიძლება ორიენტირებული იყოს ამომრჩევლების დიდი ნაკადი.
რასაკვირველია, ისინი უპირველეს თემად მაჟორიტარიზმს მიიჩნევენ, რადგან ეს თემა ყველაზე მტკივნეულია თავად "მეოცნებეთა" შიდა სამზარეულოშიც. შესაბამისად, დღევანდელი მაჟორიტარების წაკიდება დანარჩენ "მეოცნებეებთან" ჩვენი ოპოზიციონერების მთავარი საკითხია.
სინამდვილეში კი, მაჟორიტარიზმს კი არ უნდა ვებრძოლოთ, არამედ ჩვენს ქვეყანაში დამკვიდრებულ მავნებლურ დამოკიდებულებას მაჟორიტარიზმის მიმართ. რატომ არ შეიძლება მაჟორიტარად ავირჩიოთ პირი, რომელიც არსებული ხელისუფლების მიმართ ოპოზიციურადაა განწყობილი?! თუ გვინდა მაჟორიტარიზმი, უნდა მივბაძოთ მას, ვისაც ასე ძალიან გვინდა, მაგრამ გულწრფელობის და სამართლიანობის შნო არ გვაქვს, რის გამოც თავს ვიკავებთ, რომ გვქონდეს სენატიც და კონგრესიც.
ჩვენს მრუდე პოლიტიკურ რეალობაში მაჟორიტარი არის ფულის ტომარა, ბიზნესმენი, რომლის ბიზნესსაც უნდა დაცვა და ამის გარეშე სხვა მილიონერებსაც მიჭირხვნიან როგორც პოლიტიკურად, ისე ფინანსურად.
ჩვენ უნდა ვისწავლოთ, რა არის მაჟორიტარიზმი და მერე უფრო მეტი არგუმენტი გვექნება იმის დასამტკიცებლად, გვინდა, გვყავდეს მაჟორიტარები, თუ არა. თვითონ ტერმინი არ ნიშნავს უბედურებას, უბედურება არის ის, თუ როგორ იბადება, ვითარდება და ფეხს იკიდებს ასეთი სისტემა.
"მ.კ.": საუბარი იყო საარჩევნო ბარიერის 1%-მდე დაწევაზე. ზოგიერთი ოპოზიციონერი აცხადებს, რომ ხელისუფლება ამას ოპოზიციური პარტიების დასაპირისპირებლად აკეთებს, რადგან დაბალრეიტინგიანი პარტიები მაჟორიტარული სისტემის შენარჩუნების სანაცვლოდ დათანხმდებიან, ხოლო ხელისუფლებას ექნება არგუმენტი, რომ თავად ოპოზიცია არ არის ერთსულოვანი. როგორია თქვენი ვერსია?
ს.ც.: ეს ვერსია ყველაზე უფრო მარტივად გასაგებია. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენს სახელმწიფოში რეგისტრირებულია 240-ზე მეტი პოლიტიკური სუბიექტი. ნებისმიერ შემთხვევაში, სულ ცოტა, 100 პარტიას მაინც მოაწერინებენ ხელს, რომ "დიახ, ჩვენ გვინდა მაჟორიტარიზმი და ნულოვანი ბარიერი".
ვიდრე თავს დავესხმოდეთ ხელისუფლებას, ჯერ ოპოზიციაში უნდა გავერკვეთ. მართალია, უკანასკნელ წლებში საკმაოდ აქტიურია ოპოზიციური ძალების ნაწილი და ისინი ცდილობენ, ერთიან გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, მაგრამ რაოდენობრივად გამოვა, რომ 10 პოლიტიკური ძალა უარყოფს "ოცნების" სურვილებს, ხოლო, სულ ცოტა, 78 პარტია მხარს უჭერს. ეს იქნება ორი კურდღლის დაჭერის უნიკალური თემა, რადგან "ოცნება" საკუთარი სურვილების ასრულებასაც მოახერხებს და ოპოზიციაშიც სრულ ალიაქოთს ატეხს.
ასე თუ ისე, ჩვენ მაჟორიტარიზმისთვის მზად არ ვართ მანამდე, სანამ მას ჯანსაღი საფუძველი არ ექნება.
"მ.კ.": ბოლო პერიოდში საკმაოდ აქტიურად განიხილება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის შესაძლო ექსტრადირება საქართველოში. მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ის 10 სექტემბერს უკრაინაში აპირებს ჩასვლას, ქართულმა მხარემ კი უკრაინას მისი ექსტრადირების მოთხოვნა გაუგზავანა. რამდენად რეალურია მისი ექსტრადირება?
ს.ც.: თავგამოდებული მიშისტის მანტია არ მაქვს მოსხმული, მაგრამ ქართული სახელმწიფოსთვის ნამდვილად დიდი ვნების მომტანი იქნება, თუ ჩვენი ყოფილი პრეზიდენტი ქვეყანას გადმოეცემა როგორც სისხლის სამართლის დამნაშავე. ეს იქნება აღვირახსნილი განცხადებების და დიდი დაპირისპირებების გამომწვევი.
სიტყვა "კოაბიტაცია" "ქართულმა ოცნებამ" ჭაში ჩააგდო, რადგან მიხვდა, რომ გარდა "ნაციონალების" ლანძღვა-გინებისა, საკუთარი ამომრჩევლების თვალის ასახვევად სხვა არაფერი გააჩნია. ამიტომ, მე ვისურვებდი, არ შევარცხვინოთ ჩვენი ქვეყანა და წავიყრუოთ იმისთვის, რომ საქართველოს ომახიანი ხმა დამკვიდრდეს ევროატლანტიკურ სივრცეში.
ნამდვილად უნდა იყოს მცდელობა, რომ ბატონმა სააკაშვილმა (ოჯახთან ერთად) დროულად მოაგვაროს ურთიერთობა ვაშინგტონში და შეეჩვიოს უფრო თავმდაბალ პოლიტიკურ საქმიანობას.