რა ფორმით მოქმედებს საქართველოში რუსული პროპაგანდა და რამდენად ძლიერია ის? ქართველი ექსპერტების უმრავლესობა მიიჩნევს, რომ რუსეთის მიერ საქართველოში "რბილი ძალის" აქტიურად გამოყენებაზე საუბარი რეალობის მუქ ფერებში დანახვა და გაზვიადება იქნება.
თუმცა, აღსანიშნავია, რომ რუსეთში გამართულ საერთაშორისო ფორუმებსა თუ კონკურსებში სულ უფრო ხშირად მონაწილეობენ საქართველოს წარმომადგენლები, ძირითადად მოზარდები და ახალგაზრდები.
14-22 ოქტომბერს სოჭში სტუდენტი ახალგაზრდობის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართება, რომელზეც საქართველოდან 140-კაციანი დელეგაცია მიდის. სულ ახლახან კი ოკუპირებულ ყირიმში რუსეთის ისტორიასთან დაკავშირებით მოსწავლეთა საერთაშორისო კონკურსი გაიმართა, რომელშიც ქართველმა მოსწავლეებმაც მიიღეს მონაწილეობა.
აღსანიშნავია, რომ, რუსული მედიის ცნობით, ამ კონკურსში აფხაზეთიდან ჩასული მოსწავლეებიც მონაწილეობდნენ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფოს წარმომადგენლები. მონაწილეთა ასაკი 14-18 წელი იყო.
რაც შეეხება სოჭში დაგეგმილ ფესტივალს, მასში მონაწილეთა ასაკი 18-დან 34 წლამდეა.
"ფესტივალი ქართველ ახალგაზრდობას ძალიან აინტერესებს. დელეგაციაში 140 ადამიანია საქართველოს ყველა რეგიონიდან. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს დიალოგი და ვცდილობთ, ყველაფერი გავაკეთოთ, რომ ურთიერთობა იყოს თბილი და მეგობრული", - განაცხადა "რუსეთის ახალგაზრდული კავშირის" წარმომადგენელმა, თბილისში მცხოვრებმა ნესტან ჩიტაიამ.
"კონკურსებში მონაწილეობა ნებაყოფლობით ხდება, ძალით არავინ არავის ექაჩება. სადაც ცხოვრების კარგი პირობებია, რუსეთის "რბილი ძალის" ეფექტი ნულის ტოლია", - აღნიშნა "მთელ კვირასთან" საუბარში პოლიტოლოგმა სოსო ცინცაძემ, რომელიც ფიქრობს, რომ საქართველოში რუსული პროპაგანდა თვალში საცემი არ არის.
"ჩემი აზრით, საქართველოში რუსული პროპაგანდა არც ისე თვალში საცემია. თვითონ პროცესს ვერ ვხედავ, მაგრამ შედეგებით თუ ვიმსჯელებთ, არცთუ ეფექტურია. მოვლენები ისე ვითარდება, რომ რუსეთს მაინცდამაინც არ სჭირდება დიდი ფულის ხარჯვა და რაღაც პროექტების განხორციელება.
"ქვეყანაში საშინელი ეკონომიური მდგომარეობაა, ცხოვრების ცუდი დონეა, უმუშევრობაა, ამიტომ რუსული ბაზარი მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობის ნორმალიზების სტერეოტიპის ნაწილია, რაც ერთგვარად ბუნებრივადაც ჩანს. მაგრამ, თუ რა არის ნორმალიზაცია, ეს ზუსტად არც რუსეთმა იცის და არც ჩვენმა საზოგადოებამ", - გვითხრა ცინცაძემ.
მისივე თქმით, საქართველოსგან განსხვავებით, ევროპაში რუსული პროპაგანდა მძლავრად მოქმედებს.
"ერთია, ვთქვათ, როგორ მოქმედებს რუსეთი ევროპაში. იქ დიდ ფულს ხარჯავს - პარიზში კულტურული ცენტრის მშენებლობა, ჟურნალისტების, ექსპერტების მოსყიდვა. გერმანიის ყოფილი კანცლერი შრედერი "გაზპრომის" ერთ-ერთი დირექტორი გახდა. იქ უფრო ძლიერია პროპაგანდა. აი, მაგალითად, 2008 წელს ტალიავინის კომისიაში 11-12 წევრიდან 7 ოფიციალურად "გაზპრომიდან" იღებდა ხელფასს.
"გადაწყვიტეს, რომ ჯერ ფეხიანებზე იზრუნონ, ვისაც შეუძლია, გაექცეს. უფეხო სად წავა? უფეხო კი იმათთვის საქართველოა. რუსეთში მშვენივრად იციან, რომ ჩვენ არც ნატოში და არც ევროკავშირში არ მიგვიღებენ.
"იქ ხედავენ, როგორ მიდის ჩვენთან პროცესები, სწავლობენ ყველაფერს - შიდა განხეთქილება, ოპოზიცია არ არსებობს, მმართველი პარტია შეცდომებს შეცდომებზე უშვებს, ფეხს იკიდებს ნეპოტიზმი, კორუფცია, ძლიერდება უმუშევრობა, სიღატაკე და ხალხი გამოსავალს რუსეთში ხედავს.
"2012 წლის არჩევნებზე, ყველამ ვიცით, რომ რუსული ფულით მხოლოდ ერთი პარტია მონაწილეობდა. რომელი ძალა იყო, არ დავაკონკრეტებ, მაგრამ ვიტყვი, რომ ბურჯანაძის პარტია არ ყოფილა. ჩვენი ხელისუფლება თავისი პოლიტიკით შეგნებულად თუ შეუგნებლად რუსული კურსის ალტერნატივას აჩენს", - ამბობს "მთელ კვირასთან" საუბრისას ცინცაძე.
რუსულ პროპაგანდაზე საუბარი გაზვიადებულად მიაჩნია პოლიტოლოგ გია ხუხაშვილსაც. მისი თქმით, რეალურად არ ჩანს, რომ რუსული "რბილი ძალა" ჩვენთან სისტემატურად მუშაობდეს.
"ვერ ვიტყოდი, რომ საინფორმაციო ველში რაღაც განსაკუთრებული აქცენტირებული რუსული პროპაგანდა მიმდინარეობს. ამას განსაკუთრებულად ვერ ვხედავ. თუ საუბრობთ "სპუტნიკზე", რუსულ საინფორმაციო საშუალებაზე, მისი სეგმენტი არის ძალიან მცირე და პროპაგანდაზე ლაპარაკი არასერიოზულია. თუ საუბრობთ იმაზე, რომ ქართული მედია არის პრორუსულად ორიენტირებული, ეს მე ლეგენდა უფრო მგონია, ვიდრე რეალობა.
"ამიტომ მგონია, რომ ეს თემა ძალიან გაბერილია. რეალობა არ მეტყველებს იმაზე, რომ რუსული პროპაგანდა სისტემურად მუშაობდეს. ამ ეტაპზე საინფორმაციო აგრესიის ნიშნებს ვერ ვხედავ", - განაცხადა ხუხაშვილმა.
რაც შეეხება ახალგაზრდების დაინტერესებას რუსული კონკურსებით, ხუხაშვილი ამბობს, რომ ეს შეიძლება იყოს "რბილი ძალის" ნაწილი, მაგრამ ამაშიც განსაკუთრებულ საფრთხეს ვერ ხედავს.
"გარკვეულწილად შეიძლება იყოს "რბილი ძალის" ნაწილი, მაგრამ ამაშიც ვერ ვხედავ განსაკუთრებულ საფრთხეს. იმიტომ, რომ ჩვენ, გვინდა თუ არ გვინდა, გვაქვს საერთო ისტორია და რამდენიც უნდა ვეცადოთ, ამას ვერ წავშლით და ვერ დავივიწყებთ. ყოველთვის მოიძებნება საქართველოში რაღაც სეგმენტი, საკმაოდ მცირე, რომელიც გარკვეული ნოსტალგიური კოდის მატარებელი იქნება. ასე რომ, ჩვენ შეიძლება ეს არ მოგვწონდეს, მაგრამ აკრძალვით ვერაფერს მივაღწევთ.
"საერთოდ, რაღაცის აკრძალვა იწყებს გარკვეულ უკუქმედებას. თუ ვიღაც წავა, ამით, არ მგონია, ჩვენს სახელმწიფოებრიობას საფრთხე ემუქრებოდეს. ეს საკმაოდ მცირე სეგმენტია და მათი კონსტიტუციური უფლებაა ასეთ ფორუმებში მონაწილეობა.
"რაც შეეხება ახალგაზრდების ჩართულობას, ესეც ჩვენი სამუშაოა. არა ნეგატივით, არამედ პოზიტივით უნდა მივცეთ მათ უკეთესი ალტერნატივა იმისათვის, რომ დაინახონ, რა არის ცუდი და რა არის კარგი.
"ასე რომ, ჩემი აზრით, რაღაც პროპაგანდა არის, მაგრამ ვფიქრობ, გაზვიადებულია, არ ღირს ამაზე ყურადღების მიქცევა. ვფიქრობ, ამას ვიღაც შეგნებულად აზვიადებს და ამას აკეთებს ის, ვინც კრემლში თავის ადგილს ეძებს", - უთხრა "მთელ კვირას" ხუხაშვილმა.