თუ ხელისუფლება განსახილველად სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის მოდელს არ დააბრუნებს, ოპოზიცია მასთან მოლაპარაკებას არ გამართავს. როგორც ოპოზიციაში აღნიშნავენ, ეს მათთვის ყველაზე პრინციპული საკითხია და თუ ხელისუფლების მზაობა არ იქნება, ვერანაირი კონსენსუსი ვერ შედგება.
ამის პარალელურად, "ქართული ოცნება" ოპოზიციურ სპექტს ისევ მოსალაპარაკებლად ეპატიჟება და მოუწოდებს, რომ ხელისუფლებას წერილობით მაინც აცნობონ, კონსტიტუციის პროექტს რა შემთხვევაში დაუჭერენ მხარს.
"ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერი სერგი კაპანაძე აცხადებს, რომ პრინციპული საკითხის გვერდის ავლით, მეორეხარისხოვან თემებზე მსჯელობით თავის მოტყუებას ოპოზიცია არ აპირებს.
"როგორც იცით, ოპოზიციურმა პარტიებმა წერილი გავავრცელეთ, სადაც გაწერილია მთავარი საკითხები. მათ შორის, ყველაზე პრინციპული საკითხია 2020 წელს სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლა. შესაბამისად, თუ ამ საკითხზე "ქართული ოცნების" მხრიდან არ იქნა მზაობა, მაშინ ვერანაირი კონსენსუსი ვერ შედგება.
"მაგრამ, თუ ისინი მზად არიან, რომ ამ მთავარ საკითხზე წამოვიდნენ, ჩვენ წერილში კიდევ სამი საკითხი გვაქვს ნახსენები, რომლის ირგვლივაც შეგვიძლია დავიწყოთ მოლაპარაკება. სხვა, მეორეხარისხოვან თემებზე ლაპარაკს არანაირი აზრი არ აქვს. არავინ აპირებს არც თავის და არც საზოგადოების მოტყუებას, რომ ვითომ დიალოგი მიმდინარეობს", - აცხადებს სერგი კაპანაძე.
როგორც "თავისუფალი დემოკრატების" ლიდერი შალვა შავგულიძე აღნიშნავს, თუ ხელისუფლებას კონსენსუსის მიღწევა მართლაც უნდა და სინამდვილეში მხოლოდ მისთვის სასურველი, ვიწროპარტიული ინტერესის შესაბამისი კონსტიტუციის მიღებას არ აპირებს, მან უნდა დააბრუნოს ის პოლიტიკური მოცემულობა, რომლის პირობებშიც დაიწყო საკონსტიტუციო კომისიამ საარჩევნო საკითხებზე მუშაობა.
"9 მნიშვნელოვანმა პოლიტიკურმა პარტიამ ერთობლივად, საჯაროდ მივმართეთ ხელისუფლებას და მივუთითეთ, რომ მზადყოფნას გამოვთქვამთ კონსენსუსის მისაღწევად. მაგრამ ამისთვის ხელისუფლებამ უნდა გადადგას აუცილებელი ნაბიჯი და ის უნდა დაბრუნდეს იმ მოცემულობაზე, რაზეც უკვე ნახევარი წლის განმავლობაში მიმდინარეობდა მსჯელობა და კამათი როგორც საქართველოში, ისე ვენეციის კომისიის ფორმატში. სხვანაირად პროპორციული საარჩევნო სისტემის ცალკეულ კომპონენტებზე მუშაობის გაგრძელებას ვერ შევძლებთ.
"ხელისუფლებამ ამის პასუხად შემოგვთავაზა შეხვედრა, მაგრამ მთავარ კითხვაზე პასუხის გასაცემად არ იყო მზად. ჩვენს განცხადებას შემოუერთდა დამატებით კიდევ 4 პოლიტიკური ძალა: "პატრიოტთა ალიანსი", "დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველო", რესპუბლიკელები და "ახალი საქართველო". ისინი სრულიად იზიარებენ ჩვენს პოზიციას.
"შესაბამისად, ხელისუფლებამ შეიძლება მიაღწიოს რაღაც შეთანხმებას არა ამ პარტიებთან, არამედ რამდენიმე ნაკლები წონის მქონე პოლიტიკურ ძალასთან, მაგრამ ეს არ იქნება ის ფართო საზოდოებრივ-პოლიტიკური კონსენსუსი, რომელიც საჭიროა კონსტიტუციური კანონის მისაღებად. ამიტომ, ამ ხელოვნურ შეთანხმებას ხელისუფლება ვერ გაყიდის კონსენსუსად", - აცხადებს შალვა შავგულიძე და აღნიშნავს, რომ პასუხს ხელისუფლებისგან უფრო ელოდებიან.
"საკითხი დგას ძალიან მარტივად. ჩვენ ჯერ ხელისუფლებისგან ველოდებით პასუხს, როგორი საარჩევნო სისტემის კომპონენტებთან დაკავშირებით არის ხელისუფლება მზად, რომ დაიწყოს ჩვენთან დიალოგი. თუ იმ საარჩევნო სისტემის კომპონენტებზეა საუბარი, რომელზეც ნახევარი წელია, მუშაობს მთელი ქვეყანა, ანუ სრულად პროპორციულზე, ჩვენ მზად ვართ, დავსხდეთ მაგიდასთან და ვიმსჯელოთ ამაზე. ხოლო თუ ხელისუფლებას სურს, მხოლოდ მის მიერ მოფიქრებულ და ერთ დღეში შემოგდებულ მაჟორიტარულ-პროპორციულ სისტემაზე მიაღწიოს შეთანხმებას, ჩვენ ასეთ მოლაპარაკების მაგიდასთან არ დავსხდებით.
"იქ შეიძლება დარჩეს რამდენიმე ნაკლები პოლიტიკური წონის პარტია, მაგრამ მათთან მიღწეულ ვერანაირ შეთანხმებას ვერ დაერქმევა კონსენსუსი. ქართული პოლიტიკური სპექტრის უმრავლესობა, მიუხედავად ამ პარტიების რადიკალურად განსხვავებული მსოფლმხედველობისა და პოლიტიკური ორიენტაციისა, კატეგორიულად და ერთნაირად ვითხოვთ ხელისუფლებისვე შემოთავაზებულ ვარიანტს, 2020 წელს სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემას. ვიდრე ამაზე დადებით პასუხს არ მივიღებთ, არ შევალთ ხელისუფლებასთან დიალოგში საარჩევნო სისტემის ცალკეულ კომპონენტებთან დაკავშირებით", - აცხადებს შალვა შავგულიძე.
რაც შეეხება ხელისუფლების ინიციატივას, რომ დაწიოს საარჩევნო ბარიერი, შალვა შავგულიძე ამბობს, რომ ეს არა ხელისუფლების კომპრომისი, არამედ პირიქით, მისი გეგმის ნაწილია.
"ერთჯერადად დაბალი ბარიერი და ასევე ერთჯერადად საარჩევნო ბლოკების შექმნის შენარჩუნება, არ არის ხელისუფლების მხრიდან რაიმე დათმობა ან კონსენსუსი. პირიქით, ეს ხელისუფლების გეგმაში შედის. იმიტომ, რომ წორედ ერთჯერადად დაბალი ბარიერის პირობებში ხელისუფლება შეძლებს მის მიერ კონტროლირებადი პოლიტიკური პარტიების შეყვანას პარლამენტში, ვინაიდან, მოგეხსენებათ, საარჩევნო კანონმდებლობაში გაატარა ისეთი ცვლილებები, რომლითაც სრულად აკონტროლებს საარჩევნო ადმინისტრაციას და ხელს ვერავინ შეუშლის ციფრების დაწერაში. ასე რომ, ის შეძლებს, ადვილად გააყალბოს არჩევნები და პარლამენტში შეიყვანოს მისი სატელიტი პარტიები", - აცხადებს შალვა შავგულიძე.
მისი შეფასებით, ერთჯერადად ბარიერის დაწევით და ბლოკების დაშვებით ხელისუფლებას სურს, მრავალპარტიული მოთხვნა ფორმალურად დააკმაყოფილოს, სინამვილეში კი "ერთპარტიული კონტროლი დაამყაროს".
"ქართული ოცნების" დეპუტატი გუგული მაღრაძე აცხადებს, რომ ოპოზიცია "ჭრელია" და პოზიცია ჯერ მათ უნდა შეაჯერონ.
"რადგანაც ოპოზიცია არის ჭრელი (რამდენიმე პარტიაა წარმოდგენილი), პირველ რიგში, ოპოზიციამ უნდა დააფიქსიროს ერთიანი პოზიცია - რა არის მათთვის მთავარი, ის, რაც წითელი ხაზია. შეიძლება ხელისუფლებამ ოპოზიციის ერთ ნაწილთან შეთანხმება შეძლოს, მეორესთან - ვერა. ამიტომ საჭიროა მათი ერთიანი პოზიციის დაფიქსირება", - აცხადებს გუგული მაღრაძე.
რაც შეეხება ოპოზიციის უკვე დაფიქსირებულ "წითელ ხაზს", რომ მოსალაპარაკებლად მხოლოდ მაშინ დასხდებიან, თუ სრულად პროპორციული საარჩევნო სისტემის კომპონენტების განხილვაზე იქნება საუბარი, მაღრაძე აცხადებს, რომ ეს უკვე ულტიმატუმია.
"ეს უკვე მოლაპარაკება არ არის, ამას ჰქვია ულტიმატუმი. ამ ორს შორის დიდი განსხვავებაა. თუ ასეა საქმე, მაშინ რა მნიშვნელობა აქვს საუბარს?! ორივე მხარეს აქვს განსაზღვრული თავისი წითელი ხაზი და მოლაპარაკების დროს უნდა დათმოს რომელიმემ. მაგრამ თუ აქ უკვე საუბარია, რომ არაფრის დათმობას არ აპირებენ, მაშინ რაღაზე ვსაუბრობთ?!" - აცხადებს გუგული მაღრაძე.