(რეზონანსი) მოქალაქეობასთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან მაქვს შემოთავაზება, - ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში გავრცელებულ ვიდეოში აცხადებს.
„როგორც იცით, 10 სექტემბერს უკრაინაში დაბრუნება გადავწყვიტე. ბევრი მირჩევს, ეს არ გავაკეთო. მოქალაქეობასთან დაკავშირებით რამდენიმე ევროპული ქვეყნისგან შემოთავაზება მაქვს, საქმისა და შემოსავლის გარეშეც არ დავრჩები. მაგრამ კარგად მახსოვს, თავის დროზე პუტინის მითითებით რუსმა ოლიგარქმა ივანიშვილმა ჩემ წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეები როგორ აღძრა, რომ მე ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობა არ მიმეღო. ზუსტად ასე, პოროშენკომ განკარგულება გამოსცა, უკრაინაში გზა დამიხურა და საქართველოში ექსტრადირებით მემუქრება"- ამბობს სააკაშვილი.
სააკაშვილმა დასძინა, რომ შანსები როგორც არ უნდა იყოს, ბრძოლაში მაინც ჩაერთვება.
„მე უკრაინელ ხალხს დავპირდი, რომ მათ მხარეს ვიქნები. მე „ბარიგების" მხარეს არ დავმდგარვარ, თუმცა ჩემთვის ეს ბევრჯერ შემოუთავაზებიათ. უკრაინელი პოლიტიკოსების ახალგაზრდა თაობასთან ერთად ამ რეალობას აუცილებლად შევცვლით. უკრაინა ევროპის ზესახელმწიფო გახდება. უკრაინელები ნორმალურად ცხოვრებას დაიწყებენ. შეუძლებელია იმის გაგრძელება, რაც ახლა ხდება. მე თქვენი დიდი იმედი მაქვს. რა თქმა უნდა, ცალ-ცალკე ჩვენ გაგვანადგურებენ, მაგრამ თუ ერთად დავდგებით, ჩვენ ვერაფერს გვიზამენ. შეხვედრამდე უკრაინა-პოლონეთის საზღვარზე", - თქვა სააკაშვილი.