(რეზონანსნი) თბილისის მერობის ერთ0ერთი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი თბილისის მერს, დავით ნარმანიას აკრიტიკებს და არქიტექტურის სამსახურის ხელმძღვანელის პოსტზე კომპეტენტური კადრის შერჩევისკენ მოუწოდებს.
„უკვე წელიწადზე მეტია თბილისს მთავარი არქიტექტორი არ ჰყავს. 2016 წლის 27 ივლისს თანამდებობიდან არქიტექტურის სამსახურის უფროსი დიმიტრი მოსულიშვილი გაუშვეს. 13 თვეა ქალაქის არქიტექტურის სამსახურს მოვალეობის შემსრულებელი მართავს. არადა არქიტექტურის სამსახური ინტენსიურად სამშენებლო ნებართვებს გასცემს, განაშენიანების რეგულირების გეგმებს ითანხმებს და ამ ფონზე სამსახურის უფროსობა, უპატრონობა რამდენად ნორმალურია?", - წერს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე თბილისის მერობის ერთ-ერთი კანდიდატი ალეკო ელისაშვილი.
ალისაშვილის განცხადებით, მან საკრებულოში რამდენჯერმე ამ საკითხზე ისაუბრა და თბილისის მერს საჯაროდაც ჰკითხა არქიტექტურის ახალი ხელმძღვანელი რატომ არ ინიშნებოდა, მაგრამ პასუხი არ მიუღია.
"ეს არის სამარცხვინო რეალობა. სამარცხვინო და საგანგაშოა, როდესაც დედაქალაქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სამსახურს ხელმძღვანელი არ ჰყავს. თბილისის მერი კი ან ვერ ხვდება ამ პოზიციის მნიშვნელობას, ან ვერ ბედავს, რომ თანამდებობაზე კომპეტენტური კადრი შეარჩიოს", - წერს ელისაშვილი.