
(რეზონანსი) უკრაინის „რადიკალური პარტიის" ლიდერი ოლეგ ლიაშკო საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნების გეგმებს ეხმაურება.
„მხოლოდ უკრაინის მტრებს შეუძლიათ სააკაშვილის ისტერიულ მოწოდებას გამოეხმაურონ, მას უკრაინის საზღვრის გარღვევაში დაეხმარონ. უკრაინის საზღვრის ურღვევობის ხელყოფა ეს ჩვენი სახელმწიფოებრიობისა და სუვერენიტეტის აუღიარებლობაა. ეს უკრაინის დამცირებაა!" - აღნიშნავს პოლიტიკოსი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, სააკაშვილმა საუკეთესო ადვოკატები უნდა აიყვანოს და სასამართლოში წავიდეს.
„სააკაშვილი უკმაყოფილოა იმით, რომ მისმა მეგობარმა პოროშენკომ პასპორტი წაართვა, რომელიც უკანონოდ მიიღო. საუკეთესო ადვოკატები დაიქირავოს და სასამართლოში წავიდეს. მაგრამ ჩემი ქვეყნის საზღვრები წმინდა და ხელშეუხებელია. ამიტომაც ჩვენს გმირ მესაზღვრეებს მივმართავ, ნებისმიერს გაუხსნან ცეცხლი, ვინც საზღვარს დაარღვევს. ვინც ჩვენი საზღვრების ურღვევობას ხელყოფს, უკრაინის მტერია", - განაცხადა ლიაშკომ.
ლიაშკომ ასევე აღნიშნა, რომ სააკაშვილს უკრაინის სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი ეზიზღება.
„რატომ არ არღვევს ის საქართველოს საზღვარს? იმიტომ, რომ თავის მშობლიურ საქართველოს პატივს სცემს. უკრაინა მისთვის უცხოა, ამიტომაც მას ასე ამცირებს. არავის მივცემ უფლებას ჩემი სამშობლო დაამციროს", - დასძინა მან.