საქართველოში ნავთობპროდუქტების იმპორტი მატულობს. როგორც მოსალოდნელი იყო, იმპორტმა ზაფხულიდან გეზი ზრდისკენ აიღო და ბოლო თვეების სტატისტიკა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა. როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, წინა თვეებისგან განსხვავებით, ნავთობპროდუქტების იმპორტში ივლისი განსაკუთრებით წარმატებული თვეა და იგი აშკარად გამოკვეთილი ზრდადი ტრენდით გამოირჩევა. ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, რომ საწვავის გაზრდილი იმპორტი ქვეყნის ეკონომიკურ სტაბილურობას ადასტურებს, რასაც ტურიზმის სფეროში მიღწეული შედეგიც ცხადყოფს.
2017 წლის ივლისში საქართველოში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტმა შეადგინა 119,4 ათასი ტონა, რაც 34,4 ათასი ტონით, ანუ 140,5%-ით აღემატება ივნისის მაჩვენებელს.
კერძოდ, 2017 წლის აპრილში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა 52,7 ათასი ტონა, ხოლო დიზელის საწვავის იმპორტმა - 66,7 ათასი ტონა.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ხელმძღვანელი ვანო მთვრალაშვილი განმარტავს, საწვავის კატეგორიების მიხედვით, 2017 წლის ივლისში საქართველოში ბენზინის საწვავის იმპორტმა შეადგინა: "რეგულარის" მარკის ბენზინი - 37,4 ათასი ტონა, ანუ 71%; "პრემიუმის" მარკის ბენზინი - 14,7 ათასი ტონა, ანუ 27,9%; "სუპერის" მარკის ბენზინი - 0,6 ათასი ტონა, ანუ 1,1%. ევროდიზელი - 65,7 ათასი ტონა, ანუ 98.5%, "ელ-62" დიზელის საწვავის იმპორტი ივლისში არ განხორციელებულა.
გარდა იმისა, რომ იმპორტზე მნიშვნელოვანი გავლენა სეზონურმა ცვლილებამ განაპირობა, მთვრალაშვილის შეფასებით, გარკვეული გავლენა ქვეყნის ეკონომიკურმა მდგომარეობამაც იქონია.
"იმპორტის ზრდა ნიშნავს, რომ ქვეყანაში ნავთობპროდუქტების მოხმარება მატულობს, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორია ეკონომიკური განვითარებისთვის. ასეა ნებისმიერ ქვეყანაში - ეკონომიკაში არსებული ტენდენციის ერთ-ერთი განმსაზღვრელი ფაქტორია, რა ნიშნულზე დგას ნავთობპროდუქტების მოხმარება. შესაბამისად, დადებითი მოვლენაა, რომ იზრდება იმპორტი და ეს ჩვენი სტატისტიკური მონაცემითაც დასტურდება. ნავთობპროდუქტების მოხმარების დონე აშკარად მიგვანიშნებს, რომ ქვეყნის ეკონომიკის სხვადასხვა დარგი მეტ-ნაკლებად არის განვითარებული, ანუ მეტი აქტივობა შეიმჩნევა. ეს აისახება როგორც სასოფლო-სამეურნეო სექტორის, ასევე ტურიზმის განვითარებაზე.
ზოგადად კი, ზაფხულში ნავთობპროდუქტების იმპორტი ყოველთვის მატულობს, რადგან, ტრადიციულად, საწვავის მოხმარება მაღალ მაჩვენებელზეა. ივლისიდან აგვისტოს ბოლომდე პიკური მოხმარების პერიოდია და ეს სტატისტიკითაც აშკარად ჩანს. ჩვენი ცენტრალური მაგისტრალები გადატვირთულია მოძრაობით და ასე სეზონის ბოლომდე გაგრძელდება", - აცხადებს მთვრალაშვილი და დასძენს, რომ იმპორტი ზრდის ტრენდს მეტ-ნაკლებად შემოდგომაზეც ინარჩუნებს. მისი თქმით, მხოლოდ ზამთარში გვაქვს საწვავის მოხმარება მინიმალურ ზღვარზე და ასეთი მოცემულობაა თითქმის ყოველწლიურად.
"ველოდით, რომ ზაფხულში, განსაკუთრებით კი ივნის-ივლისიდან, ნავთობპროდუქტების იმპორტი და მოხმარება გაიზრდებოდა. ეს დადასტურდა კიდეც. მიუხედავად იმისა, რომ აქციზის გადასახადი არის თითქმის გაორმაგებული, ივლისში ნავთობპროდუქტების იმპორტი მნიშვნელოვნად არის გაზრდილი. შესაბამისად, როგორც უკვე აღვნიშნე, ბიზნესი უფრო აქტიურია და ქვეყანაც დამატებით შემოსავალს იღებს. მნიშვნელოვანია, რომ ბენზინის გარდა, მაღალ მაჩვენებელზეა ბუნებრივი აირის მოხმარებაც, რომელიც ბენზინის ალტერნატივაა", - დასძენს ვანო მთვრალაშვილი.
რაც შეეხება იმპორტს ქვეყნების მიხედვით, 2017 წლის აპრილში ბენზინისა და დიზელის საწვავის იმპორტის ყველაზე დიდი მოცულობა რუმინეთიდან განხორციელდა. საიმპორტო ქვეყნების მაჩვენებლებში სიდიდით მეორე და მესამე ადგილს იკავებენ აზერბაიჯანი და თურქმენეთი. კერძოდ, წინა თვეში რუმინეთიდან 34,9 ათასი ტონა საწვავის იმპორტი განხორციელდა. ეს მთელი იმპორტის 29,2%-ს შეადგენს. რაც შეეხება აზერბაიჯანს, იმპორტი ამ მიმართულებით 28,3 ათასი ტონაა - მთელი იმპორტის 23,7%,თურქმენეთიდან კი 19,2 ათასი ტონა (16,1%) საწვავი შემოვიდა.
იმპორტი ბულგარეთიდან 19,0 ათას ტონას (15,9%) აღწევს, რაც საბერძნეთიდან საწვავის საიმპორტო მაჩვენებელს მნიშვნელოვნად აღემატება. როგორც სტატისტიკური მონაცემიდან ჩანს, საბერძნეთიდან წინა თვეში იმპორტმა 5,3 ათასი ტონა (4,4%) შეადგინა, ხოლო რუსეთიდან ეს მაჩვენებელი 10,8 ათასი ტონით (9,0%) განისაზღვრა. უკრაინიდან კი 1,9 ათასი ტონა (1,6%) საწვავი შემოვიდა.
"იმპორტი ყველაზე დიდი მოცულობით რუმინეთიდან განხორციელდა. მნიშვნელოვანია, რომ ბოლო წლების განმავლობაში საქართველოში რუსეთიდან შემოტანილი ნავთობპროდუქტების რაოდენობა გაზრდილია. 2-3 წლის წინ მან გეზი ზრდისკენ აიღო და პოზიციას არ თმობს დღემდე. იმპორტს რუსეთიდან საკმაოდ კარგი ნიშა უჭირავს და ტენდენციას იგი სამომავლოდაც შეინარჩუნებს", - განმარტავს მთვრალაშვილი.
მნიშვნელოვანია სხვა ნავთობპროდუქტების იმპორტის მონაცემებიც.
როგორც ოფიციალური სტატისტიკიდან ჩანს, 2017 წლის ივლისში საქართველოში იმპორტირებულ იქნა 13,8 ათასი ტონა სანავთობო ბიტუმი, რაც 0,2 ათასი ტონით მეტია წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. აქედან უმეტესი წილი - 93,5 % განხორციელდა ირანის ისლამური რესპუბლიკიდან. ხოლო საცხებ-საპოხი მასალების იმპორტმა შეადგინა 1,4 ათასი ტონით ნაკლები წინა თვის მაჩვენებელთან შედარებით. 2017 წლის ივლისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 14,9 ათასი ტონა, რაც 10,5 ათასი ტონით აღემატება ივნისის მაჩვენებელს.
როგორც ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირში განმარტავენ, ნავთობპროდუქტების იმპორტი ზრდის ტენდენციას სამომავლოდაც შეინარჩუნებს და შემდგომი პერიოდიც აღმავალი ტრენდით იქნება გამორჩეული.