უსაფრთხოების ზომების უგულებელყოფა თუ განგებ გაჩენილი ხანძრები - სახანძრო-სამაშველო სამსახურს, რამდენიმე კვირაა, დაძაბულ გრაფიკში უწევს მუშაობა. გადამწვარი ბაზრობების შემდეგ ახლა ხანძარი თითქმის ერთდროულად საქართველოს ტყეებში ჩნდება.
უმრავლეს შემთხვევაში ჩნდება ეჭვი, რომ ეს ყველაფერი ხელოვნურად ხდება, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე კი ამას მაღალ ტემპერატურასა და მოსახლეობის დაუდევრობას უკავშირებს.
შეგახსენებთ, რომ 2 ივლისს, გვიან ღამით, ელიავას ბაზრობის ნაწილი დაიწვა. 2500 კვ/მ-მდე გავრცელებული ცეცხლის ჩასაქრობად 30-მდე სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და 150-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობდა.
აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება შსს-ს პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველომ სსკ-ის 187-ე მუხლით დაიწყო.
ხანძრის გაჩენისთანავე დაიწყო საუბარი იმაზე, რომ ეს ხელოვნურად მოხდა, რადგან ელიავას ბაზრობის სხვა ტერიტორიაზე გადატანა სურდათ. დაზარალებულები ამბობენ, რომ მათი ტერიტორიიდან გაყვანა უნდოდათ, რაზეც ისინი უარს ამბობდნენ.
აღსანიშნავია, რომ ანალოგიური შემთხვევა 30 იანვარსაც მოხდა. ვაგზალზე მდებარე "ბავშვთა სამყარო" მთლიანად დაიწვა. მომხდარზე გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს. 18 აგვისტოს კი ისანში მდებარე ბაზრობა დაიწვა, რომლის მიზეზიც ჯერჯერობით დაუდგენელია.
აღსანიშნავია, რომ ასევე დამწვარი და უკვე აღდგენილია ლილოს ბაზრობა, სავაჭრო ცენტრი "საბა", ვაგზალზე მდებარე "ბოშათა ბაზრობა" და სხვა.
საქართველოს ხელისუფლებას ჯერ ბაზრობების და სავაჭრო ცენტრების დაწვით მიყენებული ზარალის ოდენობა არ აქვს დათვლილი, რომ ჯერი ტყეებზე მიდგა.
უკვე რამდენიმე დღეა, სახანძრო-სამაშველო სამსახურს დაძაბულ გრაფიკში უწევს მუშაობა.
გუშინ თბილისში, დიღმის მეორე კვარტალში, 169-ე საჯარო სკოლის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. დამწვარია 6 000 კვადრატულ მეტრამდე ბალახი და ბუჩქები. 20 აგვისტოს კი ხანძარი ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩნდა, რომლის ლოკალიზებაც რამდენიმე საათში მოხერხდა. ასევე 20 აგვისტოს ხანძარი ბორჯომში, სოფელ ახალდაბაში, გაჩნდა.
რთული რელიეფის გამო სამაშველო სამსახურს უჭირს ადგილზე მისვლა. ამიტომ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მისცა მითითება, რომ საქართველოში, ბორჯომ-ხარაგაულის პარკში, ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობის მიღების მიზნით ვერტმფრენი გამოაგზავნოს.
ვერტმფრენები ქართველი მაშველების დასახმარებლად უკვე გამოფრინდნენ. არსებული ინფორმაციით, ბორჯომში ხანძრის შედეგად დამწვარია 5 ჰექტარი ფართობის ტყის მასივი. ღამით იყო ძლიერი ქარი, რის გამოც ხანძრის ლოკალიზება ვერ მოხერხდა.
მიუხედავად არსებული სტასტიკისა, საგანგებო სიტუაციების სამსახურის ყოფილი უფროსი თემურ გიორგაძე ამბობს, რომ ვითარება საგანგაშო არაა. რაც შეეხება გამომწვევ მიზეზებს, მისი თქმით, ტყეში ხანძრის 90% მოსახლეობის დაუდევრობით ჩნდება.
"როდესაც ცხელი ზაფხულია და ბალახი ხმება, ხანძრის შემთხვევები იზრდება. ეს კი არა, ამაზე მასშტაბურიც ყოფილა.
"სავაჭრო ცენტრები და ბაზრობები არის ძალიან სპეციფიკური, ამაზე პასუხს ვერ გაგცემთ, ძალიან ღრმად უნდა ჩავიხედო, უნდა ვნახო გამოძიების შედეგები, თორემ ასე ზეპირად ვერაფერს ვერ გეტყვით.
"ტყეში გაჩენილი ხაძრის 90%-ის მიზეზი არის ადამიანების დაუდევრობა თბილისში და ყველგან. ყოფილა ძალით გაჩენილიც.
ახლა რომ გრილი ამინდი იყოს და ნაწვიმარი, რაც უნდა დაანთონ, ეს ცეცხლი მასშტაბებზე არ გადავა. დაუდევრობა ისაა, იქ რომ დაანთებენ და ბალახი რომ არის გამხმარი, ეგრევე მოეკიდება. ასე რომ, ეს ნაწილობრივ სიცხის ბრალიც არის", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გიორგაძე.
ასოციაციის - "საშენი მასალები და მშენებლობა ფალსიფიკაციის გარეშე" თავმჯდომარე ანზორ საკანდელიძე კი ამბობს, რომ საქართველოში უსაფრთხოების ზომები დაცული არ არის, ამიტომ არ გამორიცხავს, ხანძრის გამომწვევი მიზეზი სწორედ ეს ყოფილიყო, თუმცა არც იმას გამორიცხავს, რომ ხანძარი ვინმეს ხელოვნურად გაეჩაღებინა.
"რაც მშენებლობის სამინისტრო გაუქმდა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სახანძრო უსაფრთხოების დაცვა აღარ ხდება. არადა, ეს ადრე სავალდებულო იყო, პროექტს თან ახლდა და კატეგორიულად ითხოვდნენ უსაფრთხოების დაცვას. მხოლოდ ამის შემდეგ გაიცემოდა ნებართვები. ყოველთვის იყო შემოწმებაც.
ელიავას ბაზრობაზე დაუცველად ბევრი ადვილად აალებადი ნივთები ინახებოდა, შესაძლოა, ამიტომაც მოხდა ამხელა მასშტაბზე ხანძრის გაჩენა. უსაფრთხოების ზომები მთლიანად იყო დარღვეული და ამას ყურადღება არც ექცეოდა.
"პრინციპში, არც მოთხოვნები არ არის. ვფიქრობ, ამასთან დაკავშირებით სასწრაფოდ რაღაც ზომებია მისაღები", - გვითხრა საკანდელიძემ.