"ივანიშვილს გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის, მაგრამ არჩევნებში იგი აღარ გამოვა და აღარ იტყვის, ვინც ჩემი მომხრეა, ყველამ ხმა მიეცით... იგი აღარ იტყვის, რომ "ოცნება" მე ვარ.
"ხელისუფლება დარჩა მეფე ლირივით, ყველამ მიატოვა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ვესაუბრეთ.
სოსო ცინცაძე: ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის არანაირი მოლაპარაკება არ მიმდინარეობს, ეს ფარსი, კომედიაა. მოლაპარაკება არ ხდება 20-20 კაცს შორის, როგორც აფხაზურ ქორწილში იყო - ქალები და კაცები ცალ-ცალკე რომ ისხდნენ. სერიოზული მოლაპარაკება ყოველთვის მიმდინარეობს კონფიდენციალურად და არა კოლექტიურ ჟანრში.
ოპოზიციამ წაუყენა თავისი მოთხოვნები, რაც მშვენივრად არის ცნობილი ხელისუფლებისთვის. ახლა კი გამოდიან და კონსენსუსზე საუბრობენ, რაც ზღაპარია.
გარდა ამისა, ახლა ვინ დაიჯერებს, "ოცნების" უმრავლესობის თუნდაც ერთი-ორი წევრი წავიდეს ივანიშვილის წინააღმდეგ. ჩვენ ყველამ ვიცით, რომ იგი ჩართულია პოლიტიკაში თუ არა, მის წინააღმდეგ წასვლას ვერავინ გაბედავს. ამ მოლაპარაკების შედეგები დამოკიდებული იქნება ივანიშვილის პოზიციაზე.
რაც უნდა ამტკიცონ, რომ ივანიშვილს არ აინტერესებს, რა მოხდება და როგორი კონსტიტუცია იქნება, მაინც ნათელია, ივანიშვილთან შეთანხმების გარეშე ერთ ნაბიჯსაც არ გადადგამენ. მე თუ მკითხავთ, ეს ივანიშვილის შეურაცხყოფაც არის.
"რეზონანსი": და ვინ უნდა წავიდეს მაშინ კომპრომისზე?
ს.ც: კომპრომისზე უნდა წავიდეს ორივე მხარე. თუ ერთი მხარე წავა, ეს ულტიმატუმის შედეგი იქნება. კომპრომისი, თვითონ ტერმინი გულისხმობს ორივე მხარიდან დათმობას.
"რ": ოპოზიციამ რა უნდა დათმოს?
ს.ც: ოპოზიციამ უნდა დათმოს ბლოკები და რაღაც სხვა მაიმუნობები. გადასახადის გადამხდელები ფულს არ უნდა ვუხდიდეთ ისეთ პოლიტიკოსებს, რომელთა პარტიაც თეორიაშიც აღარ არსებობს, მაგრამ ვინაიდან ისინი მიეწებნენ ვიღაცებს, ვუხდით იმათ ფულს.
"რ": და მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას რაც შეეხება?
ს.ც: ეს უკვე პრინციპული საკითხია და აქ უკვე უმრავლესობამ უნდა დათმოს, ვინაიდან თვითონ "ოცნება" მოვიდა ხელისუფლებაში ამ ლოზუნგით. 30 წელი არ არის საკმარისი, დავრწმუნებულიყავით, რომ საქართველო ჯერ კიდევ 100-200 წელი არ იქნება მზად მაჟორიტარული სისტემისთვის?!
ის მაჟორიტარები, ვინც ახლა აქტიურობს და ხმას იღებს, დაინტერესდნენ ჟურნალისტები და გაარკვიონ, მთელი 4 წლის განმავლობაში მიკროფონთან რამდენჯერ მისულან და რამდენი საკანონმდებლო ინიციატივა აქვთ წამოყენებული. ბევრის გვარები მე ახლა გავიგე.
"რ": როგორ ფიქრობთ, წავა ხელისუფლება ამ დათმობაზე?
ს.ც: მე მგონი, არა. მაშინ ხელისუფლება დაკარგავს მთავარ ბერკეტს. დღეს "ოცნების" ყველაზე დიდი ტრაგედიაა, რომ მან ივანიშვილის სახით დაკარგა გამარჯვების გარანტია.
ივანიშვილს გადამწყვეტი სიტყვა ეთქმის, მაგრამ არჩევნებში იგი აღარ გამოვა და აღარ იტყვის, ვინც ჩემი მომხრეა, ყველამ ხმა მიეცით პეტრიაშვილს ან ვიღაც სხვას. ივანიშვილი აღარ იტყვის, რომ "ოცნება" მე ვარ. ხელისუფლება დარჩა მეფე ლირივით, ყველამ მიატოვა.
"რ": ანუ "ოცნება" მაჟორიტარების იმედზე დარჩა მხოლოდ?
ს.ც: რასაკვირველია. მაჟორიტარები არის ჩაწყობილი ლატარია. ეს არის დანომრილი კარტებით თამაში. "ოცნების" მეორე ტრაგედია კიდევ ის არის, რომ იგი აღმოჩნდა ალტერნატივის წინაშე - მან ან უნდა შეინარჩუნოს მმართველობა, ან უარი უნდა თქვას ევროპის მხარდაჭერაზე.
ორივე უკვე აღარ გამოდის, ვინაიდან ვენეციის კომისია, ბუკიკიო წარმოადგენს ევროპას და დარწმუნებული ვარ, მათ ღიმილით აღარ დაელაპარაკება დახურულ კარს მიღმა.