ნინო ქეთელაური
22.08.2017

"გაისროლე-დაივიწყე-მოარტყი", - მოქმედების ასეთი პრინციპით ხასიათდება ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი "ჯაველინი", რომელიც საქართველოში "ღირსეული პარტნიორი 2017-ის" ფარგლებში უკვე გამოიცადა.

როგორც სამხედრო ანალიტიკოსები აცხადებენ, "ჯაველინი" მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანი ტანკსაწინააღმდეგო იარაღია, თუმცა ამ დროისთვის უცნობია, შეიძენს თუ არა მას ქართული მხარე, რადგან ის საკმოდ ძვირი სარაკეტო კომპლექსია.

"არსენალის" მთავარი რედაქტორი ირაკლი ალადაშვილი ამბობს, რომ "ჯაველინი" მესამე თაობის იარაღია და, სხვა სარაკეტო კომპლექსებთან შედარებით, რამდენიმე მნიშვნელოვანი პლუსი აქვს. 

"ამერიკული გადასატანი ტანკსაწინააღმდმეგო სარაკეტო კომპლექსი "ჯაველინი" იმით გამოირჩევა, რომ ის არის მესამე თაობის იარაღი. მოქმედებს პრინციპით - "გაისროლე-დაივიწყე-მოარტყი".

 როდესაც მსროლელი მიზანში ამოიღებს მოწინააღმდეგის სამიზნეს (მათ შორის მოძრავს), ხდება მხოლოდ დამიზნება და გასროლა, რადგან რაკეტის დამიზნების სისტემა თვითონ ახდენს დევნას (ანუ ჩაჭერას).

შესაბამისად, მისი მართვა აღარ არის საჭირო. ეს იმისთვისაა კარგი, რომ თუ მოწინააღმდეგე დაინახავს გასროლის მომენტს, მსროლელ ოპერატორს გასროლის შემდეგ შეუძლია, დატოვოს სტარტის ადგილი, დაიმალოს და საპასუხო სროლას გადაურჩეს", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

მისი თქმით, რაც მთავარია, მას შეუძლია, სამიზნე ააფეთქოს არა პირდაპირ, როგორც ამას ყველა ტანკსაწინააღმდეგო რაკეტა ასრულებს, არამედ ზემოდან.

"იგი ეფექტურია იმიტომ, რომ მსოფლიოში არსებული ყველა ტანკის ზემოთა ჯავშანი უფრო სუსტია, ვიდრე წინა, შუბლა ჯავშანი. ეს იარაღი საქართველოში სწავლების ფარგლებში იყო ჩამოტანილი და გამოსცადეს კიდეც.

"თუმცა მის ერთი ყველაზე დიდი მინუსია ის, რომ ძალიან ძვირი ღირს. მთლიანად სისტემა, გამშვები მოწყობილობა და ერთჯერადი რაკეტა ერთად არანაკლებ 240-246 ათასი დოლარი ღირს. მარტო რაკეტა - დაახლოებით 70-80 ათასი დოლარი", - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი და აღნიშნავს, რომ საქართველოს მსგავსი იარაღი ნამდვილად არ აწყენდა, თუმცა ამერიკული მხარე სამხედრო დახმარების ფარგლებში გადმოგვცემს თუ არა, ჯერჯერობით უცნობია.

"ეს ძალიან კარგი იქნებოდა, მით უმეტეს, თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ "ჯაველინის" ოპერატორების მომზადება საკმაოდ მარტივია, მისი მოქმედების პრინციპიდან გამომდინარე.

იმისთვის, რომ ეს იარაღი ჩვენც გვქონდეს, ან უნდა ვიყიდოთ, ან აშშ-ს შეუძლია, საერთაშორისო სამხედრო დახმარების პროგრამის ფარგლებში პარტნიორ ქვეყნებს გადმოგვცეს. თუმცა ჯერჯერობით არც ერთი არ მომხდარა", - აცხადებს ირაკლი ალადაშვილი და აღნიშნავს, რომ ამის მიზეზი პოლიტიკურია.

"ამ ყველაფრის მიზეზი მაინც პოლიტიკურია. აქ არის რუსეთის ფაქტორი მიუხედავად იმისა, რომ იარაღის ეს კონკრეტული სახეობა მიეკუთვნება თავდაცვითი დანიშულების შეიარაღებას, არა შემტევს და რუსეთს ვერ ექნება არგუმენტი, რომ აშშ საქართველოს ომისთვის ამზადებს.

"გარდა ამისა, ქართული არმიის შეიარაღებაში როგორც დღეს, ისე აგვისტოს ომის დროსაც იყო საკმაო რაოდენობის ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღება, მათ შორის, მართვადი სარაკეტო კომპლექსებიც. შეიძლება უფრო მოძველებული, მაგრამ მათი ფართოდ გამოყენების შემთხვევაში ჩვენ შეგვეძლო, ბევრად მეტი რუსული ჯავშანტექნიკა გაგვენადგურებინა. თუმცა ეს არ, ან ვერ მოხდა. თუ რატომ, ეს სხვა საკითხია", - ამბობს ირაკლი ალადაშვილი.

ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე აცხადებს, რომ "ჯაველინი" ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღებაში მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტიანია.

"აგვისტოს ომის დროს ისევე როგორც ბევრ სხვა საკითხში, რუსული ტანკების წინააღმდეგ ეფექტიანი ბრძოლისთვისაც მოუმზადებლები აღმოვჩნდით.

"ომის შემდეგ თავდაცვის უწყებაში გაკეთდა დასკვნები, რომ არმიის განვითარების ერთ-ერთ პრიორიტეტად ტანკსაწინააღმდეგო შეიარაღების განვითარება უნდა დაისახოს. "ჯაველინიც" ზუსტად ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსია.

"ის ამ ტიპის შეიარაღებაში ერთ-ერთი ეფექტიანი იარაღია მსოფლიოში. "ჯაველინი" ასევე გამოიყენება დაბალ სიმაღლეზე მფრენი ობიექტების, მაგალითად, შვეულმფრენების წინააღმდეგ. მისი დაზიანების სიშორე შეადგენს 2,5 კილომეტრს", - ამბობს ამირან სალუქვაძე.

ანალიტიკოსის ინფორმაციით, "ჯაველინის" ღირებულება დაახლოებით 250 ათას აშშ დოლარს შეადგენს.

"არ ვიცი, ეს შეიარაღება საქართველოს დახმარების სახით გადმოეცემა თუ უნდა შევიძინოთ ამერიკული მხარისგან. ამის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.

"თუ დახმარება იქნება, ნაჩუქარის ღირებულებას არ კითხულობენ, უტაქტობაა. თუ უნდა შევიძინოთ, მაშინ დავფიქრდებოდი.

"სხვადასხვა ინფორმაციით, "ჯაველინის" ღირებულება 250 ათას აშშ დოლარს შეადგენს. მაგალითად, რუსული ანალოგის - "კორნეტის" ღირებულება ათჯერ ნაკლებია, ხოლო სროლის სიშორე ორჯერ მეტია, "კორნეტ-მ"-ის კი ოთხჯერ მეტი - 10კმ-მდე. არ ვამბობ, რომ რუსული შეიარაღება უნდა შევიძინოთ, ეს გამორიცხულია, უბრალოდ, მაგალითისთვის მოვიყვანე", - აცხადებს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ მსგავსი ტრიპის იარაღს სხვა სახელმწიფოებიც აწარმოებენ.

"ამ სფეროში სხვა სახელმწიფოებიც აწარმოებენ შეიარაღებას, მაგალითად, ებრაელები. როცა ყიდულობ, ან ტენდერი უნდა გამოაცხადო, ან რამდენიმე წამყვანი ქვეყნის შესაძლებლობები უნდა შეისწავლო და საუკეთესო ვარიანტი უნდა შეარჩიო.

"ისე, მთაგორიან პირობებში მამაპაპური ყუმბარმტყორცნებიც ეფექტიანი იარაღია. ეს არ ნიშნავს, რომ ახალ ტექნოლოგიებზე არ უნდა გადავიდეთ.

"მთავარი ჯარის საბრძოლო სულისკვეთება, ბრძოლისუნარიანობა, სამხედრო ხელოვნება, მართვა, ბრძოლის ეფექტიანი წარმოებაა, რადგან თავისით არც ერთი იარაღი არ ისვრის. 2008 წელს კი ცუდად არ ვიყავით აღჭურვილები. ამიტომ მხოლოდ თანამედროვე იარაღის შეძენით ნუ დავმშვიდდებით", - აცხადებს ამირან სალუქვაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×