(რეზონანსი) საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღეს გამართულ ბრიფინგზე ბორჯომის ხეობაში გაჩენილ ხანძარს გამოეხმაურა და აზერბაიჯანს და თურქეთს დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა. მოხალისეებს კი მოუწოდა, რომ არანაირი დამოუკიდებლი გადაწყვეტილება არ მიიღონ.
„მინდა აღვნიშნო, რომ მობილიზებულია როგორც ჩვენი სახელმწიფოს რესურსი, ასევე მეზობელი სახელმწიფოების რესურსები ჩართულია და მინდა მადლობა ვუთხრა ჩვენს მეგობრებს - აზრებაიჯანიდან და თურქეთიდან, რომლებიც სტიქიის ლიკვიდაციაში გვეხმარებიან. მინდა მადლობა ვუთხრა ყველა იმ ადამიანს, რომელიც ამ პროცესშია ჩართული. მინდა მადლობა ვუთხრა საზოგადოებას, რომელიც აქტიურადაა ჩართული, მოხალისეებს ამავე დროს, მინდა ვთხოვო მათ, დამოუკიდებელი ღონისძიებები არ განახორციელონ. თავიანთი დახმარება იმ შტაბს შესთავაზონ, რომელიც ამ მიმართულებით მუშაობს და ეს დახმარება ამ შემთხვევაში ეფექტური იქნება და მადლობა, თქვენი სამოქალაქო ორგანიზებისთვის", - განაცხადა მარგველაშვილმა.
ბოლო მონაცემებით ხანძრის სალიკვიდაციოდ სამი ვერტმფრენი მუშაობს და 12 ჰექტარი ფართობია დამწვარი.