(რეზონანსი) განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო კომპეტენტურ ორგანოებთან ერთად, შეისწავლის, იყო თუ არა ეს მასწავლებლის ინდივიდუალური გადაწყვეტილება, თუ მიზანმიმართული ქმედება, - ასე გამოეხმაურა აღნიშნული სამინისტრო ინფორმაციას, რომელის თანახმადაც რუსული ენის უკეთ შესწავლის მიზნით, ერთ-ერთი სკოლის ექვსი მოსწავლე, ანექსირებულ ყირიმში, საერთაშორისო საბავშვო ცენტრ „არტეკში" გაემგზავრა.
„ჩვენი ხელისუფლების პოზიცია ურყევია, რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიას ვგმობთ და ჩვენს ურყევ პოზიციას უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის მიმართ კიდევ ერთხელ ვაფიქსირებთ. მოვუწოდებთ ყველა სკოლის ადმინიატრაციას და მასწავლებელს, მომავალში მეტი ინფორმაცია მიიღონ და გაცნობიერებული არჩევანი გააკეთონ. ქართულ მხარეს უკვე ჰქონდა შესაბამისი კომუნიკაცია უკრაინულ მხარესთან, რა დროსაც მათ განემარტათ მომხდარი", - ნათქვამია განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
გეტყვით, რომ თბილისის 146-ე საჯარო სკოლის ექვსი მოსწავლე რუსული ენის გასაუმჯობესებლად ყირიმში, „არტეკის" საერთაშორისო საბავშვო ცენტრში გაემგზავრა, - აღნიშნულის შესახებ ცნობილი სააგენტო „სპუტნიკისგან" გახდა.
როგორც ქართველმა მოსწავლეებმა აღნიშნეს, რუსული ენის კარგად ცოდნა საჭიროა. სკოლის მოსწავლეებისათვის და პედაგოგებისთვის პირველი საერთაშორისო გაცვლა რუსულ ენაში „არტეკში" 7 აგვისტოდან 27 აგვისტომდე ტარდება. აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორია რუსული ენის საბჭო, რომელიც რუსეთის მთავრობის ფარგლებში ფუნქციონირებს.