ელექტროენერგიის შესაძლო გაძვირება, დიდი ალბათობით, "ინტერ რაოს" მხრიდან საარბიტრაჟო შანტაჟს უკავშირდება. მართალია, ეს ვერსია ოფიციალურად არ დასტურდება, თუმცა სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ტარიფის გადახედვის ერთ-ერთი მიზეზი რეალურად ესეც იყოს. მით უმეტეს, გაბათილებულია ყველა კომპონენტი, რომელიც გადასახადის ზრდას უკავშირდება - როგორც ინვესტიციები, ასევე ლარის კურსი.
რა თქმა უნდა, ტარიფის გაძვირებაზე გადაწყვეტილად საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია, მაგრამ თუ ეს პროცესი გარდაუვალი გახდა, მიზეზი, როგორც ექსპერტები მიგვანიშნებენ, რუსული კომპანიის მხრიდან შანტაჟია, რის გამოც შეიძლება ეს გადასახადი მთავრობამ მოსახლეობას აჰკიდოს.
მიუხედავად იმისა, რომ სემეკმა ტარიფი სულ რამდენიმე ხნის წინ დააკორექტირა და რამდენიმე პუნქტით გადასახადი გაძვირდა, ეს საკითხი დღის წესრგში მაინც დგას. ენერგეტიკოსების ნაწილი, მიუხედავად იმისა, რომ არავითარი საფუძველი არ არსებობს, ელექტროენერგიის გაძვირებას არ გამორიცხავს. უმეტესობა ამ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებს და პირდაპირ აცხადებს, რომ დღესდღეობით ტარიფის გაძვირებაზე საუბარი რეალობას მოკლებულია.
როგორც ამ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი, ენერგეტიკის მინისტრმა ილია ელოშვილმა ელექტროენერგიის ტარიფის მატებაზე მიანიშნა. მინისტრის განცხადებით, საკითხს საბოლოოდ სემეკი გადაწყვეტს, თუმცა ტარიფის ცვლილება დამოკიდებული იქნება სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორის, ლარის კურსზე და განხორციელებულ ინვესტიციებზე.
"მარეგულირებელი კომისია გადაწყვეტს და დაადგენს მეთოდოლოგიის მიხედვით საბოლოო ტარიფს. როცა ხდება გადახედვა, შესაძლებელია, რომ შემცირდეს, შესაძლებელია, გაიზარდოს. ეს არის ძალიან ბევრ ფაქტორზე დამოკიდებული - განხორციელებულ ინვესტიციებზე, ლარის კურსზე და სხვადასხვა ფაქტორებზე, რომელიც არის დასათვლელი და შესაფასებელი", - განაცხადა ილია ელოშვილმა.
აშკარაა, რომ ელექტროენერგიის გაძვირების საკითხი მთავრობისთვის უცხო არ არის და მინისტრის განცხადებით იგი კიდევ ერთხელ დადასტურდა.
საიდუმლო მემორანდუმი
ენერგეტიკოსი თემურ ჭიჭინაძე ელექტროენერგიის გადასახადის ზრდასთან დაკავშირებულ აჟიოტაჟს სწორედ რუსული კომპანია "ინტერ რაოს" მხრიდან საქართველოსადმი წაყენებულ პრეტენზიებს უკავშირებს. მისი შეფასებით, მიმდინარეობს პოლიტიკური თამაში, რამაც საბოლოოდ, შესაძლოა, მოსახლეობა დააზარალოს. ყველაფერი კი, როგორც ენერგეტიკოსი განმარტავს, 2014 წელს "ინტერ რაოსთან" გაფორმებული მემორანდუმის გამო ხდება, რასაც საქართველომ გაურკვეველი მოსაზრებით მოაწერა ხელი ისე, რომ ხელშეკრულების დეტალები
სრულიად გაასაიდუმლოა.
"3 წლის წინ გაფორმებული მემორანდუმი დღემდე გასაიდუმლოებულია. არ გამკვირვებია, რომ "ინტერ რაომ" საქართველოს წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა. მას, როგორც ჩანს, აქვს ამის საფუძველი. 2014 წელს ვიღაცამ ჩვენი მთავრობიდან მოაწერა ხელი დოკუმენტს, რომლითაც მიეცა "ინტერ რაოს" საშუალება, რომ ლარის კურსთან დაკავშირებული ცვლილებების გამო პრეტენზია გამოეთქვა და შეეტანა სარჩელი.
აღსანიშნავია ერთი ფაქტიც, რა კურსიც დღეს უჭირავს ლარს დოლარის მიმართ, დაახლოებით ამდენივე იყო კურსი, როცა რუსული კომპანია საქართველოში შემოვიდა. 2007 წელს "თელასმა" საინვესტიციო პროგრამა ამოწურა და მაშინ უნდა გაიაფებულიყო ტარიფი, თუმცა იმდროინდელმა პრემიერმა ზურაბ ნოღაიდელმა ხელი მოაწერა ხელშეკრულებას, რის გამოც არსებული ტარიფი გაუხანგრძლივა "თელასს". იგივე მოხდა 2014 წელს, დამატებითი მემორანდუმით რუსულ კომპანიას მეტი საშუალება მასცეს", - აცხადებს ჭიჭინაძე და დასძენს, რომ აქ არის პოლიტიკური თამაში.
"ცხადია, საკმაოდ დიდ თანხაზეა საუბარი და არ არის გამორიცხული, შეგნებულად მომხდარიყო გარიგება ორივე მხარისთვის სასარგებლოდ. ტარიფს ცოტათი გაზრდიან, ცოტას მოაკლებენ და დანარჩენი წავა სხვა მიმართულებით, არაფერი არ არის გამორიცხული. ყველაფრის სათავეა ის მემორანდუმი, რომელსაც 2014 წელს მოეწერა ხელი. მე ვიყავი მონაწილე პროცესის, როცა გაიყიდა "თელასი". მაშინ არ იყო არანაირი საფუძველი, რომ კომპანიას ტარიფის ზრდა მოეთხოვა, ყოველ შემთხვევაში, 2014 წლამდე. რეალურად, 180 მლნ თუ მეტი ჩვენი გადასახდელია მემორანდუმზე "ვიღაცის" მავნებლური ხელმოწერის გამო", - აცხადებს თემურ ჭიჭინაძე.
ის არ გამორიცხავს, რომ ტარიფის ზრდის გადაწყვეტილება მთავრობას ამ დროისთვის უკვე მიღებულიც ჰქონდეს.
"გადასახადის ზრდა ენერგეტიკის სამინისტროს, დიდი ხანია, გადაწყვეტილი აქვს. მათი პოზიცია პოლიტიკურ სარჩულს ატარებს და ამაში სემეკი ყველაზე ნაკლებად მონაწილეობს. ენერგეტიკის მინისტრის გამოსვლა ყოველთვის იწყება იმით, რომ მოსალოდნელია ტარიფის გაზრდა, რაც ნიშნავს, რომ აუცილებლად მოიმატებს. დიდი ხანია, ამ პროგნოზს გამოვთქვამ. ჯერ კიდევ მაშინ გამიჩნდა გონივრული ეჭვი, როდესაც გაზის გადასახადი გააძვირეს. ეს უკვე აღარ არის სემეკის საქმე. ხმამაღლა ვაცხადებ, რომ ამ გადაწყვეტილების სარჩული პოლიტიკურია", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" ჭიჭინაძემ.
ელექტროენერგიის გადასახადის მატების საფუძველს ვერ ხედავს ენერგეტიკოსი გია არაბიძე. ის ტარიფის გაძვირებას გამორიცხავს და აცხადებს, რომ ამის მიზეზად ლარის კურსის დასახელება და ინვესტიციები საკმაოდ სუსტი არგუმენტია.
"განაცხადის შეტანა არის აუცილებელი პროცედურა. გაზრდიან, შეამცირებენ თუ შეინარჩუნებენ, სემეკმა ეს პროცედურა უნდა გაიაროს. საინტერესოა, გვაქვს თუ არა ზედაპირზე მეთოდოლოგია, რის გამოც ტარიფის ზრდა, შესაძლოა, განხორციელდეს. მე ვამბობ, რომ არა! ტარიფზე სხვადასხვა კომპონენტი მოქმედებს, ყველაზე მეტად ინვესტიციების ფაქტორი და ლარის კურსი. ერთიც და მეორეც დღეს გაბათილებულია. რჩება ერთი საკითხი -"ინტერ რაო"!
სემეკს თავის დროზე რომ დაეკმაყოფილებინა იგი, საქმე არბიტრაჟამდე არ მივიდოდა. თუკი საქართველო წააგებს დავას რუსულ კომპანიასთან, რასაკვირველია, თანხას ბიუჯეტიდან გადაიხდის, მიუხედავად იმისა, რომ ბიუჯეტი "ჩვენი ჯიბის ფულია". არ ვიცი, რა ხდება რეალურად. ფაქტია, რომ ჩემთვის ყველა სხვა არგუმენტი უსუსურია", - აცხადებს არაბიძე.
დენის გადასახადის გაძვირება ინფლაციას გაზრდის
დენის გაძვირებას ახლავს ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა, როგორ წავა ინფლაცია დენის გადასახადის გაზრდის შემთხვევაში. სტატისტიკოსი სოსო არჩვაძე მიიჩნევს, რომ ფასების ინდექსი გაიზრდება, რის ფონზეც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა კიდევ უფრო შესუსტდება და ქვეყანა მძიმე სოციალურ სურათს მიიღებს.
"დენის ტარიფი აქტუალური და ყველაზე მტკივნეული თემაა ბოლო პერიოდში. ეს არის საკითხი, რომელიც ეხება საზოგადოების აბსოლუტურად ყველა წევრს, მესტიის მოსახლეობის გარდა, რომელსაც საკუთარი საჭიროებისთვის დენი უფასოდ მიეწოდება. ცხადია, ელექტროენერგიის გაძვირების შემთხვევაში მისი გავლენა იქნება ძალიან ნეგატიური, რადგან მას არ აქვს განცალკევებული მოხმარების ეფექტი. ეს არ არის თეატრის ბილეთი, რომლის ფასი ჩვენს მდგომარეობაზე გავლენას დიდად ვერ მოახდენს.
ელექტროენერგიის გადასახადს ჩვენი ყოფა-ცხოვრების თითქმის ყველა ელემენტზე აქვს გავლენა. ის არ შემოიფარგლება ერთი რომელიმე საქონლის გაძვირებით, აბსოლუტურად ყველა მიმართულებით გაზრდის ხარჯს. პირველ რიგში, წარმოებისათვის მოიმატებს ხარჯი, რაც პროდუქტის ღირებულებასაც გაზრდის და მნიშვნელოვნად წაახალისებს ინფლაციას, რაც მოსახლეობის მსყიდველუნარიანობას კიდევ უფრო შეამცირებს. საბოლოოდ კი მძიმე სოციალურ სურათს მივიღებთ. არის აქსიომა და საკმარისია ინფორმაციის გავრცელებაც კი დენის გაძვირებასთან დაკავშირებით, რომ მყისიერად ნეგატიური განწყობა ჩამოყალიბდება მოსახლეობის აბსოლუტურად ყველა ფენაში", - განუცხადა "ბიზნეს-რეზონანსს" სოსო არჩვაძემ.