საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის პირველი რაუნდი უშედეგოდ დასრულდა. მთავარი კითხვა, თუ რა კომპრომისზე წავლენ მოლაპარაკების მხარეები, პასუხგაუცემელია. თუმცა ცნობილია, რომ ოპოზიცია ინარჩუნებს ერთიან პრინციპულ პოზიციას და დიალოგის გასაგრძელებლად 2020 წლიდან მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას ითხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, ამბობენ, რომ კონსტიტუციასთან დაკავშირებით კონსენსუსი მიღწეული არ იქნება.
"ყველა ოპოზიციური პარტია ჩამოყალიბებულია ერთ პოზიციაზე ძალიან მკაფიოდ - შეთანხმების უმთავრესი საკითხია საარჩევნო სისტემა და მასზე შეთანხმების შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ყველა სხვა დეტალზე, როგორიც არის ბლოკები, ბარიერი გადაუნაწილებელი მანდატები და სხვა.
"თუ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებაზე ხელისუფლება თანხმობას იტყვის, დაიწყება დიალოგი, როგორ უნდა გავაკეთოთ ეს, რომ სისტემა იყოს მაქსიმალურად სამართლიანი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას გიორგი ახვლედიანი. იმავე პოზიციას გამოხატავენ სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებიც.
უნდა დათანხმდეს თუ არა ხელისუფლება მაჟორიტარული არჩევნების გაუქმებას 2020 წლიდან? - ეს კითხვა "მთელმა კვირამ" საზოგადოების წარმომადგენლებს დაუსვა.
მიხეილ ღანიშაშვილი (პოეტი): "ეს არის "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო დაპირება. სასურველია, რომ შეასრულონ და წავიდნენ კომპრომისზე. თუმცა, როგორც წესი, ხელისუფლება დაპირებებს არ ასრულებს."
გია ბურჯანაძე (მსახიობი): "ქართული ოცნება" ვალდებულია, რომ 2020 წლის არჩევნები ჩაატაროს პროპორციული სისტემით. ეს მათი წინასაარჩევნო დაპირება იყო. საერთოდ კი, ვფიქრობ, რომ საარჩევნო სისტემა მთლიანად გადასახედია, არ არის კარგად დალაგებული და "ოცნებამ" ეს დაპირება უნდა აასრულოს."
იური მეჩითოვი (ფოტოგრაფი): "ოცნება" რომ მოდიოდა ხელისუფლებაში, ამბობდა, რომ მაჟორიტარულ სისტემას გავაუქმებო. მერე დაიწყეს - 2024 წელს, მანამდე ვერაო. სანამ პავლე მოვა, პეტრეს ტყავს გააძრობენო - ასეთი გამონათქვამი არსებობს და ახლა ზუსტად ასე აკეთებენ.
"საერთოდ არ გვაქვს პოლიტიკური სისტემა ჩამოყალიბებული, არც ერთი პოლიტიკური პარტია არ წარმოადგენს ხალხის ინტერესს, ამიტომ არაფერი გამოგვივა და არც მაჟორიტარული სისტემის გაუქმება და არც პროპორციული სისტემა გვიშველის.
"არჩევნებს არ ვატარებთ ნორმალურად, გაქცეულია მოსახლეობა და ხელისუფლებას ხმას მკვდრები აძლევენ. ამ არჩევნებს ეჭვის თვალით ვუყურებ, ეს ყველაფერი წყლის ნაყვაა, რაც ემსახურება 1-2 ადამიანის ინტერესს, რომ შეინარჩუნონ სკამები."
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): "მიმაჩნია, რომ მაჟორიტარული სისტემის გაუქმება ჯერ ადრეა. ხელისუფლებას რომ აქვს გამიზნული 2024 წლიდან პროპორციულ სისტემაზე გადასვლა, ეს ვარიანტი ჯობია.
"ოპოზიციას უნდა, შემდეგ არჩევნებზე ამ გზით შევიდეს პარლამენტში, რაც დაუშვებელია. ოპოზიციის შესვლა გამოიწვევს გაუთავებელ დებატებს, გინებას, ჩხუბს, პროცესების გაწელვას და საქმე არ გაკეთდება.
"თითოეულ კანონპროექტზე 1 წელი იკამათებენ და ეს იქნება ძალიან ცუდი ქვეყნისთვის. იქ არ იქნება დემოკრატიული და წესიერი დებატები, როგორც უცხოეთში, ჩვენთან ასე მოქცევა არ იციან.
"ოპოზიციის ინტერესია, რომ დააკნინოს მმართველი ძალა და თვითონ მოვიდეს ხელისუფლებაში. ეს არის ძირითადი მიზეზი, რისთვისაც იბრძვის ოპოზიცია და აქ დემოკრატიაზე საუბარი ზედმეტია. ეს ოპოზიცია, რომელიც ახლა ლაპარაკობს, 9 წელი იყო ხელისუფლებაში და რა გააკეთეს, ყველამ კარგად იცის. ამიტომ ამათი აღარაფერი გვჯერა."
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე