"დემოკრატიულმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა საქართველომ " თბილისის მერობის კანდიდატად კახა კუკავა, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად კი დიმიტრი ლორთქიფანიძე წარადგინა.
როგორც "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ გუშინ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მის პარტიას თბილისის მერობის ღირსეული კანდიდატი ჰყავდა, თუმცა ოპოზიციური ერთობის მისაღწევად, მათ გადაწყვიტეს, რომ მერობის კანდიდატად კუკავა დაესახელებინათ.
ბურჯანაძეს თქმით, ორი პოლიტიკური გუნდის ერთობა სხვა პარტიებისთვისაც, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნებისა", ღია იქნება. კუკავა უახლოეს დღეებში ამომრჩევლისთვის საკუთარი პროგრამის წარდგენას გეგმავს.
ჯობდა თუ არა ოპოზიციას ერთიანი კანდიდატი წარმოედგინა? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): თითქმის ყველა პოლიტიკური პარტია ამ არჩევნების ზედმეტ პოლიტიზირებას ახდენს. საარჩევნო პროგრამა თითქმის არავის არ აქვს. ამ შემთხვევაში, პიროვნება იმდენად გადამწყვეტი არ არის, როგორც პროგრამა.
მუნიციპალური პოლიტიკის მცნება არსებობს. არცერთი მათგანი მუნიციპალური პოლიტიკოსი არ არის. არამგონია ეს პროექტი, მათი გაერთიანება წარმატებული იყოს.
იმ დროს ვინტრებდი, როდესაც თბილისის მერად და საკრებულოს თავმჯდომარედ კენჭს იყრიდა არა პოლიტიკოსი, სიტყვის სრული მნიშვნელობით, არამედ, ქალაქის მცოდნე, მოყვარული და ის ადამიანი ვისაც ესმის ქალაქში რა პრობლემებია.
მიხეილ ცაგარელი (ასტროლოგი): ალბათ ჯობდა ერთიანი კანდიდატი ყოფილიყო. თუმცა, რაც შეეხება კახა კუკავას, აქ კითხვებია.
დავიწყოთ იქიდან, რომ მორიელი ზოდიაქოს ნიშანია. მორიელივით ყველას მიმართ ცოტა აგრესია აქვს, რაც არ მომწონს, რადგან პოლიტიკაში აგრესიის ასე გამოვლენა არ შეიძლება. თორემ სამართლიანობაში ვერაფერს ვერ დავუწუნებ. ყველა მისი თემა სამართალთან ახლოსაა. თავისი საქმე იცის და პროფესიონალია.
მაგრამ, გამოვლინების ფორმა, რასაკვირველია პოლიტიკაში ისეთი, როგორიც კახა კუკავას აქვს, მხოლოდ კონფლიქტებს და გაღიზიანებას გამოიწვევს. ეს კი უსიამოვნების ფაქტორი გახდება. ძნელია ეს ფაქტორი ერთმნიშვნელოვნად შევასაფო.
მაგრამ წმინდა ასტროლოგიურად ერთ რამეს ვიტყვი, ოქტომბრის ბოლოდან, სადღაც 20 რიცხვის შემდგომ, გამარჯვების პლანეტა იუპიტერი მორიელის ზოდიაქოში ერთი წლით გადადის. ეს მოვლენა დაახლოვებით 12 წელიწადში ერთხელ ხდება.
ამიტომ მორიელს, მათ შორის კახა კუკავას, წარმატების საკმაოდ მაღალი შანსები აქვს. თუმცა, ვერ ვიტყვი ისეთ მაღალი, როგორც კახი კალაძეს. რასაც ვურჩევდი და მეგობრულად ვთხოვდი, ის არის, რომ ცოტა მეტი დიპლომატია გამოიყენოს.
სერგო ვარდოსანიძე (ისტორიკოსი): რასაკვუირველია, თუ ჩვენ საქმე დემოკრატიულ პროცესებთან გვაქვს, ყველა პოლიტიკურ გაერთიანებას უფლება აქვს, როგორც უნდა ისე მოიქცეს.
მაგრამ, თუ მათ უნდოდათ ამ შემთხვევაში ოპოზიცია, რომ სახელისუფლებო კანდიდატთან ღირსებული ბრძოლა გაემართათ, სჯობდა შეთანხმებულიყვნენ და ერთი კანდიდატი დაესახელებინათ. ოპოზიციის ბრძოლა აზრი მაშინ უფრო ექნებოდა. სხვა შემთხვევაში ძალები დაიქსასება.
გია ბუღაძე (მხატვარი): რეალურად, ერთადერთი, რასაც ამ ტიპის გაერთიანებებით აკეთებენ, ისაა, რომ ალეკო ელისაშვილს ხმას ართმევენ, სხვა არაფერი. ყველა პატარ-პატარა ვითომ პარტიული წარდგენილი პერსონა მხოლოდ იმიტომაა, რომ ალეკო ელისაშვილის პერსონაა დაასუსტოს. ეს მხოლოდ თამაშია. სერიოზულად არ აღვიქვამ.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე