ნინო ქეთელაური
23.08.2017

"დღეს საქართველოში ეროვნული გადარჩენისა და განვითარების პროგრამით შეიარაღებული ოპოზიციური პარტია არ გვყავს. ესენი ფაფხურობენ რაღაცას იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ," - აცხადებს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.

მისი თქმით, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში ისევ "ქართული ოცნება" გაიმარჯვებს, რადგან მას ალტერნატივა არ ჰყავს. თუმცა ქვეყანას ეროვნულ საფუძველზე მდგარი პარტია სჭირდება, რომელიც, სავარაუდოდ, 2020 წლისთვის მაინც ჩამოყალიბდება.

გახშირებული ხანძრები, საკონსტიტუციო ცვლილებები, მიხეილ სააკაშვილის შესაძლო ექსტრადირება, თვითმმართველობის არჩევნები ის საკითხებია, რაზეც "რეზონანსი" პოლიტოლოგს ესაუბრა.

 იგორ კვესელავა: ბოლო დროს გაჩენილ ხანძრებთან დაკავშირებით მე მაქვს ეჭვები. რა თქმა უნდა, მტკიცებულებები არ გამაჩნია, მაგრამ ფაქტია, რომ ასეთი შემთხვევები ძალიან გახშირებულია. შესაძლოა, ეს იყოს რომელიმე პოლიტიკური ძალის მიერ პროვოცირებული. თანაც ამის გაკეთება საკმაოდ მარტივია. ამ სიცხეში თუ ტყის სიახლოვეს სიგარეტის ნამწვავს გადააგდებთ, დამთავრებულია ყველაფერი და გამომწვევი მიზეზების ძიებას არავინ დაიწყებს. ჩემთვის ძალიან რთულია მტკიცებულებების გარეშე საუბარი, მაგრამ მაქვს გონივრული ეჭვი, რომ ამის უკან აგრესიული ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დგანან.

"რეზონანსი": ამას რა მიზნით უნდა აკეთებდნენ?

ი.კ: ოპოზიციური პარტია, რომელსაც ხელისუფლებაში მოსვლა უნდა, ყველა მეთოდს იყენებს. შეიარაღებული ძალით ამას ვერ გააკეთებს, კონსტიტუცია კრძალავს, მაგრამ დანარჩენ ყველა ხერხს შეუძლია მიმართოს. სრულიად შესაძლებელია ტყის დაწვა, ხალხის უკმაყოფილების გამოწვევა და ხელისუფლების უუნარობის გამოჩენაც ერთ-ერთი ასეთი მეთოდი იყოს. მე არ შემიძლია, ეს ვამტკიცო, მაგრამ გამორიცხული არაფერია. სიცხეები ადრეც იყო, მაგრამ თუ კარგად გავიხსენებთ, ასეთი ხშირი ხანძრები არ ყოფილა.

ხელისუფლებამ რომელიმე ხანძრის გამომწვევი მიზეზი შეისწავლა? შესაბამისმა უწყებებმა შედეგები უნდა დადონ, რადგან სადაც სიმართლე არ არის ცნობილი, წორედ იქ ხდება გაუგებრობა.

"რ": როგორ ფიქრობთ, გახშირებული ხანძრის კვალობაზე, რამდენად ადეკვატური და ეფექტიანია ხელისუფლების მოქმედება?

ი.კ: ბუნებრივია, წინასწარი პრევენცია რთულია, თუმცა შესაძლებელი. ასეთ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა სოციალურად ისედაც მძიმე მდგომარეობაშია და თან ამას ასეთი სიცხეები ემატება, ხელისუფლებამ უნდა გააძლიეროს შესაბამისი უწყებები. ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს, ფული გამოყოს ამისთვის და სიცხეების პერიოდში მინც დააწესოს ღამის მორიგეობა, რათა ბუნებრივად თუ ხელოვნურად გამოწვეული ხანძარი თავიდან ავირიდოთ, თორემ უკვე გაჩენილ ხანძარზე პრემიერის ჩასვლა და ვერტმფრენის მოძიება საქმეს ვერ უშველის.

"რ": საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ხელისუფლება-ოპოზიციის მოლაპარაკება ჩიხშია თქვენი აზრით, ამ სიტუაციაში რა არის გამოსავალი?

ი.კ: ადრეც მითქვამს, რომ საქართველოში ოპოზიცია არ არსებობს - არის ერთკაციანი პარტიები. ერთ-ერთმა ჩემმა კოლეგამ მათ ნახევარკაციანი პარტიებიც კი უწოდა. მთლად ასე დაკნინება არ მინდა, თორემ ასეთი პარტიებიც ბევრია. ამ ხალხს თავისი ინტერესები აქვს. შეიძლება, ჯამურად, ვითომ ოპოზიციად წოდებული 25 პარტია შეიკრიბოს, მაგრამ მათი მომხრეების საერთო რაოდენობა 5000 კაცს არ აჭარბებდეს.

დღეს საქართველოში ეროვნული გადარჩენისა და განვითარების პროგრამით შეიარაღებული ოპოზიციური პარტია არ გვყავს. ესენი ფაფხურობენ რაღაცას იმისთვის, რომ ხელისუფლებაში მოვიდნენ. ეს ძალები იმართებიან დასავლეთის მხრიდან, მაგრამ ჩვენ არც დასავლეთის და არც რუსეთის პარტიები არ გვინდა. ქვეყანას სჭირდება ეროვნულ საფუძველზე მდგარი პარტია, რომელიც, მე ვფიქრობ, 2020 წლისთვის მაინც ჩამოყალიბდება. ის განსხვავებული იქნება დღევანდელი ოპოზიციისგანაც და ხელისუფლებისგანაც. ამ პარტიაში უნდა ჩაიდოს ის კარგი მხარე, რაც "ოცნებას" და "ნაციონალურ მოძრაობას" ჰქონდათ, მაგრამ, ამავე დროს, უნდა გაითვალისწინოს ცუდიც და არ გაიმეოროს.

"რ": რამდენადაც ცნობილია, მიხეილ სააკაშვილი 10 სექტემბერს უკრაინაში ჩასვლას აპირებს. ამასთან, მისი ექსტრადირების მოთხოვნა ქართულ მხარეს უკვე გაგზავნილი აქვს. როგორ ფიქრობთ, რამდენად რეალურია, რომ სააკაშვილის ექსტრადირება მოხდეს?

ი.კ: ჩემი აზრით, სააკაშვილის საქართველოში ექსტრადირება არ შედგება. იგი არის ის პოლიტიკური ტიპაჟი, რომელიც ძალიან ცუდად დაამთავრებს საკუთარ კარიერას. მის მოქმედებაში ამის ნიშნები იკვეთება. ამას ემატება ისიც, რომ არც საქართველოს და არც უკრაინას ის არ სჭირდება. გამორიცხულია, რომ ქართველი კაცი უკრაინაში რამე სერიოზულ თანამდებობაზე დაინიშნოს. იქ, რა თქმა უნდა, ყოველთვის გამოიძებნება 1000 თუ 2000 კაცი, რომელიც ტაშით შეეგებება ოდესის ყოფილ გუბერნატორს, მაგრამ სააკაშვილი უკვე დამთავრებული სიმღერაა და ეს თემა უნდა დაიხუროს.

"რ": გუშინ წინასაარჩევნო კამპანია ოფიციალურად დაიწყო. როგორ შეაფასებდით კანდიდატების შანსებს?

ი.კ: მთავარი ის არ არის, შენ რომელ კანდიდატს წარადგენ. მთავარია, ვინ საუბრობს და რამდენად მისაღებია ის საზოგადოებისთვის. ჩვენ უკვე მივეჩვიეთ, რომ კანდიდატები მხოლოდ ლაპარაკობენ, მაგრამ პრაქტიკაში ვერ ახორციელებენ.

ამასთან, უნდა გითხრათ, რომ თბილისის მართვა მარტივი საქმე არ არის - მერობა უფრო რთულია, ვიდრე პრემიერ-მინისტრობა. მე ვფიქრობ, პირველსავე ტურში კალაძე გაიმარჯვებს, რადგან მას ვერც ერთი კანდიდატი ვერ გაუწევს კონკურენციას.

"რ": თქვენი აზრით, მეორე ტური რეგიონებშიც არ იქნება?

ი.კ: მე ვფიქრობ, ზოგიერთ რეგიონში მეორე ტური იქნება. მთლიანობაში კი როგორც თბილისში, ისევე რეგიონებში გაიმარჯვებს "ქართული ოცნება", რადგან, როგორც მოგახსენეთ, ჯერჯერობით საქართველოში ეროვნული სულისკვეთებისა და ხალხისთვის მოქმედი პარტია არ არსებობს. ვფიქრობ, ასეთი პოლიტიკური ძალა 2020 წლისთვის მაინც გვეყოლება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×