რუსეთმა ბორჯომში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში დახმარების სურვილი გამოთქვა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა, ქართული მხარე აბსოლუტურად ყველა ვერსიას და ვარიანტს განიხილავს, ვინაიდან სტიქიისგან მოსახლეობის დაცვის პასუხისმგებლობა აკისრია, თუმცა არსებული დახმარების პირობებში რუსეთის დახმარება საჭირო არ გახდა.
"ჩვენ უდიდესი პასუხისმგებლობა გვაკისრია, რომ მოსახლეობა ამ სტიქიისგან დავიცვათ. რა თქმა უნდა, აბსოლუტურად ყველა ვერსია და ვარიანტი უნდა განვიხილოთ. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, რუსულმა მხარემ მზადყოფნა გამოთქვა, უბრალოდ, არსებული დახმარების პირობებში, ეს დახმარება საჭირო არ გახდა. ჩვენ არსებული ძალებით ამ ყველაფერს აუვალთ. არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. მინდა, მოსახლეობა დავამშვიდო, რომ ცეცხლისგან დაცული იქნება," - განაცხადა კვირიკაშვილმა.
უნდა მიგვეღო თუ არა რუსეთისგან დახმარება? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ლელა ოჩიაური (კინომცოდნე): ვფიქრობ, უარი უნდა გვეთქვა, რადგან ჩვენს სახელმწიფოს საზოგადოების წინაშე გარკვეული მორალური პასუხისმგებლობა და ვალდებულებები აქვს. იქ, სადაც რუსეთმა 2008 წელს ჩვენს ტყეებს ცეცხლი წაუკიდა, არა მგონია, მისი დახმარება საზოგადოებისთვის მისაღები იყოს, როგორი საჭიროებაც უნდა არსებობდეს. მით უმეტეს, სხვა ქვეყნებსაც არანაკლები ტექნიკა აქვთ. მათი დახმარება ბევრად უფრო სასარგებლო იქნება, ვიდრე იმ ქვეყნისა, რომელსაც ჩვენთვის მტრობის მეტი არაფერი გაუკეთებია.
გია ანჩაბაძე (ისტორიკოსი): არ ვიცი, რა გითხრათ. ალბათ არ უნდა მიეღოთ. საერთოდ, მზად უნდა ვიყოთ. ქვეყნის 1/3 ტყეს მოიცავს, ხანძრები ჩნდება ხოლმე და მზად უნდა ვიყოთ. ალბათ სხვა ქვეყნებიც დახმარებას გაგვიწევენ, მაგრამ სულ სხვის დახმარების იმედზე არ უნდა ვიყოთ. ცეცხლის ჩაქრობის საშუალება ჩვენ თვითონ უნდა გვქონდეს.
ირმა სოხაძე (მომღერალი): ძალიან რთული და დელიკატური საკითხია. საერთოდ, თუ ძალიან არ გაგიჭირდა, მტრისგან დახმარებას არ იღებ. მაგრამ, მეორე მხრივ, იქნება ეს სწორედ საბაბი ყოფილიყო, რომ სხვა ტონალობაში ლაპარაკის დაწყება შესაძლებელი გამხდარიყო. არ ვიცი, ამას გადაჭრით ვერ ვიტყვი. რა თქმა უნდა, მოტივაცია ბატონი გიორგი კვირიკაშვილის გადაწყვეტილებას აქვს და ძალიან საფუძვლიანია. აშშ, თურქეთი გვეხმარება. ჩვენ დახმარება ევროკავშირს ვთხოვეთ და იმედია, გულგრილნი არ იქნებიან, თუმცა ამასობაში მთელი ხეობა დაიწვა. გადაჭრით თქმა, რომ, აბა, რა დახმარება უნდა მიგვეღოო, მგონი, სწორი არ არის. მაგრამ რუსეთის ეს ნაბიჯი მომწონს და მიხარია, თითქოს რაღაც პასუხისმგებლობას გრძნობს. იქნებ ეს პასუხისმგებლობა სხვა კონტექსტში გადაიტანოს და მავთულხლართების გავლებას და თხრილების თხრას მოეშვას.
მერაბ კოკოჩაშვილი (რეჟისორი): ვხედავ, რომ ამინდზე გაცილებით მეტია დამოკიდებული, ვიდრე ტექნიკაზე. ეს პირობები ქარმა შექმნა. როგორც ჩანს, ყველა მიმართულებით გაცილებით სერიოზული მუშაობაა საჭირო. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ყველაფერს წინასწარ მომზადება სჭირდება. მესმის, ტექნიკა ძალიან ძვირია, მაგრამ ამის გარეშე რთულია. რაც შეეხება მეზობლების და მეგობრების დახმარებას, ამაზე უარი არასდროს არ უნდა ითქვას. რუსეთმა იმდენი უბედურება მოგვაყენა და საქართველოში იმდენი ცეცხლი დაანთო, რომ მისთვის დახმარების თხოვნა, არა მგონია, რომელიმე ქართველისთვის სასურველი იყოს. ისტორიას რომ გადახედოთ, რუსეთი მაშინ გვეხმარებოდა, როდესაც გამოუვალი მდგომარეობა იყო, ამის შედეგად კი ჩვენ ვსუსტდებოდით. აქედან გამომდინარე, მასთან სათხოვნელად მისვლა ყველაზე უკანასკნელ მომენტში შეიძლება. ახლა, მგონი, ამის დრო არ არის.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე