"მითხარით იმ მერის მდგომარეობა, რომელმაც ვერ შეძლო მისი წინამორბედის მიერ ჰარი-ჰარალედ გაცემული ნებართვების გაუქმება. იმის ბერკეტიც კი არ ჰქონდა, მერიაში მოკალათებული "ნაცმოძრაობის" ძველი კადრები ახალგაზრდა, საღად მოაზროვნე კადრებით ჩაენაცვლებინა," - ამბობს მწერალი რევაზ მიშველაძე, რომელსაც "რეზონანსი" მოახლოებულ თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ესაუბრა.
"რეზონანსი": წინასაარჩევნო კამპანია უკვე ოფიციალურად დაიწყო. თქვენი აზრით, როგორია წინასაარჩევნო ფონი და გამარჯვების რა შანსები აქვთ საარჩევნო მარათონში ჩაბმულ პოლიტიკურ ძალებს?
რევაზ მიშველაძე: ყველაზე მტკივნეული პუნქტი წინასაარჩევნო მარათონში თბილისის მერის არჩევნებია. რამდენადაც საშუალება მქონდა, ამ სამი წლის განმავლობაში ჩამეხედა მერის მუშაობის სპეციფიკაში, მივედი იმ დასკვნამდე, რომ დიდი სახარბიელო რამ, მით უმეტეს ჩვენი სახელმწიფოს და კერძოდ დედაქალაქის განვითარების ამ ეტაპზე, არ არის მერის თანამდებობა. დავით ნარმანიასაც ჰქონდა სურვილი, სასიკეთოდ შეეცვალა ჩვენი ქალაქისთვის ბევრი რამ, მაგრამ მას ძალიან ცუდი მემკვიდრეობა ერგო. ეს მემკვიდრეობა, უპირველეს ყოვლისა, გამომდინარეობდა იქიდან, რომ ქალაქის მერის ხელთ არ აღმოჩნდა ბერკეტები, რაც წინა ხელისუფლების, წინა მერის მიერ დაშვებულ შეცდომებს, შეიძლება დანაშაულიც დავარქვათ, ერთი ხელის დაკვრით გამოასწორებდა.
მითხარით იმ მერის მდგომარეობა, რომელმაც ვერ შეძლო მისი წინამორბედის მიერ ჰარი-ჰარალედ გაცემული ნებართვების გაუქმება, პირველ რიგში, რომელიც ქალაქის ინფრასტრუქტურას შეეხებოდა. იმის ბერკეტიც კი არ ჰქონდა, მერიაში მოკალათებული "ნაცმოძრაობის" ძველი კადრები ახალგაზრდა, საღად მოაზროვნე კადრებით ჩაენაცვლებინა. თუნდაც ქალაქის ცენტრიდან აეღო შემარცხვენელი ველოსიპედის ძეგლი. ასე რომ, ვისაც დიდი სურვილი აქვს, ქვები ესროლოს ნარმანიას, ვეტყვი, ერთი წუთით თავი ჩაიყენეთ იმ მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც ნარმანია იმყოფებოდა. როცა ჯერ კიდევ არა მარტო მერიაში, არამედ მთელ საქართველოში, ფაქტობრივად, ორხელისუფლებიანობაა, და ეს პარლამენტშიც კარგად იგრძნობა, როცა საქართველოს ბედს ბაგირივით სხვადასხვა მხარეს ექაჩებიან, იქ, რა თქმა უნდა, დიდი ეროვნული პრობლემების გადაწყვეტა შეუძლებელია.
"რ": ახალი კანდიდატები შეძლებენ, როგორც თქვენ ბრძანებთ, ერთი ხელის დაკვრით გამოასწორონ წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული შეცდომები?
რ.მ: დღეს მერობის კანდიდატთა დიდი დოღია გამართული. მე ყველა კანდიდატს პატივს ვცემ. მათში არიან ე.წ. სტაჟიანი კანდიდატები, ვინც თვეების განმავლობაში თავი გამოიჩინა მერის მიერ დაშვებული ე.წ. შეცდომების მხილებაში და ახლა ამ ძველ კანდიდატებს - ხოშტარიას, ელისაშვილს, უდუმაშვილს - მხარში ამოუდგნენ კუკავა და ინაშვილი. მე, როგორც მათთან შედარებით ასაკით დროულმა კაცმა, მინდა, გავაფრთხილო ისინი, უფრო ადვილია, ყოველ მოსახვევში გააკრიტიკონ ყოფილი მერი და ილაპარაკონ მის მიერ დაშვებულ შეცდომებზე. მაგრამ მეცინება, როცა ისინი მოსახლეობას ერთი ხელის დაკვრით ქალაქის ცხოვრების გაუმჯობესებას ჰპირდებიან. მითხარით, რომელი პრობლემის გადაწყვეტას შეძლებენ იოლად, ქალაქში ავტოტრანსპორტის მოძრაობის პრობლემას, საცობების საკითხს თუ სხვას? ერთია სურვილი და მეორეა ქალაქის ურთულესი პრობლემები.
კუკავა იქნება, ინაშვილი თუ მთელი ეს მშვენიერი გუნდი ოპოზიციისა, თითქმის ერთნაირი შანსი აქვთ. თბილისმა არ იცის, რას შეძლებს რომელიმე მათგანი. სულ სხვაა პოლიტიკური ლაი-ლაი, ტრიბუნიდან ლამაზი სიტყვებით გამოსვლა და ჰაიჰარად გაცემული დაპირებები, სულ სხვაა პრაქტიკული საქმიანობა, როგორი მეურნე იქნება. მე ვფიქრობ, რომ მათ ლაპარაკის ნაცვლად კონკრეტული გეგმა მაინც უნდა დაუდონ წინ ამომრჩეველს. მართალია, გეგმის შედგენაში ხუთიანი გვიწერია, მაგრამ ისეთი გეგმა მაინც შეადგინონ, შესრულება რომ შეიძლებოდეს.
"რ": სახელისუფლო კანდიდატი შეძლებს იმის შესრულებას, რასაც თქვენ ბრძანებთ?
რ.მ: სახელისუფლო კანდიდატი თუ გაიმარჯვებს, მასაც დიდი ნებისყოფა დასჭირდება არსებული პრობლემების გადასაჭრელად, მაგრამ ასე იყო "ცუდი მერის" დროს და მე ვეღარ ვასწორებო, ხვალინდელ მერს ამის თქმის საშუალება აღარ ექნება.
"რ": თქვენი პროგნოზით, გამარჯვების რა შანსი აქვს სახელისუფლო კანდიდატს? ექსპერტთა გარკვეული ნაწილი არ გამორიცხავს, რომ მისი გამარჯვება ადამინისტრაციულ რესურსზე და ისევ ბიძინა ივანიშვილის ფაქტორზე იქნება დამოკიდებული. ეთანხმებით მათ მოსაზრებას?
რ.მ: დამისახელეთ რომელიმე სახელისუფლო კანდიდატი, უახლოეს წარსულში არჩევნებში მონაწილე, ვინც არ გამოიყენა ადმინისტრაციული რესურსი. სააკაშვილი ისე გახდა მეორედ პრეზიდენტი, კაბინეტიდან არ გამოსულა და, აბა, ვინ გაამარჯვებინა? კახი კალაძეს ჭკუა და გამოცდილება აქვს იმისთვის, რომ სალაპარაკო არ გახდეს, მისი მერად არჩევის საარჩევნო გზაზე ადამინისტრაციული რესურსი იყო გამოყენებულიო. უნდა ეცადოს, რომ არ გამოიყენოს. თუ ამას გააკეთებს, ამომრჩეველი ამასაც კარგად დაინახავს და მეტი შანსი ექნება, რომ იწოდებოდეს ხალხის მიერ არჩეულ მერად.
რაც შეეხება ივანიშვილის ფაქტორს მის გამარჯვებაში, ძალიან კარგს აკეთებს ბატონი ბიძინა, რომ არ ერევა ამ საქმეში. შეიძლება მისი ჩარევით ვითარება უფრო გამწვავდეს. მეგრელებს აქვთ ერთი კარგი ანდაზა - "ძუკუშ საქმე ძუკუს უჩქუ", ქართულად ეს ნიშნავს "ძუკუს საქმე ძუკუმ იცისო". ბიძინამ თვითონ იცის, სად და როდის უნდა გამოჩნდეს თავის ხალხთან.
"რ": ვითარების დაძაბვა ახსენეთ, მოსალოდნელი ხომ არ არის ამ არჩევნებზე რაიმე არეულობა?
რ.მ: რაიმე დიდი სახელმწიფო მნიშვნელობის არეულობა არ იქნება, მაგრამ სანამ ოპოზიციად სახელდებული, კარგად მოვლილ-შენახული, სახელმწიფო უწყებებში სამუდამოდ და საიმედოდ მოკალათებული "ნაცმოძრაობა" არსებობს, მანამდე გამოსვლები და პატარ-პატარა არეულობა საქართველოში ყოველთვის იქნება.