საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის მეორე რაუნდი, შესაძლოა, ამ კვირაში ვეღარ შედგეს. ყოველ შემთხვევაში, საპარლამენტო უმრავლესობაში აცხადებენ, რომ სხვა პრობლემები აქვთ, რომელთაც უნდა მიხედონ. ოპოზიცია კი თარიღის დანიშვნას კვლავ "ოცნებისგან" ელოდება, რადგან საკუთარი მოსაზრებები დაპირებისამებრ პარასკევ საღამოსვე გაუგზავნეს და ახლა უმრავლესობის პოზიციას ელოდებიან.
შეგახსენებთ, რომ საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით ოპოზიციურ პარტიებსა და უმრავლესობას შორის დიალოგი პარასკევს დაიწყო და, შეთანხმებით, ამ კვირაში უნდა გაგრძელებულიყო, თუმცა ზუსტი დრო ჯერ კიდევ უცნობია.
18 აგვისტოს გამართული პირველი შეხვედრა კი უშედეგოდ დასრულდა. კერძოდ, ოპოზიციის ლიდერების თქმით, უმრავლესობამ მოისმინა მათი მოსაზრება და მოთხოვნები საარჩევნო სისტემასთან დაკავშირებით. თქვეს, რომ მათ წინადადებებზე უმრავლესობაში გაიმართება კონსულტაციები და მომდევნო შეხვედრაზე მმართველი გუნდის პოზიცია და გადაწყვეტილებები გახდება ცნობილი.
"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" წევრ გიორგი ახვლედიანის თქმით, ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - ისინი, პირველ რიგში, ითხოვენ მაჟორიტარული სისტემის გაუქმებას და მხოლოდ ამის შემდეგ იმსჯელებენ სხვა საკითხებზე. წინააღმდეგ შემთხვევაში კი, მოლაპარაკება ჩიხში შევა და შეხვედრას პროტესტის ნიშნად დატოვებენ.
"იმედია, ამ კვირაში იქნება ეს შეხვედრა. უკვე სასაცილო და არასერიოზული სახე მიიღო წერილებით მიწერ-მოწერამ ერთი და იმავე პოზიციისა. ხელისუფლების მხრიდან რაღაც გაურკვეველი დროის გაჭიანურება ხდება.
"დაპირებისამებრ მიმართვა იმ დღესვე გავუგზავნეთ, სადაც ძალიან მკაფიოდ ჩამოვწერეთ ჯერ კიდევ 2 თვის წინ ჩვენი მოსაზრებები. მიმართვაში წერია, იმისათვის, რომ საარჩევნო გარემო იყოს სამართლიანი, პირველ რიგში, უნდა გადავიდეთ პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე; მეორე - გადაუნაწილებელი მანდატები უნდა გადანაწილდეს სამართლიანი პროპორციული პრინციპით; მესამე - ბლოკები არ უნდა გაუქმდეს; მეოთხე - ბარიერი უნდა დაიწიოს 5%-დან 3%-მდე და ასევე პრეზიდენტის არჩევითობა უნდა მოხდეს მუდმივად პირდაპირი წესით და არა მხოლოდ 2018 წელს," - გვითხრა ახვლედიანმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ამ კომპრომისზე თუ არ წავა, მოლაპარაკება ჩიხში შევა.
"თუ ხელისუფლება შეხვედრაზე იტყვის, რომ მაჟორიტარული სისტემა უნდა დარჩეს, იმ წუთსვე დავტოვებთ სხდომას და მოლაპარაკებაც ჩიხში შევა. ხელისუფლებასთან სხვა თემაზე რომ გავაგრძელოთ საუბარი, აუცილებლად უნდა გაუქმდეს მაჟორიტარული სისტემა. საუბარი, მოდით, მაჟორიტარული სისტემა დავტოვოთ და სამაგიეროდ უბარიერო გახდეს და ბლოკები გადმოაგდონ, ეგრე არ გამოვა. ეს საკითხები მთელი ოპოზიციისთვის არის კატეგორიულად მიუღებელი.
"ასე რომ, ხელისუფლებას თუ უნდა კონსენსუსი, მაშინ უნდა გააუქმოს მაჟორიტარული სისტემა და შემდეგ ვიმსჯელებთ ბლოკებზე, გადაუნაწილებელ მანდატებზე, ბარიერზე და სხვა", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ახვლედიანი.
წავა თუ არა ამ კომპრომისზე "ოცნება", ჯერჯერობით უცნობია. გუშინ "რეზონანსი" ცდილობდა დეპუტატ არჩილ თალაკვაძესთან დაკავშირებას, თუმცა მან ჩვენს სატელეფონო ზარებს არ უპასუხა. მამუკა მდინარეძემ კი გვითხრა, რომ ჯერ სხვა პრობლემები აქვთ და მათ უნდა მიხედონ.
"ამაზე არ გვინდა, რა, სხვა პრობლემები გვაქვს და მაგას უნდა მივხედოთ," - გვიპასუხა მდინარაძემ.