თიკო ოსმანოვა
23.08.2017

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება - შესაბამის აქტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ხელი უკვე მოაწერა. აქედან გამომდინარე, დღეიდან წინასაარჩევნო კამპანიაც სტარტს აიღებს, თუმცა ეს მხოლოდ ოფიციალურად, არაოფიციალურად კი უკვე ერთ თვეზე მეტია, რაც პარტიები კარდაკარ მოსახლეობას ხვდებიან და მეტ-ნაკლებად აქტიურ კამპანიას წარმართავენ.

 აღსანიშნავია, რომ წინასაარჩევნო კამპანიის დაწყების დღიდან ძალაში შედის შეზღუდვები სახელმწიფო სტრუქტურების, სახელმწიფო მოხელეებისა და თანამდებობის პირების მიმართ. მოქმედებას იწყებს საარჩევნო კოდექსით დაწესებული ყველა ის აკრძალვა, რომელიც წინასაარჩევნო პერიოდში ადმინისტრაციული რესურსის, თანამდებობრივი ან სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენების კუთხით არსებობს.

საარჩევნო კანონმდებლობაში საგაზაფხულო სესიის ბოლოს, "ქართული ოცნების" დეპუტატების ინიციატივით, განხორციელდა ცვლილებები, რომლის მიხედვით, პრეზიდენტი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს არჩევნებამდე 60 დღით ადრე ნიშნავს. შესაბამისად, წინასაარჩევნო კამპანიაც კენჭისყრამდე 60 დღით ადრე იწყება. მანამდე კი მოქმედებდა ნორმა, რომლითაც არჩევნების დანიშვნა და საარჩევნო კამპანიის დაწყება 60 დღეზე ადრე იყო შესაძლებელი.

ამ არჩევნებთან დაკავშირებით პოლიტიკური პარტიების აქტიურობა დიდად არ შეიმჩნევა, თუმცა რამდენიმე მათგანმა დედაქალაქში წინაასარჩევნო კამპანიის აქტიურად დაწყება უკვე მოასწრო. ზოგს ეს ეფექტურად გამოსდის, ზოგს კი - პირიქით.  საბოლოო არჩევანი კი მაინც მოსახლეობას მოუწევს, ხოლო ეს კამპანია რა გავლენას მოახდენს არჩევნების შედეგებზე, ორ თვეში გაირკვევა.

პიარ-სპეციალისტი ნინო პერტენავა ამბობს, რომ ყველაზე ეფექტური თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატის - ალეკო ელისაშვილის წინასაარჩევნო კამპანია ჩანს. სხვა ოპოზიციურ პარტიებს კი ურჩევს, ისეთი კამპანია დაგეგმონ, რომ მეორე ტურის ჩატარება აუცილებელი გახდეს.

"ჯერ აქტიური წინასაარჩევნო კამპანია არ დაწყებულა და, სიმართლე გითხრათ, მიკვირს, თუმცა ალბათ ზაფხულის და დასვენების სეზონის ბრალია. ამ ეტაპზე გამოკვეთილია კახი კალაძის, ზაალ უდუმაშვილის და ალეკო ელისაშვილის წინაასარჩევნო კამპანიები.

"სამივემ უკვე აქტიურად დაიწყო, ყველას თავისი მიმართულება აქვს აღებული. მაგალითად, კალაძე მოსახლეობას ჯერჯერობით ლაივებით ელაპარაკება, ზალიკო კი დადის უბნებში და ხვდება მოსახლეობას. ალეკო ხალხის მხრადაჭერით ადამიანებთან უშუალო კონტაქტზეა გასული. ჩემი აზრით, ამათგან გამორჩეულია ელისაშვილის კამპანია.

"მართალია, ამ არჩევნებში ლიდერი უკვე გამოკვეთილია, მაგრამ კამპანიაც ძალიან მნიშვნელოვანია, თუ მოხდა სწორად დაგეგმარება, შეიძლება იმ შედეგებამდე მივიდეთ, რომ მეორე ტური გაიმართოს. მეორე ტურში კი შეიძლება საკმაოდ "უცნაურად" გადანაწილდეს ძალები.

"ასე რომ, ვფიქრობ, ოპოზიციონერმა კანდიდატებმა მთავარი აქცენტი უნდა გააკეთონ მეორე ტურის ჩატარების აუცილებლობაზე. ეს ერთადერთი შანსია მათი გამარჯვების. თანაც უნდა გავიდეს არაპარტიული კანდიდატი, იმიტომ,რომ მხარდაჭერა მას უფრო აქვს," - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ნინო პერტენავა.

დასასრული

საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდია კი წინასაარჩევნო კამპანიას ერთგვარ რიტუალს უწოდებს, თუმცა ამ ეტაპზე კალაძის აქტიურობა უფრო მოსწონს, ვიდრე მისი ოპონენტების.

"ეფექტურობის თვალსაზრისით ამ ეტაპზე კალაძის კამპანიას გამოვყოფ - უფრო დინჯია და პოზიტიურ კონტექსტში ატარებს. ოპონენტებისგან კი უფრო მეტი პოპულისტური განცხადებები მოდის და მე მგონი, ბოლო პერიოდში ეფექტურობით ამომრჩეველზე აღარ მოქმედებს.

"მაგრამ ეს საკმაოდ ცვალებადი პროცესია. გარკვეული პერიოდის წინ, როდესაც პარტიები გააქტიურდნენ, მომეწონა ხოშტარიას რაციონალური მიდგომა, საინტერესო გამოხატულებები ჰქონდა. ბოლო პერიოდში კი რაღაც აგრესიული განცხადებებით გამოვიდა, რაც  მაინცდამაინც ეფექტურად არ მიმაჩნია. ამ დროისათვის შეიძლება ითქვას, რომ კალაძე უფრო ეფექტურია, თუმცა ცოტა ხანში რა იქნება, მერე გამოჩნდება.

"ამ კამპანიებს მე საერთოდ რიტუალს ვეძახი, იმიტომ, რომ არჩევნებზე მიდის ის კატეგორია, რომელსაც თავიდანვე აქვს განსაზღვრული თავისი არჩევანი. ანუ აქტიურ და სტაბილურ ამომრჩეველს ვგულისხმობ.

"მაგრამ ერთადერთი ცვლილება ის იყო, რომ საპარლამენტო არჩევნებზე სააკაშვილის სიტყვებმა დამატებითი მოტივატორის როლი ითამაშა მის მომხრეებში და მის მოწინააღმდეგეებში.

"რაც შეეხება ამ არჩევნებს, ეს ერთი შეხედვით არ ჩანს. ვფიქრობ, ამ არჩევნებს რაღაც გავლენა ექნება იმიტომ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი სტარტი 2020 წლის არჩევნებისთვის", - გვითხრა გამზარდიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×