ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად უკვე 12 ჰექტარზე მეტია დამწვარი. გუშინ გავრცელდა საგანგაშო ცნობა, რომ ტყეს ცეცხლი ატენის ხეობაშიც გაუჩნდა. მთავრობამ ტექნიკა და ადამიანები ატენშიც გადაისროლა. გუშინ გვიან ღამის მონაცემებით, ხანძარი კვლავ მძვინვარებდა, თუმცა პრემიერი კვირიკაშვილი, რომელიც სტიქიასთან ბრძოლის შტაბს ხელმძღვანელობს, აცხადებს, რომ მოსახლეობას საფრთხე არ ემუქრება;
როგორც ეკოლოგები აცხადებენ, ბუნებაში გახშირებული ხანძრის გამომწვევი მიზეზი ტყეების მასობრივი ხმობაა და ეს პროცესი სასწრაფოდ შესაჩერებელია, რადგან კიდევ უფრო საგანგაშო შედეგებს გამოიწვევს.
ადგილობრივების თქმით, ცეცხლი ახლოს მდებარე სოფლებისკენ მიიწევს, რის გამოც სტიქიის ზონას დამსვენებლებისა და მოსახლეობის ნაწილი ტოვებს. ეროვნულ სატყეო სააგენტოში კი ამბობენ, რომ ძლიერი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები ჩნდება, რაც მის ჩაქრობას ართულებს.
საგანგებო შტაბის ინფორმაციით, ბორჯომის ხეობის ტყის მასივში ხანძრის ლოკალიზების პროცესში, გარდა ვერტმფრენებისა, 400-მდე მეხანძრე-მაშველი, 100-ზე მეტი ტყის მცველი, შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის 500 თანამშრომელი და ათეულობით მძიმე ტექნიკაა ჩართული, რომელთა მობილიზებაც საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან მოხდა. თუმცა ვერტმფრენები ღამით მუშაობას ვერ ახერხებენ.
გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და დარგის ექსპერტების განცხადებით, ცეცხლის სწრაფად გავრცელება, გარდა ძლიერი ქარისა, რთულმა რელიეფურმა პირობებმა და ტერიტორიაზე არსებული ნახანძრალი მცენარეების, ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა.
რაც შეეხება მეზობელი ქვეყნების დახმარებას, საქართველოს შესაბამისი ძალები თურქეთმა, სომხეთმა, აზერბაიჯანმა და ბელარუსმა გამოუგზავნეს. გარდა ამისა, დახმარების სურვილი გამოთქვეს ევროკავშირმა, აშშ-მ და რუსეთმაც კი. თუმცა ამ უკანასკნელს უარი "საჭიროების არარსებობის" გამო ეთქვა.
დასასრული
"რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა განვიხილოთ აბსოლუტურად ყველა ვერსია და ვარიანტი. რამდენადაც ჩემთვისაა ცნობილი, რუსულმა მხარემ გამოთქვა მზადყოფნა, უბრალოდ, არსებული დახმარების პირობებში, ეს დახმარება არ გახდა საჭირო. ჩვენ არსებული ძალებით ამ ყველაფერს აუვალთ. არანაირი აჟიოტაჟის საფუძველი არ არის. მოსახლეობა, მინდა, დავამშვიდო, რომ იქნება დაცული ცეცხლისგან," - განაცხადა პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები
ეკოლოგების შეფასებით, რაც კი აქამდე საქართველოში ხანძარი გაჩენილა, ბორჯომის ხანძარი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბურია. მათივე თქმით, ტყის ხანძარს თავისი სპეციფიკა აქვს, ის მიწისქვეშა სახითაც ხასიათდება, რის გამოც მისი ჩაქრობა მარტივი არ არის.
ეკოლოგ ნინო ჩხობაძის ვარაუდით, ხანძარი კლიმატის ცვლილებების შედეგია და იქ ცეცხლს ხელოვნურად არავინ გააჩენდა.
"ამ პერიოდში მაღალი ტემპერტურა იყო. ამას გარდა, დამოკიდებულია ტენიანობასა და ქარზე, თან, როგორც ჩანს, ხანძრის ჩაქრობა საწყის ეტაპზე ვერ მოხერხდა. სიცხეების გამო ყველაფერი გადამხმარია. სამწუხაროდ, ხანძარი ჩვენთვის იშვიათი აღარ არის, მიმდინარე წელს ჩვენს ეკოსისტემებს წყალი დააკლდა, წვიმები არ იყო და შედეგი არის ის, რასაც დღეს ვხედავთ," - განაცხადა ნინო ჩხობაძემ.
"დემოკრატიის ინსტიტუტის" ხელმძღვანელის, ეკოლოგ ლაშა ჩხარტიშვილის შეფასებით, ეს ერთ-ერთი ყველაზე დიდი ხანძარია, რაც კი საქართველოს ტერიტორიაზე აქამდე აღწერილა. მისი აზრით, ხანძრის ლოკალიზება დასაწყის ეტაპზევე შეიძლებოდა.
"თუ დივერსიასთან არ გვაქვს საქმე (არსებობს ამის ალბათობაც), ეს გამოიწვია ტყის მართვის სფეროში არსებულმა უმძიმესმა მდგომარეობამ და ბუნების მიმართ სრულმა გულგრილობამ. ვხედავთ, რომ მთავრობა მხოლოდ საარჩევნოდ საუბრობს ეკოლოგიის პრიორიტეტულობაზე, სინამდვილეში კი საწინააღმდეგოდ ექცევიან გარემოს.
"ტყის დაფინანსება არის მიზერული, ისევე, როგორც მეტყევეების რაოდენობა, რომელთა ანაზღაურებაც, ასევე, ყველაზე დაბალია. ამას ემატება სხვადასხვა ტიპის პარაზიტების და მავნე ორგანიზმების გავრცელება, რამაც ჩვენს ტყეებში საგანგაშო ხასიათი მიიღო და ეს პირდაპირ კავშირშია ხანძართან. ტყეები მასობრივი ხმობის წინაშეა და ეს პროცესი სასწრაფოდ შესაჩერებელია. ეს ერთ-ერთი მთავარი გამომწვევია იმისა, რომ საქართველოს ტყეებში ხანძარი გახშირდა. მოგეხსენებათ, გამხმარ ხეებს ცეცხლი ადვილად ეკიდება და შემდეგ გავრცელებაც ასევე მარტივად ხდება. ეს არის უდიდესი საფრთხე, რაც კვლავ ემუქრება საქართველოს სხვა რეგიონებსაც," - ამბობს ლაშა ჩხარტიშვილი და აღნიშნავს, რომ არც უკანონო ჭრის კვალის დამალვის მიზნით ხანძრის შეგნებულად გაჩენის ვერსიაა გამოსარიცხი.
რაც შეეხება ხანძრის ჩაქრობას, ეკოლოგის თქმით, ამხელა ტრაგედია პირველ ორ დღეს გამოჩენილმა ხანძრის არაკვალიფიციურმა, არასრულმა და არასწორმა შეფასებამ გამოიწვია.
"პირველ ღამეს მაინც არსებობდა შესაძლებლობა, რომ ხანძარი ჩამქრალიყო დროულად. ამის შესაბამისი აღჭურვილობა და ცოცხალი ძალა საქართევლოს აქვს, მაგრამ არავინ გამოიყენა. ღამის ქრობასთან დაკავშირებით ჩვენ ვისმენთ სამარცხვინო კომენტარებს. მთაწმინდის ხანძრის დროს აცხადებდნენ, რომ თითქოს ღამით ეს ვერტმფრენები არ დაფრინავენ, მაგრამ მაშინ ჩვენ დავამტკიცეთ, რომ ღამე ქრობის ძალიან კარგი პრაქტიკა არსებობს მსოფლიოში, რაც საქართველოსაც შეუძლია იმ ტექნიკით, რაც აქვს. ამის საშუალებას იძლევა ყბადაღებული "სუპერ-პუმას" ვერტმფრენები (ისინი ღამე მოქმედებისთვისაცაა განკუთვნილი). რატომ არ იყენებენ მას, ამაზე ხელისუფლებამ უნდა გასცეს პასუხი. მაგრამ მე მაქვს ამაზე ჩემი ინფორმაცია, რომ აქ არსებობს პილოტის პრობლემა. მათ არ ჰყავთ პილოტი და არ იციან, როგორ გამოიყენონ ეს ტექნიკა, თუმცა ამას ღიად და თამამად ვერ ამბობენ," - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი და აღნიშნავს, რომ ხელისუფლებას გარემოს სფერო მეასეხარისხოვნად მიაჩნია.
"ოცნების" მთავრობაში მოსვლის პერიოდში მე ვიყავი მათი გარემოს დაცვის პროგრამის ავტორი და ძალიან დიდი შიდა ბრძოლა და ძალისხმევა დამჭირდა, რომ ეს საკითხი პრიორიტეტული ყოფილიყო. მაშინ ამაზე დამთანხმდენენ, მარამ დღეს თუნდაც დაფინანსების კუთხით ყველაზე ბოლოს ეს სფეროა. ნებისმიერი სამინისტროს პრემია-დანამატების თანხა სულ ეყოფოდა შესაბამისი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობის შეძენას. თავდაცვის სამინისტროს ძალები დღემდე არ ჩართულა საქმეში, ეს არის ან არაკვალიფიციურობა ან სრული მავნებლობა," - აცხადებს ეკოლოგი, რომლის ინფორმაციითაც, "ბრიტიშ პეტროლეუმს" შესაბამისი კვალიფიკაცია და გამოცდილებაც აქვს, ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობაც, თუმცა ხელისუფლებას ეს რესურსიც არ გამოუყენებია, რაც ასევე გამოსაძიებელია.
"აქ ერთ-ერთი მნიშვნელოვანია გამოძიების საკითხი. ჩვენ არ გვაქვს, პრაქტიკულად, არც ერთი შემთხვევა, შეგნებული თუ გულგრილობით გაჩენილი ხანძრის გაჩენისთვის ვინმე დასჯილიყოს. ასეთი მასშტაბის სტიქია ევროპის რომელიმე ქვეყანაში რომ მომხდარიყო, მსგავსი უუნარობის გამო ხელისუფლება მთლიანად გადადგებოდა. თამამად შემიძლია გითხრათ, რომ პირველ 2 დღეში გამოჩენილი დანაშაულებრივი ნიშნები ხელისუფლების მხრიდან არის ამ ტრაგედიის მასშტაბის მიზეზი და აქ გარემოს დაცვის მინისტრის ფუნქცია რა იყო, საერთოდ ვერ გავიგე," - აცხადებს ლაშა ჩხარტიშვილი და აღნიშნავს, რომ ხანძრის შედეგები ძალიან მძიმე იქნება.
"ათობით ჰექტარზეა საუბარი და, როგორც ჩანს, მოცულობა კიდევ გაიზრდება. მით უმეტეს, დამრეცზე ტყეს მეწყერდამცავი ფუნქციაც აქვს. ამიტომ, თუ ეს მდგომარება გაგრძელდა, უახლოეს წლებში შეიძლება ამ უნიკალური ხეობის მასობრივი დამეწყვრა მივიღოთ," - აცხადებს ჩხარტიშვილი.