რეზონანსი
24.08.2017

 (რეზონანსი) საგანგებო შტაბის განცხადება ბორჯომის ტყეში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში, ამ დროისთვის, 1500-მდე ადამიანია ჩართული. დილიდან მუშაობა 6-მა ვერტმფრენმა განაახლა. მაშველი-მეხანძრეები, მეტყევეები, პოლიციელები, 24 საათიანი რეჟიმით მუშაობას აგრძელებენ.

„ხანძრის ძირითადი მონაკვეთები სპეციალურ თხრილების რკალშია მოქცეული, რაც გავრცელების საშუალებას გამორიცხავს. ამ ეტაპზე ყველაზე რთული კერა არდაგანშია, ამ მონაკვეთზე გუშინაც მძიმე ვითარება იყო. არდაგანის მონაკვეთზე ინტენსიურად მუშაობს ავიაცია. მაღალი ტემპერატურის გამო მთელ რიგ ადგილებში ტორფის გავრცელება შეიმჩნევა, რაც სიტუაციას ართულებს.

"გარემოს დაცვის სამინისტრომ სტიქიის ზონების მიმდებარე სოფლებში, კერძოდ, ცემში, სადგერში, დაბაში, წაღვერში, ტბასა და ყვიბისში, ასევე დაბა ბაკურიანსა და ქალაქ ბორჯომში ჰაერის ხარისხის კვლევა განახორციელა. კვლევების შედეგად, ყველა კომპონენტი ზღვრულად დასაშვები ნორმების შესაბამისობაშია.

"ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ბავშვებისთვის, ქრონიკული დაავადებების მქონე მოზარდებისთვის და ორსულებისთვის მანამდე მოქმედი რეკომენდაცია მოხსნილია.

"რაც შეეხება, სხვა რეგიონებში მიმდინარე ხანძარსაწინააღმდეგო სამუშაოებს, ამ დროისათვის, ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ხანძარი ლოკალიზებულია. თუმცა ადგილზე შეინიშნება დაკვამლიანების რამდენიმე კერა, რომლებიც შემოსაზღვრულია თხრილებით, რაც ცეცხლის გავრცელების საფრთხეს ანეიტრალებს.

"გარემოს დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები ცეცხლს მთელი ღამის მანძილზე, რთულ რელიეფურ პირობებში ებრძოდნენ.

"ანდაქის ხეობაში ხანძარი 22 აგვისტოს თავდაპირველად სოფელ ბახაოში, მეცხვარის სახლს მოედო და შემდგომ საძოვრებზე და ფოთლოვანი ტყის ნაწილზე გავრცელდა. ხანძრის ლოკალიზაცია 12 საათში მოხერხდა. დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერები, სასაზღვრო პოლიციის წარმომადგენლებთან და დუშეთის რაიონის მეხანძრე-მაშველებთან ერთად, შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე იმყოფებიან და ხანძრის სრულ ლიკვიდირებამდე ტერიტორიას არ დატოვებენ.

"ხანძარი ლიკვიდირებულია დუშეთის რაიონის, სოფელ ზემო თვალივში ვერტმფრენმა მუშაობა სტიქიის ზონაში უკვე დაასრულა.

"ამ დროისთვის მთაზე ცეცხლი სრულად ჩამქრალია, ცეცხლის კერები აღარ შეინიშნება. სამაშველო სამსახურები სრული ლიკვიდირებისა და ვითარების კონტროლის მიზნით, ნახანძრალ ადგილებს კიდევ ერთხელ შეამოწმებენ.

დღეს, 15:00 საათზე, ატენის ხეობაში თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის ხელმძღვანელი მალხაზ ჩაჩიბაია ჩავლენ, რადგან ვითარებას ადგილზე გაეცნონ.

"ამ ეტაპზე ატენის ხეობაში ჯარისკაცები კვლავ მობილიზებულები არიან, რათა განმეორებითი საფრთხე თავიდან იქნეს აცილებული.

საგანგებო შტაბის წევრები კვლავ ბორჯომის ხეობაში რჩებიან და ქვეყნის მასშტაბით კოორდინირებაც, სტიქიური უბედურების ყველაზე მასშტაბური ადგილიდან ხდება. ბორჯომის ხეობაში რჩება პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი", - აღნიშნულია საგანგებო შტაბის ინფორმაციაში.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×