ნინო ქეთელაური
24.08.2017

"მეორე ტურის დაშვება ელისაშვილთან დაპირისპირების შემთხვევაში "ქართული ოცნებისთვის" ფრიად არასასურველი იქნება," - ამის შესახებ ფსიქოლოგი და პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე "რეზონანსთან" საუბრისას აცხადებს.

მისი თქმით, სოციალური კვლევებით თუ ვიმსჯელებთ, პირველ ადგილზე "ქართული ოცნებაა", ხოლო მეორე ადგილზე "ნაციონალების" კანდიდატი ან ალეკო ელისაშვილი გავა. თუმცა მეორე ტურის შემთხვევაში ელისაშვილისა და კალაძის დაპირისპირება, შესაძლოა, "ოცნებისთვის" არასასურველი შედეგით დასრულდეს.

გახშირებული ხანძარი, მოსალოდნელი თვითმმართველობის არჩევნები ის საკითხებია, რაზეც "რეზონანსი" პოლიტოლოგს ესაუბრა.

 რამაზ საყვარელიძე: საქართველოში შეუძლებელი აღარაფერია, მაგრამ, მეორე მხრივ, პოლიტიკური პარტიის წევრებიც საქართველოში მცხოვრებნი არიან და ამ ხანძრით რას მოიგებენ ისეთს, რაც მათ, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქეებს, წინ არ დახვდებათ?! ამიტომ შეიძლება ეს ეჭვი ლოგიკურია, მაგრამ აღნიშნული მოტივიდან გამომდინარე, დაუჯერებელია.

"რეზონანსი": გახშირებული ხანძრის ფონზე როგორ შეაფასებდით ხელისუფლების მოქმედებას?

რ.ს: ხელისუფლების მოქმედება რომ შევაფასო, ტექნოლოგიების კარგი მცოდნე უნდა ვიყო. მონდომება და ძალისხმევა რომ არის, ეს ფაქტია. მე ისეთივე პირველადი შთაბეჭდილება მაქვს, როგორიც თბილისში ვერეს ტრაგედიის დროს. ჩემნაირი პროფესიის კაცისთვის არც იქ და არც ამჟამად შესაძლებელი არ არის იმის თქმა, რამდენად ადეკვატურია ხელისუფლების მოქმედება. რაც შეეხება თავდადებას, მაშინაც იყო და ახლაც ვხედავ. იმიტომ, რომ მეხანძრეები, ფაქტობრივად, სიცოცხლის რისკის ფასად მოქმედებენ. ხოლო ხელისუფლებამ, რაც ჩვენს თვალსაწიერში ჩანს, შეძლებისდაგვარად ყველა ქვეყნის მობილიზაცია შეძლო და ისინიც გვეხმარებიან. იყო თუ არა რაიმე ნიუანსი, რაც მთავრობას უკეთესად შეეძლო გაეკეთებინა, ჩემთვის რთული სათქმელია.

მე ვუერთდები იმ შთაბეჭდილებას, რომ, ზოგადად, ქვეყანა მზად უნდა იყოს სტიქიური უბედურებისთვის, ისევე როგორც მზად უნდა ყოფილიყო თბილისში წყალდიდობის დროს. მერე უკვე თავგანწირვა იყო, მაგრამ მშვიდ მდგომარეობაში გათვლა, რა გჭირდება და რა არა, მაგალითად, ხანძრის შემთხვევაში რამდენი ვერტმფრენი გჭირდება, ეს დაგვაკლდა როგორც პირველ, ისე მეორე შემთხვევაში.

"რ": რუსეთმა საქართველოს ხანძრის ლოკალიზებაში დახმარება შესთავაზა, რაზეც პრემიერმა კვირიკაშვილმა განაცხადა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს. როგორ ფიქრობთ, რუსეთის დახმარებაზე უარის თქმა სწორი გადაწყვეტილება იყო?

რ.ს: გააჩნია საქმისთვის თუ პილიტიკისთვის. თუ საქმისთვის, მაშინ რომ ვთქვათ, რუსეთს ისეთი ძლიერი ხანძარსაწინააღმდეგო ტექნოლოგიები აქვს, რომ შესაშურიაო, ვერ იტყვი. თავად ვერ უმკლავდება ხანძარს. ხოლო თუ დათანხმებას პოლიტიკურად განვიხილავთ, ეს გარკვეული ხინჯის შემცველი იქნებოდა.

საქმე რომ გვქონდეს ისეთ ქვეყანასთან, რომელიც ამ სფეროში დიდი მიღწევებით გამოირჩევა, მაშინ კიდევ იფიქრებს ადამიანი, რომ ამ დახმარების ანალოგის მოპოვება შეუძლებელია და, აბა, რა უნდა გვექნაო. მაგრამ საქმე ასე არ არის და რჩება მხოლოდ პოლიტიკური მხარე.

გარდა ამისა, რუსეთს უფრო უნდა, გაითამაშოს, რომ კეთილია და არა აგრესორი. ჩვენ რატომ უნდა დავეხმაროთ, რომ აგრესორის იმიჯი მოიხსნას და კეთილ ბაბუად მოგვევლინოს. ხანდახან გაუგებარია ხოლმე, როდესაც ის ადამიანები საუბრობენ ამაზე, ვინც მხარს უჭერს რუსეთთან დიალოგს, ურთიერთობის აღდგენას და ა.შ.

"რ": ამასობაში მოახლოვდა თვითმმართველობის არჩევნები. როგორ შეაფასებდით მერობის კანდიდატების შანსებს?

რ.ს: წინასაარჩევნო კამპანია, 2 დღეა, დაიწყო და ქალაქს უკვე შეეტყო. გაჩნდა ბანერები. თუმცა მანამდეც ინტერნეტსივრცეში უკვე აქტიურობდნენ, ძირითადად კალაძე და ელისაშვილი. კონკრეტულად ამ ფაზაში შედარებით პასიურები იყვნენ სხვა კანდიდატები, თუმცა, სამაგიეროდ, ისინი როგორც ამბობენ, მოსახლეობასთან უშუალო კონტაქტი ჰქონდათ და მათ ხვდებოდნენ. რომელი უფრო სწორი სტრატეგია და შედეგის მომტანი იქნება, ამას დრო გვიჩვენებს. მაგრამ რეიტინგებით თუ ვიხელმძღვანელებთ, კალაძეა ლიდერი და ალბათ მეორე ადგილისთვის უდუმაშვილი და ელისაშვილი იბრძოლებენ. ჯერჯერობოთ სოციალური კვლევებით ასეთი სურათი იკვეთება.

"რ": როგორ ფიქრობთ, მეორე ტური იქნება?

რ.ს: მე დარწმუნებული ვარ, ხელისუფლება პირველსავე ტურში შეეცდება, მოიგოს, თუმცა თუ მეორე ადგილზე ელისაშვილი გავა და მეორე ტური იქნება, ეს გულისხმობს, რომ მთელი ოპოზიციის ხმები წავა ელისაშვილთან. ხოლო თუ მეორე ტურში "ნაციონალები" გავიდნენ, მაშინ აქ საქმე გვექნება ზოგადი არჩევანის ასახვასთან, ანუ "ოცნება" უფრო მხარდაჭერილი აღმოჩნდება, ვიდრე "ნაციონალური მოძრაობა".

"რ": ფიქრობთ, რომ ელისაშვილს დიდი შანსი აქვს?

რ.ს: თუ ელისაშვილი გავიდა, მას უპარტიოს სტატუსი აქვს და გარდა ოპოზიციური ხმებისა, მასთან იმ ამომრჩევლის ხმებიც წავა, ვინც ამბობს, რომ არც ერთი პარტია არ მოსწონს, რაც ძალიან მნიშვნელოვანი შენამატი იქნება მისთვის. ამიტომ მეორე ტურის დაშვება ელისაშვილთან დაპირისპირების შემთხვევაში "ქართული ოცნებისთვის" ფრიად არასასურველი იქნება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×