უკვე მეხუთე დღეა, ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარს აქრობენ. როგორც იქ მყოფი მთავრობის წევრები ამბობენ, ცეცხლის ჩაქრობას ხელს რთული რელიეფური მდგომარეობა და ძლიერი ქარი უშლის.
გუშინ ხეობაში, სტიქიის ზონაში, ბენზინით სავსე 20-ლიტრიანი ბიდონი იპოვეს. როგორც შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, როგორც პოლიციელი, არც ერთ ვერსიას არ გამორიცხავს და თითოეულ მათგანზე მუშაობს.
"ხანძრის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ ვერ გესაუბრებით, ისევე როგორც ვერ გეტყვით, ხანძარი რა ფართობზეა გავრცელებული. საკმაოდ დიდი დაკვამლიანებაა. სრული ლიკვიდაცია როდესაც მოხდება ხანძრის, შემდეგ შეგვეძლება ჩვენ ამ დეტალებზე საუბარი. როგორც პოლიციელი, არაფერს არ გამოვრიცხავ და ყველა ვერსიაზე ვმუშაობთ," - აღნიშნა მინისტრმა.
როგორს შსს-ში ამბობენ, ბორჯომის ტყეში გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს და სწორედ ამ გამოძიების ფარგლებში ტყეში ბიდონის აღმოჩენის საკითხზეც მოხდა რეაგირება.
შესაძლებელია თუ არა, ხანძარი დივერსიით იყოს გამოწვეული? - ამ კითხვით "რეზონანსმა" საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა.
ნანა კაკაბაძე (უფლებადამცველი): თეორიული შესაძლებლობა ყველაფრის არსებობს, მათ შორის დივერსიის, მაგრამ ფაქტია, ხანძარი დივერსიის გარეშეც რომ გაჩენილიყო, ხელისუფლება აბსოლუტურად მოუმზადებელი იყო მიუხედავად იმასა, რომ მთელ მსოფლიოში ზაფხულობით ხანძრის გაჩენაზე ინფორმაცია აქვთ. საქართველოში ეს ალბათ გარდაუვალიც იყო. მით უმეტეს ისეთი მეზობელი სახელმწიფო გვყავს, რომელმაც ერთხელ ზუსტად ამ ადგილას ხანძარი გააჩინა. ეს რატომ არ იყო გათვალისწინებული და ტექნიკური საშუალებები შეძენილი რატომ არ ჰქონდათ, მთელ მსოფლიოს რომ ეხვეწებიან? ჯიპებს და დანამატებს ხომ კარგად იღებენ? ტექნიკის შეძენას რა უნდოდა - სამი დღის განმავლობაში იდგნენ და ხანძრის მძვინვარებას შეჰყურებდნენ.
ქეთი ბექაური (იურისტი): ბენზინის უცნაური ბიდონების აღმოჩენის თემა ამ სიტუაციაში ძალიან საინტერესოა. ასეთი ფაქტი, რა თქმა უნდა, ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს და გამოძიებული უნდა იქნეს. თუ ოპერატიულად იმოქმედებენ, შესაძლოა, საეჭვო პირთა წრე, ვინ მიიტანა იქ ბიდონი, გამოიკვეთოს. ამის შემდეგ შეიძლება კვალიფიკაცია მიეცეს. წინასწარ თქმა, რა სახის ქმედებასთან გვაქვს საქმე, ცოტა რთულია, თუმცა ვარაუდი ნამდვილად არის. შს მინისტრმა სწორად თქვა. წინასწარ რაიმეს თქმა არ შეიძლება, რადგან თითოეული განცხადება მტკიცებულებაზე დაყრდნობილი უნდა იყოს. შესაძლოა, სამხილები აღმოჩნდეს, თუ გამოძიება ოპერატიულად და ობიექტურად ჩატარდება.
ანა რატიანი (ჟურნალისტი): შეთქმულების თეორიის მიხედვით, ვარაუდი ყველაფერზე შეიძლება. რა თქმა უნდა, ეს ვერსია გამორიცხული არ არის. ასე სპეციალურად დადებული ბიდონის აღმოჩენა, ცოტა არ იყოს, სასაცილოდ მიმაჩნია. ძალიან უკულტურო ხალხი ვართ, ამას გულისტკივილით ვამბობ. ტყეში ისე ვიქცევით, აღარც არაფრის აკრეფა გვინდა, ნამწვავი სიგარეტის ჩაქრობა არ გვინდა, მწვადის შესაწვავი ცეცხლის ჩაქრობაც არ გვინდა. ამ შემთხვევაში ხალხი ძალიან უკულტური და ველურია. ეს ხალხის დაუდევრობა და მთავრობის გულარხეინობაა. სანამ ასეთი ფაქტი არ მოხდება, თავს არ მოიფხანენ. დივერსია ყველაზე ნაკლებად მგონია, რადგან ჭკვიანი დივერსანტი ამ ნივთს საერთოდ არ გამოაჩენდა. ისე გააკეთებდა, რომ ეს ბუნებრივ მოვლენას დაკავშირებოდა. ვის რაში სჭირდება, თუ ეს სპეციალურად არაა მიტანილი იმისთვის, რომ ვიღაცისკენ ხელი გაიშვირონ და საკუთარი დაუდევრობა დივერსიას გადააბრალონ?!
ლადო ვარდოსანიძე (არქიტექტორ-ურბანისტი): გამოსარიცხი აბსოლუტურად არაფერი არ არის. ვფიქრობ, ყველა ვერსია უნდა შემოწმდეს. სხვათა შორის, შს მინისტრმა ძალიან კარგად თქვა, მოხდენილად გამოუვიდა, პოლიციელი ვარ და არაფერს არ გამოვრიცხავ, ყველა ვერსია უნდა ვიცოდეო. სწორია, ყველა ვერსია შესწავლილი უნდა იყოს. საზოგადოებამ ეს ყველაფერი უნდა იცოდეს. თუ ვინმე დამნაშავეა, უნდა დაისაჯოს, მთვარი ესაა. ქვეყანა ასეთი შემთხვევებისთვის უნდა მოემზადოს. მაინცდამაინც არ მომეწონა, ყველა პოლიტიკოსი იქ რომ არის. პრემიერი მესმის, უნდა იყოს, კოორდინატორია. არასწორია, რომ თავშეყრის ადგილი გახდეს და იმის დემონსტრირება მოახდინონ, თუ როგორი პატრიოტები არიან. ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოს. ყველა მინისტრის იქ მისვლაც სწორი არ არის. რომელიმე კონკრეტული ორგანიზაცია უნდა იყოს ყველაფერზე პასუხისმგებელი.
სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"
ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე
საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"
ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე