ია აბულაშვილი
24.08.2017

"მთავარი პრიზი ამ არჩევნებზე დედაქალაქის მერის სავარძელია. ცხადია, მმართველი პარტია არაფრით დათმობს დედაქალაქს" - აცხადებს პოლიტოლოგი სოსო ცინცაძე, რომელსაც "რეზონანსი" თვითმმართველობის არჩევნებზე ესაუბრა.

"რეზონანსი": თქვენი აზრით, რამდენად განსხვავებული იქნება ეს არჩევნები წინა არჩევნებთან შედარებით და რა იქნება მისი მთავარი მახასიათებელი?

 სოსო ცინცაძე: ცხადია, მთავარი პრიზი ამ არჩევნებზე დედაქალაქის მერის სავარძელია. ისიც ცხადია, რომ მმართველი პარტია არ დათმობს დედაქალაქს, ეს ერთი მონაცემია. შემდეგი მონაცემი ისაა, რომ ნარმანიამ ისე გაუტეხა სახელი "ქართულ ოცნებას", მმართველი პარტიის კანდიდატს საგრძნობლად გაუძნელდება ბრძოლა, მაგრამ აქვე გასათვალისწინებელია საქართველოს პოლიტიკური გამოცდილებაც, რაც ძირითადად თავად ოპოზიციის დაქსაქსულობაში გამოიხატება.

ადრეც, უგულავას შემთხვევაში, საკმარისი იყო, გაერთიანებულიყო მთელი ოპოზიცია და ბატონი გიგი უგულავა საკუთარი ყურებივით ვერ იხილავდა მერის კაბინეტს. აშკარაა, რომ ოპოზიციამ ვერ მოახერხა, ერთიანი კანდიდატით პირისპირ წარმდგარიყო მმართველი პარტიის წინაშე და, ჩემი აზრით, ეს ერთადერთ მთავარ გარანტად იქცევა კალაძის გამარჯვებისთვის.

"რ": თუმცა ოპოზიციას იმედი აქვს, რომ საკრებულოშიც მრავლად იქნებიან წარმოდგენილი.

ს.ც: ყველა მონაცემით და გამოკითხვით, საკრებულო კვლავ მმართველი პარტიის ხელში დარჩება. ამიტომ ჯერ კიდევ საკითხავია, რას ნიშნავს ქალაქისთვის მერი საკრებულოს მხარდაჭერის გარეშე. ეს ჩვენ უკვე ვნახეთ უგულავას მერობის ბოლო პერიოდში.

"რ": სახელისუფლო გუნდის კანდიდატის პირად შესაძლებლობებზე რას იტყვით?

ს.ც: რაც შეეხება კალაძის პიროვნებას, ნარმანიასაგან განსხვავებით, მას აქვს შანსი (ჯერჯერობით მხოლოდ შანსი), იყოს ეფექტური მერი. რატომ? თუნდაც იმიტომ, რომ კალაძისთვის დედაქალაქის მერობა, ჩემი აზრით, მხოლოდ ტრამპლინი იქნება. ამიტომ ის ყველაფერს გააკეთებს, რათა თავიდან აიცილოს  წინამორბედის ხვედრი - თბილისელთა ირონია და სასტიკი კრიტიკა.  გარდა ამისა, კვლავ ნარმანიასაგან განსხვავებით, კალაძე ნამდვილად დამოუკიდებელი პოლიტიკოსია. თუ ნარმანიასთვის "ოცნების" ხელისუფლების "ლაბორანტიც" კი "დირექტიული ორგანო" იყო, კალაძე ამ მხრივ სრული კარტბლანშით ისარგებლებს.

მისი პირველივე განცხადებები, რომელიც ნარმანიას დაპირებათა კასკადისაგან მკვეთრად განსხვავდება და გაცილებით თავშეკავებულია, იმის იმედს იძლევა, რომ ის მეტი სერიოზულობით განიხილავს მის წინაშე მდგარ ურთულეს პრობლემებს, თუმცა ეს მხოლოდ ჩემი პირადი მოსაზრებაა. კალაძეს მოუწევს, გაუძლოს არა მხოლოდ "ზემოდან წნეხს", რომელიც მისთვის პრობლემად არ იქცევა, არამედ ქართულ ტრადიციულ სანათესაო-საძმაკაცო- თანაგუნდელთა წნეხს, რომელებიც მოუთმენლად ელოდებიან თავიანთი ფავორიტის გამარჯვებას თანდაყოლილი ტრადიციული ბონუსებით.

"რ": საარჩევნო მარათონში ჩაერთნენ მერობის ახალი კანდიდატები - კუკავა და ინაშვილი. ექსპერტთა გარკვეული ნაწილი მიიჩნევს, რომ სარბიელზე მათი გამოჩენით მეორე ტურის ალბათობა გაიზარდა. როგორ გგონიათ, აუცილებელი გახდება მეორე ტური?

ს.ც: მეორე ტურზე ვერაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ კალაძის პროგრამა მაქსიმუმი იქნება პირველსავე ტურში გამარჯვება, თუმცა არჩევნებიდან 3-4 თვის შემდეგ აღარავის ეხსომება, რომელ ტურში გაიმარჯვა მოქმედმა მერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×