რუსეთმა ბელარუსში - მასშტაბური სამხედრო წვრთნები, საქართველოში კი თხრილების გავლება დაიწყო. პოლიტოლოგთა შეფასებით, ჩრდილოელი მეზობელი ფრონტის ახალ ხაზს ხსნის. ანალიტიკოს ვახტანგ მაისაიას აზრით, ეს არის ძალის დემონსტრირება, რისი ადრესატიც დასავლეთია.
ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ რუსმა სამხედროებმა სოფელ არცევის მინდვრებზე სასაზღვრო ხნულების გავლება დაიწყეს. ოკუპირებულ არცევს ოფიციალური თბილისის მიერ კონტროლირებადი სამი სოფელი - ჯარიაშენი, აძვი და ქვეში ესაზღვრება.
ქვეშის მცხოვრებლების ინფორმაციით, ტერიტორია, სადაც სამუშაო მიმდინარეობს, ძირითადად საძოვრებს და რამდენიმე მოსახლის ბაღს ესაზღვრება.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი თხრილები ერთი თვის წინ საოკუპაციო ძალებმა კასპის და ქარელის რაიონებში რამდენიმე მონაკვეთზე გაავლეს. დე ფაქტო მთავრობის ინფორმაციით, თხრილები ხანძრისგან დაცვას ისახავს მიზნად.
დე ფაქტო მთავრობის განმარტების არ სჯერა ოფიციალურ თბილისს. ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო თხრილები, ფაქტობრივად, ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელებაა, - განაცხადა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
"სოფელ არცევთან დაკავშირებით გააქტიურებულია ცხელი ხაზი, მაქვს კომუნიკაცია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან და შესაბამის უწყებებთან, ასევე ჟენევის თანათავმჯდომარეებთან. ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები, ფაქტობრივად, არის ე.წ. ბორდერიზაციის პროცესის გაგრძელება და ერთ-ერთი ფორმა იმ ბარიკადებისა, რომლებიც წლების განმავლობაში ივლებოდა. ეს ხდება იმ დროს, როდესაც არცევისა და მიმდებარე სოფლების მოსახლეობა პირიქით ითხოვს, რომ მიეცეთ შესაძლებლობა საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადაადგილებისა. უმჯობესი იქნება, გადაიდგას მოსახლეობის ინტერესების შემხვედრი ნაბიჯები და არა ამის საპირისპირო," - განაცხადა ციხელაშვილმა.
ვახტანგ მაისაიას აზრით, ეს ძალის დემონსტრირებაა.
"როგორც ჩანს, რუსები გადავიდნენ მეორე ფაზაზე და ხსნიან მორიგ ფრონტს აფხაზეთის მიმართულებით. ამის პარალელურად, როგორც ცნობილია, ბელარუსში რუსეთი ფართომასშტაბიან წვრთნებს ატარებს. საუბარია ათასამდე სამხედრო მოსამსახურეზე. ასეთი ფართომასშტაბიანი წვრთნები, მგონი, აქამდე არც ჩატარებულა. ეს არის ძალის დემონსტრირება როგორც დასავლეთის, ისე სამხრეთის მიმართულებით", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას მაისაია.
"სამხედრო სწავლებას ორი მიზანი აქვს: პირველი, საბრძოლო მომზადების დონის ამაღლება, მეორე - ძალის დემონსტრირება. ორთავესთან გვაქვს საქმე," - ამბობს ბრიგადის გენერალი ამირან სალუქვაძე.
"რუსები რასაც აკეთებენ, ყველაფრის ერთმანეთთან დაკავშირება შეიძლება, რადგან გეგმურად მოქმედებენ საკუთარი დოქტრინებისა და კონცეფციების შესაბამისად. ბელარუსთან ერთობლივი სწავლება, ასევე ცალკე რუსული სწავლება პერმანენტულად ტარდება. ეს თხრილებიც ხანძრამდე დაიწყეს და მიჰყვებიან საკუთარი მიზნების განხორციელებას," - უთხრა სალუქვაძემ "რეზონანსს".