თვითმმართველობის არჩევნებამდე 2 თვით ადრე ოპოზიციურ სპექტრში ახალი კონფიგურაციები ყალიბდება. პოლიტიკური პარტიები კოალიციის შექმნასა თუ გაერთიანებას კიდევ ერთხელ ცდილობენ. მათ მცდელობას პოლიტოლოგები კვლავაც სკეპტიკურად უყურებენ, მაგრამ აღნიშნავენ, რომ იზრდება მეორე ტურის ალბათობა, რამაც შესაძლოა, სერიოზული პრობლემები შეუქმნას სახელისუფლებო კანდიდატს.
აღსანიშნავია, რომ ოთხმა ოპოზიციურმა პარტიამ - "ახალი საქართველო", "ახალი ერთობა საქართველოსთვის", "ევროპელი დემოკრატები" და პოლიტიკური გაერთიანება "სამოქალაქო ალიანსი თავისუფლებისთვის" - გაერთიანების გადაწყვეტილება მიიღო.
ახალი ოპოზიციური გაერთიანება პროდასავლურ ოპოზიციურ პოლიტიკურ ძალებს, საზოგადოებრივ ორგანიზაციებსა და საზოგადოების აქტიურ წევრებს გაერთიანებისა და პრაიმერის გზით მერობისა და საკრებულოს საერთო კანდიდატების არჩევისკენ მოუწოდებს.
ცალკე კიდევ ერთი კოალიცია შექმნეს "დემოკრატიულმა მოძრაობამ" და "თავისუფალმა საქართველომ" და მერობის ერთიან კანდიდატად კახა კუკავა წარადგინეს.
აღსანიშნავია, რომ მოლაპარაკება მიმდინარეობდა "პატრიოტთა ალიანსთან", თუმცა შემდეგ გადაიფიქრეს და პარტიამ დამოუკიდებლად წარადგინა ირმა ინაშვილის კანდიდატურა.
ბურჯანაძის თქმით, ოპოზიციამ ვერ მოახერხა გაერთიანება საერთო კანდიდატის გარშემო და ყველა მათგანმა საკუთარი კანდიდატი დაასახელა. თუმცა თვითონ ერთობლივ კანდიდატს დაასახელებენ და მათი ერთობა ღია იქნება სხვა პარტიებისათვის, გარდა "ნაციონალური მოძრაობისა" და "ქართული ოცნებისა".
"ჩვენ გვაქვს ამოცანა, რომ ჩვენს ამომრჩეველს შევთავაზოთ რეალური არჩევანი. დღემდე საქართველოში წარმოდგენილი ყველა პარტია არის ერთი და იმავე იდეოლოგიის. ლიბერალური პარტიები წარმოაჩენენ ყველაფერს ეროვნულს, როგორც ჩამორჩენილს და ცდილობენ მის მარგინალიზაციას უკანასკნელი ორი ათეული წლის განმავლობაში. ჩვენ შევეცდებით, საზოგადოებას შევთავაზოთ თანამედროვე ტიპის ეროვნული ძალა, ეროვნული პროგრამით, რომ ჩვენს ამომრჩეველს ჰქონდეს რეალური არჩევანი, არა ლიბერალურსა და ლიბერალურს შორის, არამედ ლიბერალურ და ეროვნულ პოლიტიკურ ძალებს შორის," - განაცხადა კუკავამ.
ოპოზიციურ სპექტრში მიმდინარე პროცესებს სკეპტიკურად უყურებენ პოლიტოლოგები.
"ეს გაერთიანებები უფრო პასიურ დატვირთვას ატარებს და არ ემსახურება ელექტორატის მოზიდვას. მთელი ოპოზიციის პოლიტიკური პერსპექტივა ძალიან ბუნდოვანი რჩება, ბევრს ვერაფერს მატებენ ერთმანეთს. ძალიან მცირე სეგმენტს იყოფენ და არითმეტიკული ჯამიც არ გამოდის ხშირ შემთხვევაში. ერთადერთი პლუსი ის არის, რომ გაერთიანების რაღაც ილუზია იქმნება და მეტი არაფერი. ამას თვალყურს არ ვადევნებ და არა მგონია, რომ პოლიტიკურად საინტერესო იყოს", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი.
მისივე თქმით, ინაშვილის შემოსვლამ ამ ველზე მეორე ტურის ალბათობა გაზარდა, რაც შესაძლოა, ხელისუფლებას სერიოზულ პრობლემად ექცეს.
"დღეს არჩევნების მეორე ტურის ალბათობა არის მაღალი და ინაშვილის შემოსვლამ ამ ველზე კიდევ უფრო გააძლიერა. კუკავას ფაქტორიც ეხმარება ამ ყველაფერს და მეორე ტურის ალბათობა, დღეის მდგომარეობით, ძალიან გაზრდილია. მაგრამ ეს არ არის პარტიების გაერთიანების შედეგი. ეს არის იმის შედეგი, რომ თბილისის მოსახლეობა დაიღალა ცუდსა და უარესს შორის არჩევანისგან. ისინი ეძებენ მესამე არჩევანს. ვერ პოულობენ ასეთს, რომ მთლიანად მასზე გადაერთონ, ამიტომ მათი ხმები ნაწილდება ოპოზიციურ პარტიებზე.
"ქართულ ოცნებას" ორპოლუსიანობა არ გამოუვიდა და კარგავენ ამომრჩეველს. მათი რაოდენობა კი კრიტიკულზე მეტია. პირველ ტურში ხელისუფლების გამარჯვება ძალიან სერიოზული კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. ბუნებრივია, პირველ ადგილზე გავა ხელისუფლების კანდიდატი, აი, მეორე ადგილზე გასულმა თუ მოახერხა მთელი ოპოზიციური ელექტორატის მობილიზება, მაშინ ხელისუფლებას შეიძლება სერიოზული პრობლემა შეექმნას", - გვითხრა ხუხაშვილმა.
ოპოზიციის მცდელობას მიესალმება ვახტანგ ძაბირაძე, თუმცა ექნება თუ არა ამ კონფიგურაციებს რამე შედეგი, ამასთან დაკავშირებით ჯერჯერობით უჭირს პროგნოზი.
"არჩევნების შემდეგ ისეთი ვითარება შეიქმნა, რომ პროდასავლური ძალების პარტია მთლიანად განადგურდა. დაიწყო პარტიების დაშლა და, ბუნებრივია, რომ ახალი კონფიგურაცია უნდა შექმნილიყო.
"პარტიები რომ ერთიანდებიან, ეს პროგნოზირებადი იყო. 3%-იანი პარტიების დრო უკვე წავიდა.
"როგორც ჩანს, პარტიები აცნობიერებენ, რომ მხოლოდ ბარიერი კი არ უნდა გადალახონ, არამედ აუცილებელია ხელისუფლების დამარცხება და იწყებენ გამსხვილებას, რაც მისასლმებელია, ჩემი აზრით.
"მაგრამ სანამ საბოლოოდ არ გამოიკვეთება ერთი და მეორე ძალაც, მანამდე ძნელია რაიმე კონკრეტულის თქმა და მით უმეტეს შანსებზე საუბარი," - გვითხრა ძაბირაძემ.