ბორჯომის სტიქიის მეოთხე დღეს სპეციალისტები უკვე დივერსიაზეც ალაპარაკდნენ. თუ მანამდე ხანძრის გამომწვევ მიზეზად მხოლოდ საქართველოში ტყეების მასობრივი ხმობა სახელდებოდა, ტყეში ნაპოვმა ბენზინით სავსე 20-ლიტრიანმა ბიდონმა ცეცხლის ლოკალიზების გართულების ახალი ვერსია გააჩინა.
ცეცხლის ჩაქრობის პროცესში რამდენიმე ადგილობრივმა ბენზინით სავსე 20-ლიტრიან ბიდონს მიაგნო და შესაბამის უწყებებსაც შეატყობინა. როგორც შსს-ში აცხადებენ, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება უკვე დაწყებულია.
დამსვენებლების ინფორმაციით, ამ ფაქტის შემდეგ საპატრულო პოლიცია ბორჯომის ხეობაში მოქალაქეებს ამოწმებს.
მათი თქმით, მოწმდება ყველა, ვინც 18 აგვისტოს შემდეგ ბორჯომის ხეობაშია, ითხოვენ პირადობებს, ნომრებს და ინფორმაციას სამუშაო ადგილებზე.
ამასთან დაკავშირებით შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა, რომ ვინც ინტერესის ობიექტია, საგამოძიებო მოქმედებები ყველასთან მიმდინარეობს.
"გამოძიების ფარგლებში მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები. ვერ დავადასტურებ, რომ ყველა დამსვენებელს იბარებენ და კითხავენ, თუმცა ვინც ინტერესის ობიექტია, ყველასთან მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები," - განაცხადა შს მინისტრმა.
რაც შეეხება ამ დროისთვის არსებულ მდგომარეობას, გუშინ ღამით ვერტმფრენებმა ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაო დილამდე შეაჩერეს, თუმცა მეხანძრეები, მოხალისეები და მძიმე ტექნიკა მუშაობას მთელი ღამის განმავლობაში გააგრძელებენ.
სულ ბორჯომის ხეობაში 6 ვერტმფრენი მუშაობდა. ქართულთან ერთად, ესენი იყო თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბელარუსის ვერტმფრენები. განსაკუთრებით კარგი შედეგი აჩვენა ბელარუსის ვერტმფრენმა.
"ბელარუსის მხარის მიერ გამოგზავნილი ვერტმფრენი არის ძალიან დიდი. მას სჭირდება განსაკუთრებული პირობები წყლის ასაღებად და ხაშურში, მთებში, ტბიდან იღებს წყალს. საათში დაახლოებით 2-3-ჯერ ასხამს წყალს ხანძარზე, მაგრამ იმდენად ეფექტურია მისი მუშაობა, რომელ ობიექტზეც იმუშავა, იქ ხანძარი, პრაქტიკულად, ლიკვიდირებულია," - განაცხადა შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა.
განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრ ზურაბ ალავიძის ინფორმაციით, ბორჯომოს ხეობაში ყველაზე რთული კერა წაღვერის თავზეა.
"საღამოს მდგომარეობა ასეთია: მთაში ისევ ძლიერი ქარია და ცეცხლს მიმართულებას უცვლის. ძალიან რთული კერა გვაქვს წაღვერის თავზე. იქ გაგზავნილია 20 ერთეული მძიმე ტექნიკა და ამავე რაოდენობის სახანძრო და სატვირთო მანქანები, ასევე ცოცხალი ძალა. არ უნდა გავრცელდეს ხანძარი ტყის ახალ მასივებზე, თორემ ძალიან დიდი პრობლემები შეგვექმნება. ამიტომ პრევენციას ვახდენთ.
"ამ ეტაპზე სიტუაცია კონტროლირებადია იმ კუთხით, რომ მოსახლეობას არანაირი საფრთხე არ ემუქრება. ვიმუშავებთ მთელი ღამის განმავლობაში. რამდენიმე საათში ჩატარდება შემაჯამებელი თათბირი და დავგეგმავთ, ღამე როგორ უნდა ვიმუშაოთ. მთელი ღამის განმავლობაში ტექნიკა და ცოცხალი ძალა იმუშავებს შეუჩერებლად. ვერტმფრენები ღამე ვერ მუშაობენ და წავიდნენ დისლოკაციის ადგილზე. ის კერები, რომელსაც ხედავთ, საშიში არ არის. ქვემოთ თუ ჩამოვა, საკმაო ძალა გვაქვს იმისთვის, რომ შევაჩეროთ და გზაზე და მოსახლეობაზე არ გადავიდეს," - განაცხადა ალავიძემ.
შს მინისტრ მღებრიშვილის განცხადებით კი, სალიკვიდაციო სამუშაოებს ამ ეტაპზე ქარი ართულებს.
"დილით განვაცხადე, რომ იყო იდეალური ამინდი იმისთვის, რათა ცეცხლის ლოკალიზაცია მოგვეხერხებინა, მაგრამ ქარის გარეშე დაახლოებით სამი საათით მუშაობის საშუალება მოგვეცა. 10:00 საათზე ამოვარდა ძლიერი ქარი. ახლა გვაქვს ის მოცემულობა, რომ ასეთი ძლიერი ქარი არც გუშინ და არც გუშინწინ ყოფილა, რაც ძალიან ართულებს ხანძრის ქრობის პროცესს. მიუხედავად ამისა, ჩვენ მთელი ძალებით ჩართულები ვართ ხანძრის ლოკალიზაციის პროცესში," - განუცხადა მღებრიშვილმა "იმედს".
"ყველა კერაზე ვმუშაობთ, მიუხედავად გართულებული მეტეოროლოგიური პირობებისა. ძალიან ძლიერი ქარია, ასეთი ქარი არც გუშინ და არც გუშინწინ არ ყოფილა. ინტენსიურად ვმუშაობთ და ვფიქრობ, რომ შედეგს აუცილებლად მივიღებთ," - განაცხადა გუშინ მღებრიშვილმა.
აღსანიშნავია, რომ სტიქიის ლოკალიზაციის პროცესში ცეცხლი ხელმეორედ სოფელ დაბის მიმდებარე ფერდობებს გაუჩნდა, რაზეც შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტში აცხადებენ, რომ ხელმეორედ აალება ქარმა გამოიწვია.
რაც შეეხება ატენის ხეობაში გაჩენილ ხანძარს, აქ ცეცხლი ლიკვიდირებულია, ბორჯომში კი რთულ კერად წაღვერისა და ტიმოთესუბნის ქედი ისევ რჩება.
ეკოლოგების შეფასებით, ხანძრის შედეგად ბუნებისთვის მიყენებული ზარალი კატასტროფულია, რაც შემდგომ სავალალო შედეგებს გამოიწვევს.
ამ დროისთვის ხანძრის შედეგად დაშავებული არავინაა.
ხანძრის გამომწვევ მიზეზებში სპეციალისტები დაუსჯელობის სინდრომსაც ასახელებენ. მათი თქმით, ამ მიმართულებით საქართველოში გამოძიება თითქმის არ ტარდება მაშინ, როდესაც ხანძრის შეგნებულად თუ დაუდევრობით გაჩენა შესაბამის სამართლებრივ პასუხისგებლობას ითვალისწინებს. ისინი ამბობენ, რომ ამ დრომდე არ არსებობს პრეცედენტი, ცეცხლის გაჩენისთვის საქართველოში ვინმე დასჯილიყოს.