(რეზონანსი) საქართველოს თავდაცვის მინისტრი ლევან იზორია და გენერალური შტაბის უფროსი ვლადიმერ ჩაჩიბაია ატენის ხეობაში ჩავიდნენ, სადაც სამხედრო მოსამსახურეები ხანძრის შემდეგ მონიტორინგს ახორციელებენ.
თავდაცვის მინისტრმა სოფელ ზემო ბოშურის ტყეში ლოკალიზებული ხანძრის ის ადგილები მოინახულა, სადაც ორი დღის წინ I ქვეითი ბრიგადის სამხედრო მოსამსახურეებმა სალიკვიდაციო სამუშაოები ჩაატარეს.
იზორიას გადაწყვეტილებით, სამხედრო მოსამსახურეები პრევენციის მიზნით ატენის ხეობაში რამდენიმე დღე დარჩებიან.
„ჩვენ გადაწყვეტილება მივიღეთ, რომ სამხედრო მოსამსახურეების ადგილზე ყოფნა გავახანგრძლივოთ, რათა შესაძლო საფრთხეები თავიდან აცილებული და მინიმუმამდე დაყვანილი იყოს. საგანგებო შტაბის გადაწყვეტილების ფარგლებში, შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობა და შესაბამისი ტექნიკა სრულ მზადყოფნაშია, რომ საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე საჭიროების შემთხვევაში მთელი ძალებით ჩავერთოთ ", - ამბობს იზორია.
მინისტრმა ბოლოს ჯარისკაცებს გაწუელი სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.