(რეზონანსი) „ნაციონალური მოძრაობის" თბილისის მერობის კანდიდატი ზაალ უდუმაშვილი დამოუკიდებელ კანდიდატს, ალეკო ელისაშვილს დახმარებას სთავაზობს.
როგორც უდუმაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, "ნაციონალური მოძრაობა" მზად არის ალეკო ელისაშვილის დასახმარებლად უმოკლეს ვადაში 10 000 ხელმოწერა შეაგროვოს.
უდუმაშვილმა აღნიშნა, რომ ელისაშვილის თანხმობის შემთხვევაში მისი შტაბი ხვალ დილიდან მხარდამჭრების მობილიზებას დაიწყებს.
"დღეს გავრცელდა ინფორმაცია ერთ-ერთი ოპოზიოციური კანდიდატისგან, ალეკო ელისაშვილისგან, საიდანაც ირკვევა, რომ ხელისუფლება საარჩევნო მანიპულაციებით ცდილობს მის არჩევნებში მონაწილეობას სერიოზული პრობლემები შეუქმნას. საუბარია ანონსში შეტანილ ცვლილებებზე, რომლის მიხედვით ალეკო ელისაშვილი ვალდებულია ერთი კვირის განმავლობაში 10 000 ხელმოწერა წარადგინოს.
„მე ვაცხადებ, რომ ჩემი და ჩემი გუნდის მთავარი ამოცანაა ოქტომბერში თბილისში „ქართული ოცნება" დავასრულოთ. ამისთვის კი აუცილებელია ქვეყანაში სამართლიანი და კონკურენტუნარიანი არჩევნები ჩავატაროთ. შესაბამისად, მე ალეკო ელისაშვილს მთელი რესურსით სრულ დახმარებას ვთავაზობ, რაც გულისხმობს იმას, რომ ჩვენ მზად ვართ უმოკლეს ვადაში 10 000 ხელმოწერა შევაგროვოთ და მისი თანხმობის შემთხვევაში ჩვენი შტაბი ხვალ დილიდან მხარდამჭერების მობილიზება სდაიწყებს. ყველა პროდასავლურ კანდიდატს იგივეს მოვუწოდებ. შეგახსენებთ, ამ არჩევნებში ჩვენი მთავარი მიზანია თბილისიდან "ქართული ოცნება" ერთად გავისტუმროთ, - განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
გეტყვით, რომ თბილისის მერობის დამოუკიდებელი კანდიდატი ალეკო ელისაშვილის განცხადებით, ცესკომ მერობის კანდიდატად რეგისტრაციისთვის 10 000 ამომრჩევლის ხელმოწერის შეგროვებას სთხოვს.