"დივერსია რომ ყოფილიყო, იქ საწვავით სავსე ავზს არავინ დატოვებდა"
ია აბულაშვილი
25.08.2017

უკვე ერთი კვირაა, ბორჯომის ხეობაში ტყის ხანძარს აქრობენ. როგორც სპეციალისტები ამბობენ, ცეცხლის ჩაქრობას ხელს რთული რელიეფი და მეტეოროლოგიური პირობები უშლის. დაახლოებით ბოლო ორი კვირის მონაცემებით, საქართველოს ტერიტორიაზე 20-მდე ხანძრის შემთხვევა დაფიქსირდა.

ხანძრის გამომწვევ მიზეზებსა და იმაზე, თუ როგორ შეიძლება თავიდან ავიცილოთ მსგავსი შემთხვევები, "რეზონანსი" "მწვანეთა პარტიის" ლიდერს, პარლამენტის წევრ გია გაჩეჩილაძეს გაესაუბრა.

"რეზონანსი": თითქმის ყოველდღე შემზარავი ინფორმაცია ვრცელდება, ბოლო რამდენიმე დღეა, საქართველოში არ დარჩა კუთხე, ხანძარი რომ არ გაჩენილიყო, მაინც რა არის მიზეზი?

 გია გაჩეჩილაძე: ხანძარი - ეს არის განსაკუთრებული მოვლენა საქართველოში და ხანძრის შემთხვევები ხშირია სწორედ ზაფხულის პერიოდში, ტემპერატურა იმატებს და ნიადაგიც გამომშრალია.

თუ სტატისტიკას გადავხედავთ, მაგალითად შარშან, 2016 წელს, 43 შემთხვევა იყო, 2015 წელს - 62 შემთხვევა და 169 ჰექტარი შეეწირა ხანძარს. ტყეში გაჩენილ ხანძრებზე არის საუბარი და არა საერთოდ ხანძრების რაოდენობაზე სხვადასხვა ადგილზე, შენობებზე და ა.შ. ოფიციალური მონაცემებით, 2013 წელს 281 ხანძრის შემთხვევა იყო.

2006 წელს კატასტროფული ხანძარი იყო აბასთუმანში, 16 აგვისტოს დაიწყო და 500 ჰექტარი დაიწვა. მაშინაც საქართველოს ხანძრის ჩაქრობაში ბევრი ქვეყანა დაეხმარა, მათ შორის - თურქეთი, უკრაინა. 2010 წელს 21 შემხთვევა იყო და ხანძრის შედეგად 371 ჰექტარი ტყე დაიწვა. 2010 წელს ბორჯომის ხეობაში გაჩნდა ხანძარი და მაშინაც ქარი უშლიდა ხელს ხანძრის ჩაქრობას.

ყველაზე კატასროფული მდგომარეობა კი იყო 2008 წელს, რუსების მიერ ჩადენილი დანაშაულის გამო საქართველოში სულ ათას ასი ჰექტარი ტყე დაიწვა, აქედან 250 ჰექტარი - ბორჯომში და 125 ჰექტარი - ატენის ხეობაში.  

ოთხი დღე იწვოდა ბორჯომის ხეობაში ტყის საფარი, რეაგირება მაშინვე არ მოხდა. მესმის, რომ ომი და უბედურება იყო. 

ამ სტატისტიკის თანახმად, შეიძლება ითქვას, რომ რაც ახლა ხდება, ანუ წელს ხანძრები, რაოდენობის კუთხით, წინა წლებთან შედარებით, დიდი მასშტაბის არ არის.

"რ": შესაძლოა, რომ ხანძარი დივერსიით იყო გამოწვეული, ამ ბოლო დღეებში აქტიურად მუსირებს ეს მოსაზრება...

გ.გ: ვფიქრობ, რომ აქ დივერსია არაფერ შუაშია. დივერსია რომ ყოფილიყო, იქ საწვავით სავსე ავზს არავინ დატოვებდა. ზაფხულის პერიოდში ტემპერატურა იმატებს, ნიადაგი გამომშრალია.

ბოლო წლებში საერთოდ კლიმატური პირობები ძალიან შეიცვალა. წლების მანძილზე ტემპერატურა იმატებს, ხშირია გვალვა. მაგალითად, თუ ადრე გვალვის ხანგრძლივობა 52 დღე იყო, ახლა 72 დღე გრძელდება.  

დასასრული

მიზეზი არის ასევე ადამიანების დაუდევრობა. ჩვენი ტერიტორიის 40% ტყეა. ტყის ნაპირას სოფლებია განლაგებული. არ შეიძლება ტყეში კოცონის დანთება და მერე მიტოვება ან ნამწვავის გადაგდება და ა.შ. თანაც, როცა ტემპერატურა საშუალოზე გაცილებით მაღალია და ნიადაგიც გამომშრალია.  

ამიტომ ვფიქრობ, საჭიროა საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, რომ მსგავსი ქცევებით არ გაანადგურონ ჩვენი ბუნება.

ჩვენი მეხრანძრეების გმირობითა და მათი შემწეობით ხდება ამ ხანძრების ლოკალიზება. იცით, რა პირობებში უხდებათ მათ ცეცხლის ჩაქრობა? როცა ტყე იწვის, მაშინ იქ ტემპერატურა 700 გრადუსია, აი, ასეთი რისკის ქვეშ აყენებენ საკუთარ სიცოცხლეს მეხანძრეები, საქართველოს ეს უნიკალური ბუნება რომ გადაარჩინონ.

"რ": გამოსავალს რაში ხედავთ?

გ.გ: მოგახსენეთ, საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება, რადგან ასეთი შემთხვევები ძირითადად ადამიანების დაუდევრობით ხდება. რაც შეეხება ტექნიკურ საშუალებებს, ამჯერად კი გვაქვს ერთი ვერტმფრენი, მაგრამ კარგი იქნება, თუ კიდევ დაემატება. ვფიქრობ, ტექნიკური საშუალებები არის შესაძენი.  

გარდა ამისა, უნდა განხორციელდეს მონიტორინგი, არის ასეთი პატარა ვერტმფრენები - "დრონი". კარგი იქნება, ზაფხულის პერიოდში დაურიგონ რეგიონულ სამსახურებს, ამით უფრო გაადვილდება საქმე, წინასწარ მოხდება ტერიტორიების დათვალიერება, დაფიქსირდება ხანძრის კერები და ჩაქრობაც ადვილად მოხდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×