გია ხუხაშვილს მასობრივი ხანძრების მიზეზად კლიმატური ფაქტორები მიაჩნია
თიკო ოსმანოვა
25.08.2017

"რუსეთი არის იმპერია, ძალიან პრაგმატული და სახიფათო. ემოციებით ის არ მოქმედებს, არც შურისძიებისა და თითის ჩვენების პრინციპით. ის თუ რამე ოპერაციას იწყებს, ამას აქვს თავისი ამოცანები, მიზნები და გათვლილია გარკვეულ შედეგზე. 

"ეს ხანძარი, დავუშვათ, რომ ამ ომის ნაწილია. ჩემთვის გაუგებარია, რაზე შეიძლება ყოფილიყო გათვლილი", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი, რომელსაც საქართველოში გახშირებულ ხაძრებზე გავესაუბრეთ.

 გია ხუხაშვილი: არაფრის გამორიცხვა არ შეიძლება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დრამატულად განვითარდა მოვლენები, ვფიქრობ, რომ ამას კლიმატური ახსნა აქვს.

რაც შეეხება საინფორმაციო შეფუთვას, ეს მაქსიმალურად დრამატულია და, რა თქმა უნდა, ათასი თეორიის განვითარების საშუალებას იძლევა. 

"მე პირადად არ მგონია, რომ რამე დივერსიასთან გვქონდეს საქმე - გამომდინარე იმ გამოცდილებიდან, რაც მთელ მსოფლიოში გვაქვს, იმავე ევროპაში, შეერთებული შტატებსა და სხვა ქვეყნებში. თუ მოვიძიებთ ინფორმაციას, ვნახავთ, რომ საკმაოდ გახშირებულია და უფრო დიდი მასშტაბის ხანძრები ხდება.  

"ყველაფერი არის გამოძიების საგანი, გამოსარიცხი არაფერია, მაგრამ მე პირდადად არ ვფიქრობ, რომ რამე დივერსიასთან გვაქვს საქმე.

"რეზონანსი": მაშინ რას იტყვით 20-ლიტრიანი ნავთის ავზსა და "მოლოტოვის" კოქტეილზე, რომელიც შემთხვევის ადგილზე აღმოაჩინეს?

გ.ხ: ამის აღმოჩენა საინფორმაციო ხანძარზე შეკეთებას ჰგავს. ამას ძალიან სკეპტიკურად ვუყურებ. ნავთი შეიძლება, ვიღაცას შეეტანა ტყეში მწვადის შესაწვავად.

გამოძიებას აღარავინ ელოდება, ზოგი რუსეთს აბრალებს, ზოგი - "ქართულ ოცნებას" და კიდევ სხვა.

თუ ჩვენ გადავხედავთ სტატისტიკას და ვნახავთ, რა ხდებოდა ამ ან წინა ზაფხულს ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში - დავინახავთ, რომ ასეთი დრამატული და ცუდი განვითარება სხვაგანაც მრავლად არის.

კატეგორიული არ ვარ, ვერაფერს გამოვრიცხავ - დივერსია არ მგონია, თუმცა გამოძიება მაინც უნდა შედგეს.

დასასრული

"რ": გამოძიების იმედი თუ გაქვთ?

გ.ხ: არ ვიცი, რა გითხრათ. მე პირადად არ მგონია, რომ აქ შეგნებულად ხდებოდეს ხანძრები. აქედან გამომდინარე, გამოძიებისგან რისი იმედი უნდა მქონდეს?! 

კალისტრის პატრონი შეიძლება იპოვონ და შესაძლოა, აღმოჩნდეს ერთი ჩვეულებრივი ბორჯომელი ან ის, ვინც იპოვა, თავად აღმოჩნდეს ამის პატრონი. არ არის გამორიცხული, ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ.

ეს ყველაფერი არის საინფორმაციო შეფუთვა, ზაფხულია, ნიუსების ნაკლებობაა და ყველა მიდრეკილები ვართ შეთქმულების თეორიისკენ.

ფაქტი ერთია, უკვე მეორე თვეა, თბილისში არ უწვიმია, არის ანომალიური სიცხე და ამ დროს ასეთი რაღაც ყოველთვის შეიძლება მოხდეს. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, არ ვარ კატეგორიული.

"რ": სწორად მოიქცა თუ არა ხელისუფლება, რუსეთისგან დახმარება რომ არ მიიღო?

გ.ხ: მოვლენების განვითარებამ როგორც აჩვენა, ამის საჭიროება მაინცდამაინც არ იყო. ის, რაც მივიღეთ, უკვე სავსებით საკმარისი იყო, დამატებითი ძალების ჩართვა აღარ იყო საჭირო.

რაც შეეხება პრინციპულ პოზიციას, ვფიქრობ, რომ ჩვენ და ნებისმიერმა საზოგადოებამ უნდა შეძლოს ჰუმანიტარული და სამხედრო პოლიტიკური საკითხების ერთმანეთისგან გამიჯვნა.

ანტიკურ ნაწარმოებშიც ამოვიკითხავთ, რომ გაგანია ომის დროს მხარეები რაღაცაზე თანხმდებოდნენ. ასე რომ, ჩვენ უნდა ვისწავლოთ მტერთანაც კი ჰუმანიტარულ საკითხებში რაღაც ტიპის თანამშრომლობა, მაგრამ ეს არ ნიშნავს კოლაბორაციონალიზმს.

ასეთი რაღაცები ხდება. ისრაელი გაგანია ომის დროს პალესტინას საწვავსა და სხვა საჭირო ნივთებს აწვდიდა.

"რ": თუმცა საუბარია კონკრეტულად იმ ტერორიაზე, რომელიც 2008 წელს რუსეთმა გადაწვა...

გ.ხ: ეს ყველაფერი არის სიმბოლიკა. არ ვიცი, გამოძიებით არის თუ არა დადგენილი, რომ ვინმემ რამე გადაგვიწვა, მაგრამ რუსეთისგან რომ ყველაფერია მოსალოდნელი, ამაში ეჭვი არ გვეპარება. 

თუმცა, ასეთი ტიპის ტექნოლოგიები - ტყის გადაწვა, როგორც ომის შემადგენელი ნაწილი, არა მგონია, სერიოზული სამხედრო, რაღაც ტაქტიკური მოქმედებები იყოს. მით უმეტეს, მიზანი აბსოლუტურად გაუგებარი და გაურკვეველია.

რუსეთი არის იმპერია, ძალიან პრაგმატული და სახიფათო. ემოციებით ის არ მოქმედებს, არც შურიძიებისა და თითის ჩვენების პრინციპით. ის თუ რამე ოპერაციას იწყებს, იმას აქვს თავისი ამოცანები, მიზნები და გათვლილია გარკვეულ შედეგზე. 

"ეს ხანძარი, დავუშვათ, რომ ამ ომის ნაწილია, ჩემთვის გაუგებარია, რაზე შეიძლება ყოფილიყო გათვლილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×