რას უკავშირდება რუსეთის წვრთნები ბელორუსიასა და საქართველოში
თიკო ოსმანოვა
25.08.2017

რუსეთმა ბელორუსიასა და საქართველოში მორიგი სამხედრო წვრთნები დაიწყო. პოლიტოლოგთა შეფასებით, ჩრდილოელი მეზობელი ფრონტის ახალ ხაზს ხსნის და საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობს.

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ამ კონტექსტში მას ცოტა რამ შეუძლია, მისივე თქმით, სამხედრო თავდასხმის დაწყება აშშ-ისა და რუსეთის ურთიერთობაზეა დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მორიგი წვრთნები გუშინ მთავარი მაგისტრალიდან 400 მეტრში დაიწყეს.

 სწავლებაში ჩართულია ზუ-23-2-ის ტიპის ბუქსირებადი 23 მმ-იანი საზენიტო დანადგარები და გადასატანი საზენიტო რაკეტები "იგლა". "იგლას" სითბური თავაკის დამიზნებისთვის სავარაუდოდ მთის წვერზე რუსმა სამხედროებმა ცეცხლი დაანთეს.

მთაზე არსებულ სხვადასხვა მიზანს ესროდნენ ზუ-23-ებითაც. შედეგად იქ არსებულ ტყის მასივს ცეცხლი გაუჩნდა, თუმცა მისი ლოკალიზება მალევე მოხდა.

ექსპერტების შეფასებით, რუსეთი ფრონტის ახალ ხაზს ხსნის და საკუთარი ძალის დემონსტრირებას ცდილობს. პოლიტოლოგ გია ხუხაშვილის თქმით, ეს არის გლობალური პოლიტიკის ნაწილი და საქართველოს როლი ძალიან მიზერულია.

"რუსეთის გააქტიურებას ვუკავშირებ იმ ვითარებას, რაც ხდება გლობალურ პოლიტიკაში. ფრონტის ხაზის გატარება ხდება დასავლეთსა და რუსეთს შორის და ეს ფრონტის ხაზი გადის საქართველოზეც. ჩვენ ვაქტიურობთ დასავლეთის მხრივ და რუსეთი აქტიურობს, როგორც შეუძლია.

"ის, რაც ცხინვალში ხდება, არ არის ქართული კონტექსტი. ეს არის გლობალური პოლიტიკის მანევრების ნაწილი. ეს არის გაფრთხილება დასავლეთის მიმართულებით. თუმცა ჯერჯერობით სამხედრო თავდასხმას არ ველოდები, ეს დამოკიდებულია, თუ როგორ განვითარდება ურთიერთობა შერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის.

ეს დიდი კონტექსტია, ჩვენზე აქ ძალიან ცოტაა დამოკიდებული. თუ ესკალაცია შეერთებულ შტატებსა და რუსეთს შორის გაგრძელდა, სად როდის იფეთქებს - საქართველოში, უკრაინაში, ბალტიისპირეთში, სირიაში ან კიდევ სადმე, ძნელი სათქმელია", - ამბობს "რეზონანსთან" საუბრისას ხუხაშვილი.

წვრთნებით რუსეთი ძალის დემონსტრირებას რომ ცდილობს, ასე პოლიტოლოგი ნიკა ჩიტაძეც ფიქრობს. თუმცა ამ ეტაპზე, რომელიმე ქვეყანასთან რუსეთის მხრიდან სამხედრო თავდასხმის განხორციელებას არ ელოდება.

"საქართველოს ტერიტორიაზე წვრთნების ჩატარებას რაც შეეხება, გეტყვით, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის, ამას რუსეთი ყოველწლიურად ახორციელებს. ამის მიზანია გარკვეულწილად ძალის დემონსტრირება, რომ პანიკაში ამყოფოს ქართული საზოგადოება.

"გარდა ამისა, საქართველოში ტურისტული სეზონი გრძელდება და რუსეთის მიზანია, ხელი შეუშალოს ამას. მით უმეტეს, რომ რუსეთის ტურისტულმა სააგენტომ დღეს გაავრცელა განცხადება და თავის მოქალაქეებს საქართველოში ჩამოსვლისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. 

"აქედან გამომდინარე, დიდი ალბათობა არსებობს, რომ რუსეთი ახორციელებს დივერსიას იმავე ბორჯომის ხეობაში ტყეებისა და სავაჭრო ცენტრების დაწვასთან დაკავშირებით", - გვითხრა ნიკა ჩიტაძემ.

მისივე თქმით, რუსეთმა სტრატეგია შეცვალა და ახლა რბილი ძალის გამოყენებით ებრძვის უკრაინასა და საქართველოს.

"ბელორუსიას რაც შეეხება, ვიცით, რომ ამ ქვეყანას ესაზღვრება ნატო-ს წევრი ქვეყნები ლიტვა და პოლონეთი. რუსეთის ამ კონკრეტულ შემთხვევაში ცდილობს, ძალის დემონსტრირება მოახდინოს ნატო-ს საზღვრის სიახლოვეს. ეს არის იმის პასუხი, რომ ნატო-მ გაზარდა სამხედრო კონტინგენტი პოლონეთსა და ბალტისპირეთში.

"თუმცა ამ შემთხვევაში გამორიცხულია, წვრთნების შემდეგ, ლიტვაზე ან პოლონეთზე რამე თავდასხმა განახორციელოს, რუსეთი აცნობიერებს, რომ ეს ქვეყნები არიან ნატო-ს წევრები. 

"უკრაინისა და საქართველოს შემთხვევაში კი სხვა ვითარებასთან ჰქონდა საქმე - ესენი არ არიან ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრები. 

"თუმცა, არა მგონია, რუსეთმა უკრაინაზე ან საქართველოზე თავდასხმა განახორციელოს. ტაქტიკა შეცვლა და ამ ქვეყნების დასუსტებას ცდილობს და ამისთვის აქტიურად პროპაგანდას - რბილ ძალას იყენებს", - განაცხადა ჩიტაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×