ბორჯომი, ატენი, წყალტუბო, ჟინვალი, თიანეთი, ლაგოდეხი, წეროვანი, ანდაქის ხეობა, ფშავი, მესტია, ბოდბიხევი, პანკისი, მთაწმინდა, გლდანი, ვარკეთილი, - ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საქართველოს თითქმის ყველა რეგიონში ხანძარია. უსაფრთხოების ექსპერტები "რეზონანსთან" საუბრისას დივერსიაზე მიანიშნებენ და შესაძლო ავტორსაც ასახელებენ.
აღსანიშნავია, რომ ტყის მასივებში ხანძარი მოულოდნელად და ძირითადად საღამოს საათებში ჩნდება.
შეგახსნებთ იმასაც, რომ ბორჯომის ტყეში 20-ლიტრიანი ბენზინის ბიდონი და "მოლოტოვის კოქტეილის" მსგავსი ნივთი იპოვეს, რაზეც გამოძიება უკვე დაწყებულია.
საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ხანძრებამდე რამდენიმე დღით ადრე სამაჩაბლოს საოკუპაციო საზღვართან ხანძარსაწინააღმდეგო ხნულები გაივლო.
ბრიგადის გენერალი, ანალიტიკოსი სამხედრო-პოლიტიკურ და უსაფრთხოების საკითხებში ამირან სალუქვაძე ამბობს, რომ თუ ადგილი ჰქონდა დივერსიას, აქ შესაძლოა, სამ ვარიანტთან გვქონდეს საქმე:
"გამორიცხული არაფერია. რა თქმა უნდა, არსებობს მეტეოვითარება, კონკრეტული ტემპერატურული რეჟიმი, როცა ხელსაყრელი პირობებია ხანძრის გასაჩენად როგორც ტყეებში, ასევე მინდვრებში.
"ასეთი მაგალითი უამრავია მთელ მსოფლიოში, განსაკუთრებით იმ ქვეყნებში, სადაც ხშირია ასეთი ხანძრები. ვგულისხმობ ესპანეთს, პორტუგალიას, საბერძნეთს და ა.შ. რუსეთშიც ყოველწლიურად პარალელურად რამდენიმე რეგიონში არის ხოლმე ტყის მასივებზე მოდებული ხანძარი და ათასობით ჰექტარი ტყე ნადგურდება.
"მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ დივერსია უნდა გამოვრიცხოთ. სხვათა შორის, დივერსია შესაძლოა, იყოს წინასწარ დაგეგმილი, ასევე კონკრეტულ ვითარებაში, როცა ბუნებრივად გაჩნდა ხანძარი, შეაფასეს ვითარება და შემდეგ ჩაიფიქრეს ხელისუფლებისთვის ახალი პრობლემების შექმნა.
"თუ ადგილი ჰქონდა დივერსიას, აქ შესაძლოა სამ ვარიანტთან გვქონდეს საქმე: ა) გარე ძალების განხორციელებული, ბ) გარე ძალების დაკვეთით, გ) შიდა ძალების დაკვეთით", - აცხადებს ამირან სალუქვაძე და აღნიშნავს, რომ ყველა შემთხვევაში გამოძიებას უნდა დაველოდოთ.
"უზარმაზარი სამუშაო იქნება ჩასატარებელი ექსპერტ-კრიმინალისტების, მეხანძრეებისა და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ სიმართლის დასადგენად", - აღნიშნავს ანალიტიკოსი.
ექსპერტი უსაფრთხოების საკითხებში ვახტანგ მაისაია ამბობს, რომ საქართევლოში სხვა წლებთან შედარებით უფრო მაღალი ტემპერატურა იყო, რაც შესაძლოა ხანძრის მთავარი გამომწვევი პირობა ყოფილიყო, თუმცა, არსებობს გარემოებები, რომლებიც გარკვეულ ეჭვებს ბადებს.
"ყველა ხანძარზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ რამდენიმეზე დივერსიის ელემენტები სავსებით შესაძლებელია. მაგალითად, ბორჯომის ხეობაში რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ხანძარი ადრეც გააჩინეს.
"ამას ემატება ის, რომ იქ აღმოაჩინეს ბენზინის ბიდონი და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის ტიპის ელემენტი, ხოლო, შსს ეძებს გარკვეულ ტურისტებს.
"როგორც ჩანს, გამოძიებისთვის დივერსია ერთ-ერთი მთავარი ვერსიაა. თანაც, ხანძრები ისეთ ადგილებზეა გაჩაღებული, რომლებსაც გააჩნია არა მხოლოდ ეკოლოგიური და რეკრეაციული, არამედ გეოსტრატეგიული მნიშვნელობაც.
"ბორჯომის ხეობა არის ის მთავარი მონაკვეთი, რომლის დაკავების შემთხვევაშიც, მოწინააღმდეგეს შეუძლია საქართველოს ტერიტორია მთლიანად გაყოს აღმოსავლეთ და დასავლეთ ნაწილებად. შესაბამისად, ეს კიდევ უფრო გაუადვილებს საოკუპაციო გეგმის მოკლე ვადაში შესრულებას", - ამბობს ვახტანგ მაისაია.
მისი ვარაუდით, ხანძრების გაჩენას ძალიან საეჭვოდ დაემთხვა გალისა და ორჭოსანის მიმართულებით რუსული ძალების გააქტიურება, სადაც მათ სამხედრო წვრთნები დაიწყეს.
როგორც მაისაია აღნიშნავს, ასევე დაანონსებულია საოკუპაციო პროცესი და ე.წ. თხრილების გაყვანა, რაც ძალიან ბევრ კითხვას ბადებს.
"რუსებმა სამხედრო მდგომარეობაში მოიყვანეს თავისი ელიტარული ნაწილები, ესენია 33-ე და 34-ე სამთო-მოიერიშე ბრიგადები.
"თუ საუბარია დივერსიაზე და ამ მდგომარეობას კარგად გავაანალიზებთ, ამის შესაძლებლობა რუსულ ძალას ნამდვილად გააჩნია. იმიტომ, რომ საქართველოს უშუალო სიახლოვეს დგას რუსული ჯარი, ვგულისხმობ ყაბარდო-ბალყარეთს.
"ასევე, 58-ე და 49-ე არმიის შემადგენლობაში მოქმედებს ორი პროფესიულ დონეზე გაწვრთნილი მოტომსროლელი ბრიგადა, რომლებსაც სწორედ სიღრმისეული საბრძოლო მოქმედებების განხორციელება ევალება.
"საუბარია 33-ე და 34-ე ბრიგადებზე, რომლებიც უშუალოდ პრეზიდენტ პუტინის მიერაა შექმნილი ჯერ კიდევ 2006 წელს, აგვისტოს ომში ამ ბრიგადების მოქმედება დაფარული და გასაიდუმლოებულია.
"მაგრამ ისინი ყველა ვარიანტში მიიღებდნენ მონაწილეობას აგვისტოს ომში, რადგან აღნიშნული ბრიგადები გათვლილი იყო სწორედ მთიანი რელიეფის პირობებში ბროლისთვის. ასევე, მათ უნდა ეწარმოებინათ სიღრმისეული სადაზვერვო დივერსიული ოპერაციები მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე.
"ანალოგიური მომზადება აქვთ გავლილი კადიროვის შეიარაღებული ნაწილების გასამხედროებულ ფორმირებებსაც, რომლებიც ასეთივე მიზნებისთვის მზადდება.
"ასევე გამოირჩევა რუსეთის სამხედრო დაზვერვის მეორე მთავარი სამმართველოს დაქვემდებარებული ორი ბრიგადა, რომლებიც დისლოცირებული არიან კრასნოდარისა და სტავროპოლის ტერიტორიაზე და უშუალოდ მოსკოვს ექვემდებარებიან.
"ამიტომ, ამ ფონზეც თავისუფლად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთის შეიარაღებულ ძალებს გააჩნიათ ისეთი ჯგუფები, რომელთა წევრებსაც შეეძლოთ ტურისტების სახით შემოსულიყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე და განეხორციელებიათ ასეთი ტიპის ქმედება, თუნდაც, საწვრთნელი დავალებების შესრულების კუთხით.
"იმიტომ, რომ როდესაც ბორჯომში 2008 წლის აგვისტოში მოხდა თვითმფრინავების მიერ ამავე ტერიტორიის გადაწვა, აქ არავინ მიაქცია ყურადღება იმას, რომ რუსულ სამხედრო თვითმფრინავებს ჰქონდათ კონკრეტული დანიშნულება, თუ სად უნდა გაეჩინათ ხანძარი.
"ანუ, იმ რაიონში წინასწარ უკვე მოქმედებდნენ კოორდინატორები, რომლებმაც იცოდნენ, სად უფრო მარტივია აალება, ცეცხლი რა მიმართულებით წავა და ამ ინფორამციას აწვდიდნენ მფრინავებს. ეს ის ხანძარი იყო, რომელიც მაშინდელმა ხელისუფელბამ დაახლოებით, თვე-ნახევრის განმავლობაში ვერ ჩააქრო", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, აქ ასევე საეჭვოა ის ფაქტი, რომ კერის ჩაქრობის შემდეგ, მოგვიანებით ისევ აალება ხდება.
"შეიძლება ვთქვათ, რომ ასეთი რამ დასაშვებია მაგალითად, ურალში, სადაც ხეების შემჭიდროვება არსებობს, გაუვალობის დიდი ეფექტია და სწრაფი გავცელების დიდი ალბათობაა.
"ჩვენს ტყეებს ასეთი შემჭიდროვება არ გააჩნია, ამიტომ ამის ასე უცებ აალება და გავრცელება რომ ბუნებრივი იყოს, ცოტა საეჭვოა. ვფიქრობ, ცეცხლის ხელმეორედ აალებასაც ჰქონდა გარკვეული მიზნობრივი ტენდენციები", - აცხადებს მაისაია. ის არ გამორიცხავს, რომ აქ სწორედ სიღრმისეული დაზვერვის ან დივერსიული ჯგუფი მოქმედებდეს.
"რუსული 33-ე და 34-ე ბრიგადების მებრძოლებს საქართველოს ტერირტორიაზე შემოსვლა და მერე დატოვება ყოველგვარი კვალის გარეშე თავისუფლად შეეძლოთ. იმ ფონზე, რომ ჩვენ სასაზღვრო სისტემებისა და სამხედრ პოსტების ამარა ვართ, მათთვის ეს ძალიან მარტივი იყო", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.
მისი თქმით, ნამდვილად დივერსია იყო თუ არა, ეს გამოძიებამ უნდა დადგინოს, თუმცა თუ ამ ვარიანტს განვიხილავთ, ამის უკან 4 ამოცანა შეიძლება იდგეს:
"1. გამოეცადათ, თუ როგორ იმოქმედებს საქართველოს მთავრობა კრიზისების პერიოდში; 2. სამხედო კუთხით მოსამზადებელი ეტაპი იყოს; 3. ამის მიზანი წინასაარჩევნო ვითარებაში პოლიტიკური მუხტის აწევა და დესტაბილიზაციის მოხდენა იყოს; 4. შეიძლება ეს ყოფილიყო საწვრთნელი დავალება იმ შენაერთებისთვის, რომლებსაც ასეთი ოპერაციების წარმოება ევალება, რადგან, როგორც მოგახსენეთ, რუსეთს თავისი ძალები მობილიზებული ჰყავს", - აცხადებს ვახტანგ მაისაია.